ქართულ ძიუდოში უცნაური ამბები ისევ გრძელდება

AutoSharing Option
აქამდე ვიცოდით, რომ 10-11 დეკემბერს ტოკიოში გასამართ ძიგორო კანოს მემორიალზე საქართველოდან ნაკრები გამოვიდოდა, ახლა კი გაირკვა, რომ მხოლოდ ირაკლი ცირეკიძე (100) იჭიდავებს.

მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი მასპინძლებს სპეციალურად მიუწვევიათ. როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, იაპონელებს მოსაწვევი პარიზში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაუციათ, რაც ჩვენებურმა მათი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი დაამარცხა, მოგვიანებით კი ბრინჯაოსაც დაეუფლა.

ძიუდოს ფუძემდებელ კანოს ტურნირზე მონაწილეთა პერსონალურად მიწვევა ახალი არაა და ეს არც გვიკვირს, მაგრამ ჩვენები ბოლო წლებში იქ ლამის ყოველთვის მთლიანი გუნდით ასპარეზობდნენ. თუმცა ჩვენი
გაკვირვება იმან გამოიწვია, რომ ფედერაციას აქამდე არ გაუმხელია, რომ ამჯერად იქ მხოლოდ ერთი კაცით გამოვიდოდით.

მართალია, შემადგენლობა ოფიციალურად არც დაუსახელებიათ, მაგრამ ლაპარაკი ყოველთვის გუნდზე იყო და არა კონკრეტულ მონაწილეზე. მეტიც, წინა კვირას ფედერაციაში მისულმა ეს წინასწარი შემადგენლობა ვითხოვე, რაზეც უარი არ უთქვამთ, თუმცა ბოლოს ერთმანეთში მოილაპარაკეს, ჯერ ამსტერდამის ტურნირს დაველოდოთ, რადგან ერთი შეჯიბრება განსაზღვრავს მეორის შემადგენლობასო. არც ამაშია გასაკვირი არაფერი და ამიტომ აღარ დამიჟინია წინასწარ გუნდის გაცნობა, თუმცა ფედერაციის მესვეურთ არც მაშინ უთქვამთ, რომ მხოლოდ ცირეკიძე მიდიოდა. დაგვეთანხმებით, უცნაურია, თუ მაშინვე იცოდნენ, რომ მხოლოდ ის წავიდოდა და სხვების გაგზავნა არც იგეგმებოდა, რატომღა ელოდნენ ამსტერდამის ტურნირის შედეგებს?

ერთი სიტყვით, მოვლენებში დასაეჭვებლად სრული საფუძველი გვქონდა და ისიც კი ვიფიქრეთ, რომ ფედერაციას ფინანსები არ აქვს. ისედაც დადის ხმები, რომ სეზონის მიწურულს ეკონომიურად გაუჭირდათ, თუმცა ალექსიძემ ეს ხმები უარყო და გვითხრა, რომ კანოს ტურნირი არც იყო შეტანილი კალენდარში და ამიტომ არ იგეგმებოდა იქ მთლიანი გუნდის გაგზავნაო. თუმცა, აქ უკვე სხვა კითხვები ჩნდება.

საქმე ისაა, რომ ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადს" ერთ კვირაში ჩინეთში არანაკლებ პრესტიჟული სალიცენზიო შეჯიბრება - ქინგდაოს "დიდი პრიზი" მოსდევს.

სამწუხაროდ, მთელ რიგ წონებში სალიცენზიო ქულები ჰაერივით გვჭირდება, რასაც ამ ორ მნიშვნელოვან ტურნირში წარმატებით გამოსვლით სერიოზულად შევივსებდით. თან კანოს შემდეგ იქ ერთობლივი წვრთნები ჩატარდებოდა, ჩვენები იქაც ივარჯიშებდნენ, მერე ჩინეთში გადავიდოდნენ, იჭიდავებდნენ და ერთობლივ შეკრებაზე თუ არ დარჩებოდნენ, მალევე დაბრუნდებოდნენ სამშობლოში.

ერთი სიტყვით, იქ წასვლა ფინანსურადაც მომგებიანი ჩანდა და წმინდა სპორტული კუთხითაც - ფაქტობრივად, ერთი გადაფრენით ორ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაში გამოვიდოდნენ, რითაც ორ სტარტზე წასასვლელად საჭირო ძალიან ბევრ დამატებით ხარჯს აიცილებდნენ თავიდან, ხოლო კარგად ჭიდაობის შემთხვევაში რეიტინგშიც გაიმყარებდნენ პოზიციებს.

ბოლო-ბოლო, უცნაურია - სამოას მსოფლიოს თასზე გამოვიდნენ და კანოს ტურნირზე - არა! იქ გამოუსვლელობა მით უფრო გასაკვირია, რომ ტოკიოში შეკრებაზე ახლაც იმყოფება ჩვენი ნაკრების რამდენიმე წევრი - ამსტერდამიდან პირდაპირ გადაფრინდნენ ამირან პაპინაშვილი (60), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) და ლაშა გუჯეჯიანი (+100) ნაკრების ავსტრიელ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერსა და ზურაბ ზვიადაურთან ერთად.

