ამსტერდამის დიდ პრიზი: ჰოლანდიური წილისყრის სიმძიმე

AutoSharing Option
დღეს ამსტერდამში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი (+100) იასპარეზებენ.

დღეს მჩატე წონების - 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი ხვალ ჩაებმებიან ორთაბრძოლებში. შეგახსენებთ, რომ ესეც სალიცენზიო რანგის ტურნირია, სადაც ჩემპიონს 200 ქულა დაერიცხება, ვერცხლის მედალოსანს - 120, ბრინჯაოს პრიზიორს - 80, მეხუთეადგილოსანს - 40.

ამ რანგის
შეჯიბრებებში მეშვიდე ადგილი არ თამაშდება - მეოთხედფინალში წაგებული მეხუთეზე რჩება (შესაბამისად, ორის ნაცვლად ოთხ მეხუთეს ვიღებთ), ქულებს კი 1/16-ფინალში (24), 1/32-ფინალში (16) გასული და იქამდელ ეტაპზე (თუ ასეთიც იქნა - ეს დამოკიდებულია მონაწილეთა სიმრავლეზე) თუნდაც ერთი შეხვედრის მომგებნი 8 ქულას მიიღებენ. სალიცენზიო რეიტინგის გათვალისწინებით, ყველაზე კარგი მდგომარეობა 60, 90 და 100 კილოგრამებში გვაქვს, სადაც თითქმის განაღდებულია საგზურები.

81-სა და მძიმეში სალიცენზიო 22-კაციან სიაში შევდივართ, თუმცა მეორე ნახევარში ვართ და აქ ქულები კვლავაც მნიშვნელოვანია, ყველაზე მეტად კი 66-73-ში გვიჭირს. აქ 22-იან სიაში ვერ ვხდებით და ისევ ევროპული კვოტების იმედად ვრჩებით. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ კვოტით ქვეყანას მხოლოდ ერთ საგზურს აძლევენ და არა ერთზე მეტს. ეს რომ არა, ევროპულ სიაში მოხვედრის შანსი ორივეგან მართლაც რეალურია - წონაში 2-2 ქვეყანას ეძლევა.

საქართველოს ტელევიზიის მეორე არხი ნახევარფინალური ეტაპიდან პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ამსტერდამული შეჯიბრების შემდეგ გუნდის ნაწილი ტოკიოში გაემგზავრება ერთობლივ ვარჯიშებზე, მაგრამ ნაკრების ავსტრიელ თავკაც პეტერ ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, იქ მხოლოდ პაპინაშვილი, ტატალაშვილი, ჭრიკიშვილი, გუჯეჯიანი და მწვრთნელის სტატუსით ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური წავლენ.

გუშინდელი კენჭისყრით, პაპინაშვილს თავიდან სუსტი მეტოქე ერგო - დომინიკელი ვანდერ მატეო, რომელთან მოგებაც არ უნდა გაუჭირდეს, ამ შემთხვევაში კი მეორე წრეში ფინელ ვალტერ იოკინენსა და ამერიკელ ნიკოლას კოსორის შორის მოგებულს დაეჭიდება. ფინელს ჩვენებურმა წლეულს ორჯერ მოუგო და მასთან მხოლოდ ერთხელ დამარცხებულა - შორეულ 2008-ში, ამერიკელს კი არ შეხვედრია. თუმცა ამათზე უფრო სერიოზული სავარაუდო მეტოქე, ვფიქრობთ, მეოთხედფინალში ელოდება ფრანგ ევროპის ჩემპიონ სოფიან მილუს სახით - გვეეჭვება, ფრანგი ბრიტანელმა ეშლი მაკენზიმ, უნგრელმა ლასლო ბურიანიმ და მით უფრო, ალბანელმა დორიან ლაფტიუმ შეაჩეროს.

შეგახსენებთ, რომ პაპინაშვილმა მილუს წლეულს ევროპის ჩემპიონატზე აჯობა. ჩვენებურს ფორტუნამ ჯგუფში იაპონელი, რუსი, ბრაზილიელი და ამ დონის ძლიერი მეტოქეები კი აარიდა, მაგრამ მთლიანობაში, დიდადაც არ გაუმართლა, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო მეზობელ ჯგუფში ისეთი მეტოქეები მოხვდნენ. ვფიქრობთ, იქ ჯგუფიდან გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინელთა ქართველ ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიასა და ბრაზილიელი ფელიპე კიტადაის შორის გაიმართება, თუმცა აქ ჩეხი, მონღოლი და ყაზახიც ანგარიშგასაწევნი არიან.

შავდათუაშვილი ტურნირს უკრაინელ სერგეი დრებოტთან შეხვედრით იწყებს, მასთან მოგების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, 20 და 23-წლიანებში ევროპის პოლონელ მედალოსან პაველ ზაგროდნიკს დაეჭიდება - ალბათ, მანამდე მას არ გაუჭირდება საუდის არაბეთის წარმომადგენელ სულიმან ჰამადის დამარცხება. ბადის ამ მხარეს მეოთხედფინალამდე ჩვენებურის ყველაზე სერიოზული კონკურენტი სლოვენიელი ევროპის პრიზიორი როკ დრაკშიჩი ჩანს.

საკმაოდ რთულ მეტოქეთა ბადეში გაიხლართა ტატალაშვილი - პირველ წრეში მონღოლი ოდბაიარ განბაატარი, მას თუ მოუგებს და - გერმანელი კრისფტოფ ვიოლეკი, ვისთანაც ცოტა ხნის წინ აბუ დაბის "დიდ პრიზზე" დამარცხდა. ცოტა იქით - რუსი მურატ კოძოკოვი, ვისთანაც ასევე წაგებული აქვს. ამათ გარდა - ძლიერი ფრანგი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი უგო ლეგრანი, ჩვენებურებისთვის უხერხული თურქი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი სეზერ ჰიუზუსი და სხვა...

ჭრიკიშვილს თავიდან ჰყავს შედარებით უცნობი კონკურენტი - სერბი მიროიუბ ივეზიჩი, თორემ მას თუ მოუგო, უმალვე იტალიელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფრანჩესკო ბრიუერე ელოდება, ამ ბარიერსაც თუ გადალახავს ალბათ ჰოლანდიელ მსოფლიოს ჩემპიონ ხიიომ ელმონტს შეხვდება, ვისაც მანამდე სენეგალელი ჰყავს მეტოქედ. ჩამოთვლილებიც საკმარისია, თუმცა მეოთხედფინალამდე სავარაუდო შემხვედრთა შორის ერთსაც დავასახელებთ - რუს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ივან ნიფონტოვს.

ლიპარტელიანს ჯგუფში არ ჰყავს ძლიერი კონკურენტები - ჯერ ყაზახ ალექსანდრ კასაჩევს ხვდება, მასთან მოგების შემთხვევაში - გერმანელ კრისტოფ ლამბერტს. ყაზახი არაა წონის ლიდერი, თუმცა ჩვენებურმა მასთან ბაქოს "დიდ პრიზზე" წააგო, ლამბერტს კი სამჯერ შეხვედრია და ყველა მოუგია. ამავე ჯგუფშია რუსი კირილ ვოპროსოვი, რომელთანაც თითო მოგება-წაგება აქვს, 23-წლიანებში პოლონელი ევროპის ჩემპიონი კშიშტოფ ვეგლარცი (ამასთან ყველა - ოთხივე შეხვედრა მოგებული აქვს), უკრაინელი ევროპის სამგზის გამარჯვებული ვალენტინ გრეკოვი (ამასთანაც 1:1 ბალანსი აქვს) და ბრიტანელი მეთიუ პურსიე, ვინც ლიპარტელიანმა შარშან ევროპის ჩემპიონატზე დაამარცხა. ვფიქრობთ, ჩვენებურს ამ ჯგუფიდან გასვლა ხელეწიფება, ნახევარფინალში კი, შეიძლება ისევ შვედი მარკუს ნიმანი შეხვდეს, ვისთანაც შარშანვე ევროპის პირველობის ფინალში დამარცხდა.

ჟორჟოლიანი და ცირეკიძე ჯგუფებში წარმატებით თუ გამოვლენ, ქართულ ნახევარფინალს ვიხილავთ, რადგან მეზობელ ჯგუფებში მოხვდნენ. ჟორჟოლიანი თავიდან უცნობ მასპინძელ ბერენდ როორდას ხვდება, ამათში მოგებული კი ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონ ლუსიანო კორეასა და ებრაელ ორ სასონს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ცირეკიძის პირველი მეტოქე ლატვიელი ვიქტორ რესკოა, ხოლო თუ მოუგებს, ჰოლანდიელ მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ ხენკ ხროლსა და უკრაინელ არტემ ბლოშენკოს შორის მოგებულს დაეჭიდება. უნდა ითქვას, რომ ცირეკიძე ოდნავ უფრო ძლიერ ჯგუფში მოხვდა.

გუჯეჯიანი მეტოქე მასზე ბევრად ზორბა პოლონელი ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი იანუშ ვოინაროვიჩი იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული - ჰოლანდიელ ხრიმ ვუიჯსტერსსა და ყაზახ იერზან შინკიევს შორის მოგებულს შეხვდება. პოლონელი გუჯეჯიანს თავის საუკეთესო წლებში ბევრჯერა დაუმარცხებია. ხანჯალიაშვილს რუსი ანდრეი ვოლკოვი ერგო, ვისთანაც 2 მოგება და 1 წაგება აქვს. ამ წყვილში მოგებულს, სავარაუდოდ, იაპონელი კაზუჰიკო ტაკაჰაში შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული