თუმცა ამ მშრალი ფაქტების მიღმა ძალიან კარგი ჭიდაობა და ძლიერ მეტოქეებთან ძლევამოსილი მოგებები იმალება - პაპინაშვილმა წლეულს
პაპინაშვილი ამ ეტაპისთვის ძალიან კარგ ფორმაშია - ფიზიკურადაც, ტექნიკურადაც და ტატამზეც აზრიანად ირჯება. მან ამსტერდამში ფინალამდე ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო. თან ისეთ მეტოქეებთან, სტატისტიკა რომ არა, პირველივე წრეში დომინიკელ ვანდერ მატეოსთან წმინდა გამარჯვება სახსენებელიც არაა. ჩვენებურს დიდი წინააღდეგობა ვერც იოკინენმა გაუწია, ფრანგი და მონღოლი კი მის ფონზე კიდევ უფრო უსუსურები გამოჩნდნენ.
მილუს პაპინაშვილმა ევროპის ჩემპიონატზეც მოუგო, ახლა კი ორი ვაზარი და შუალედში იუკო აუღო. თან სამივე შემთხვევაში ილეთი იმდენად იოლად შეასრულა, თითქოს ეზოში ბავშვებთან ღლაბუცობდა, ხოლო მონღოლი (მას მაისში ბაქოს "დიდი პრიზის" ფინალში აჯობა) ქრესტომათიულ ბრუნზე გაისროლა.
მისასალმებელია, ასე თავისუფლად რომ აკეთებს ქულებს, თუმცა ამსტერდამში მაინც მონღოლურ ბარიერთან წაიფორხილა - ფინალში ტუმურკულეგ დავაადორჯთან წააგო.
იქაც ვაზარ-იუკოთი დაწინაურდა, მაგრამ მან სიფრთხილეც მოუდუნა, ალბათ, შეტევის აზარტმაც გაიტაცა და ანგარიშის შენარჩუნების ნაცვლად ბოლო წუთზე ვაზარ-იპონი გაუშვა. ამ ვერცხლისთვის ჩვენებურმა 120 ქულა მიიღო. ამის გათვალისწინებით უკვე 788 ქულა გაუხდა, რითაც მსოფლიოს რეიტინგში რუს ბესლან მუდრანოვს გაუსწრო (ის მესამეზე გავიდა) და მეშვიდედან მეექვსეზე გადავიდა, ხოლო სალიცენზიო ჩათვლაში მეხუთეა - წინ მდგომთაგან რუსეთს და იაპონიას 2-2 კაცი ჰყავთ.
ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი შავდათუაშვილი პირველად ჭიდაობდა ამ რანგის შეჯიბრებაზე და უკრაინელ სერგეი დრებოტს იუკო-გაფრთხილებებით მოუგო. იგი პოლონელ პაველ ზაგროდნიკთან დამარცხდა, თუმცა სალიცენზიო რეიტინგში პირად ანგარიშს მაინც გახსნის - 24 ქულა დაერიცხება.
ტატალაშვილი ვოელკთან წლეულს დამარცხდა აბუ დაბის "დიდ პრიზზე", კოძოკოვთან - შარშან წააგო ტუნისში იმავე რანგის შეჯიბრებაზე, ახლა კი ორივეს ერთად გაუსწორა ანგარიში. გერმანელს გაფრთხილებებით მოუგო, რუსი კი ჩინებული მოგვერდით დააიპონა. თუმცა იქამდე ბეწვის ხიდზე იარა - ლამის მთელი შეხვედრა ორი გაფრთხილებით აგებდა, მაგრამ მსაჯმა ბოლო წუთზე რუსიც გააფრთხილა მეორედ და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა როგორც მერე გაირკვა, ეს არც ყოფილა მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენებურმა დამთავრებამდე 11 წამით ადრე მიითვალა იპონი.
პირველ შეხვედრაში მან მონღოლი ოლდბაიარ განბაატარი დაჯაბნა, კოძოკოვთან მოგების შემდეგ კი ფრანგ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ უგო ლეგრანთან იუკოთი წააგო. მთლიანობაში საკმაოდ შემართებით იჭიდავა და ყველა შეხვედრაში წმინდა გდება თუ ვერ გააკეთა, მეტოქეების მიღებული გაფრთხილებები მის აქტიურობაზე ნამდვილად მეტყველებს.
შაბათს "ქართული ანსამბლიდან" ამოვარდნილი მხოლოდ თენგიზ პაპოშვილი (73) აღმოჩნდა - პირველ წრეში ქვედა წონიდან ამონაცვლებულ სერბ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მილოშ მიიალკოვიჩს გაფრთხილებებით მოუგო, მაგრამ მომდევნო შეხვედრა პოლონელ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ კშიშტოფ ვილკომირსკისთან ვაზარით დათმო.
ასპარეზობის ბოლო დღე ჩვენი ძიუდოისტებისთვის, ფაქტობრივად, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ვარლამ ლიპარტელიანის მოკრძალებულ V ადგილსა და 40 სალიცენზიო ქულას.
გუშინ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა სტარტზე ყაზახ ალექსანდრ კოსაჩევს ვაზარით მოუგო, შემდეგ გერმანელი კრისტოფერ ლამბერტი 3 წუთში დაჯაბნა. მეოთხედფინალში კი რუს კირილ ვოპროსოვთან 4 წუთსა და 13 წამში იპონით დამარცხდა, არადა, შეხვედრას იუკოთი იგებდა.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) პირველ ორთაბრძოლაში სერბ მიროლიუბ ივეზიჩის ვაზარითა და იუკოთი აჯობა, ხოლო იტალიელ ფრანჩესკო ბრუერს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 3 წუთსა და 57 წამში დანებდა მეტოქეს.
100 კილოში საქართველოს ნაკრებს ორი მონაწილე ჰყავდა: ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ ლატვიელი ვიქტორ რესკო მე-3-ე წუთზე კი ჩამოიცილა გზიდან, თუმცა თავად მასპინძელ ჰენკ ხროლს ვერ გასცდა - 3 წუთსა და 38 წამში იპონით წააგო.
ლევან ჟორჟოლიანი პირველსავე წრეში დაემშვიდობა დიდი პრიზის გათამაშებას - ჰოლანდიელმა ბერენდ რუურდამ იუკოთი აჯობა.
მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი პირველ წრეში თავისუფალი იყვნენ, მეორე კი ვერც ერთმა ვერ გადალახა - ხანჯალიაშვილი 57-ე წამზე დამარცხდა რუს ანდრეი ვოლკოვთან, ხოლო გუჯეჯიანმა პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან პაექრობა გონგამდე 45 წამით ადრე დათმო.
კვარცხლბეკი. ვაჟები
60 კგ. 1. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი), 2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), 3. ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონი (მონღოლეთი), ბესლან მუდრანოვი (რუსეთი).
66 კგ. 1. როკ დრაკშიჩი (სლოვენია), 2. მიარაგშაა სანჯაასურენი, 3. ცაგანბაატარ ხაშბაატარი (ორივე - მონღოლეთი), ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია).
73 კგ. 1. დექს ელმონტი (ჰოლანდია), 2. მანსურ ისაევი (რუსეთი), 3. უგო ლეგრანი (საფრანგეთი), კიოში უემაცუ (ესპანეთი), 5. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო).
81 კგ. 1. ალამ შმიტი (საფრანგეთი), 2. ალჯაზ სედეჯი (სლოვენია), 3.საფუან ატაფი (მაროკო), ივან ნიფონტოვი (რუსეთი).
90 კგ. 1. ტიაგო კამილო (ბრაზილია), 2. კირილ ვოპროსოვი (რუსეთი), 3. დავიდ ალარზა (ესპანეთი), მარკუს ნიმანი (შვედეთი)... 5. ვარლამ ლიპარტელიანი.
100 კგ. 1. ჰენკ ხროლი (ჰოლანდია), 2. მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი), 3. რამადან დარვიში (ეგვიპტე), ორ სასონი (ისრაელი).
მძიმე წონა. 1. ანდრეას ტოლცერი (გერმანია), 2. მარიუს პასკევიჩიუსი (ლიტვა), 3. კაზუჰიკო ტაკანაში (იაპონია), ბარნა ბორი (უნგრეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"