ისინი ლამის ამ ტურნირის დაწყებამდე რჩებიან ტოკიოში და თუნდაც იმათ მაინც ეჭიდავათ! თუ რატომ აუარა ნაკრებმა გვერდი ორ ასეთ ხელსაყრელ შეჯიბრებას, ამაზე ალექსიძემ გვიპასუხა, რომ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, რაშიც ფედერაცია არ ჩაერია!

ნაკრების თავკაცს მუშაობა რომ უნდა ვაცალოთ, ესეც ჭეშმარიტებაა, მაგრამ ზაიზენბახერის გადაწყვეტილებები უკვე ვიწვნიეთ საკუთარ თავზე და ძალზე ცუდია, მის საქმეებში ფედერაცია ახალც თუ არ ერევა. ალექსიძემ ასევე ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით ახსნა ის, რომ ამჟამად ტოკიოში მხოლოდ ეს ოთხი ძიუდოისტი წაიყვანა და არა სხვებიც. მისი თქმით, მან საჭიროდ მიიჩნია, იაპონიაში ესენი გამოეცადა, სხვებს ევროპაში დააკვირდება (!) და ასე შემდეგ. ესეც ცოტა გვეუცნაურება - ღმერთმა ჰქნას, სხვებს არ სჭირდებოდეთ იაპონიაში შეკრების გავლა, მაგრამ თუ ლაპარაკი იმაზეა, რომ ჩავლებებს ვერ იღებენ სწორად და იაპონურ სტილზე უნდა გადავიდეთ, მაშინ ვგონებთ, სხვებსაც სჭირდებათ "იაპონური გაკვეთილები".

ერთი სიტყვით, ახლანდელი შეკრება ტოკიოში რაღაც უშნოდაა გამოჩხერილი ნაკრების ყოველდღიურობაში - არც გუნდის წევრთა დიდი ნაწილი მონაწილეობს, ხოლო ვინც წასულია, ისინი 3-4 დეკემბერს გასამართ საქართველოს ჩემპიონატსაც გამოაკლდებიან, თუმცა ყველაზე დიდ უცნაურობად ის მიმაჩნია, რომ ვერც მთავარი მწვრთნელი დაესწრება ამ შეჯიბრებას.

ალექსიძემ ისიც განმარტა, რა მიზანს ისახავდა სამოაში წასვლა, რაც ფინანსურად არცთუ იაფი დაჯდებოდა, თუმცა მის პასუხში ახალიც არაფერია, რადგან ამ მიზეზს ქომაგი ისედაც ხვდებოდა. პრეზიდენტის თქმით, იქ წასვლა ტურნირის მოსალოდნელმა სისუსტემ განაპირობა (მით უფრო, ზაიზენბახერი კემპზე იყო მიწვეული), თუმცა უბედურება ისაა, რომ ვერც იმ სუსტ შეჯიბრებაში გამოვედით ხეირიანად - მხოლოდ ბრინჯაოს მედლებსა და 40-40 სარეიტინგო ქულას გამოვრჩით, ამისთვის კი გვიღირდა ჩიტი ბრდღვნად? 73 კილოგრამში კიდევ ჰო - ტატალაშვილმა ცოტათი გაიუმჯობესა მდგომარეობა, მაგრამ ჭრიკიშვილს ბევრი არაფერი შეემატა.

სამწუხაროდ, ასეთ უცნაურობებზე ლაპარაკი კიდევ შეიძლება, მაგრამ დასასრულს ისევ ცირეკიძეს დავუბრუნდეთ - მას იაპონელები საკუთარი ხარჯებით იწვევენ, ამას მხოლოდ ჩასვლა ევალება. კულუარებში იმაზეც ლაპარაკობენ, რომ შეიძლება, ის ტოკიოდან ჩინეთშიც გადავიდეს და იქაურ "დიდ პრიზშიც" მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ იქ სეზონის ბოლო შეჯიბრებაა, 2012 წლის სეზონი კი 14-15 იანვარს ალმატიში გასამართი "მასტერსია", სადაც მონაწილეობას მხოლოდ წონების მიხედვით რეიტინგის 16-16 საუკეთესო ფალავანი მიიღებს. სადღეისოდ ალმატიში წასვლა ჩვენგან გარანტირებლი პაპინაშვილს (60; რეიტინგში VII), ვალერი ლიპარტელიანს (90; IX) და ლომერ ჟორჟოლიანს (100; XII) აქვთ, სხვები კი 16-ეულში ვერ შედიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლეთ საშველი არააა!!! დააბრუნონ ბატონი ხაბარელი და ნაკრებსაც ეშველება!!
busa
11:48 03-12-2011
0
ბატონო ირაკლი,ფედერაციის მხრიდან კომენტარზე ალექსიძესთან რატო მიდიხართ?რატო აწვალებთ ამ კაცს?მაინც ფედერაციის ფაქტობრივ მართველს უნდა შეუთანხმოს პასუხი და არ ჯობია თქვენ პირდაპირ ნაცვლიშვილს კითხოთ?
daviti
22:52 24-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული