კერძოდ, მოსახდენი მოხდა და 66 კილოგრამში სასაგზურე ზონას ყველა პარამეტრით დავშორდით. აქ 22-კაციან სიაში ისეც ვერ ვხდებოდით, მაგრამ დღემდე შევდიოდით ევროპისთვის განკუთვნილ 2-კაციან კვოტაში, ახლა კი იქაც დავკარგეთ ადგილი.
ალბათ, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ამ წონაში ისედაც ერთადერთი კაცის - შალვა ქარდავას იმედად ვიყავით, რომელიც ჯერ დიდი შედეგებით არ გამოირჩევა, გაზრდილი დატვირთვების თუ სხვა მიზეზების გამო კი წელის ტრავმა მიიღო და
ამდენად, ვეღარც ქულებს აგროვებს, მაგრამ აქამდე ინერციით თუ კიდევ ინარჩუნებდა ადგილს საგზურის ზონაში, ახლა იმასაც დაშორდა. მას სწორედ ამსტერდამში მოპოვებული ქულებით გადაუსწრეს ლატვიელმა დენის კოზლოვსმა (16 ქულა) და ებრაელმა გოლან პოლაცკიმ (24).
ქარდავა ამჟამად საერთაშორისო რეიტინგში 200 ქულით 42-ეა, სალიცენზიო სიაში კი ევროპულ კვოტაში მეოთხეზე გადაინაცვლა - ლატვია-ისრაელთან ერთად ჰოლანდიაც გვისწრებს. ისე, ესეც ჩვენი ბედი - ჰოლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული ნაკრებია, მაგრამ მაინცდამაინც აქ აქვთ ჩავარდნა და აქ გვიწევენ კონკურენციას!
კვოტები და რეალობა
ახალ რეიტინგში ჩვენთვის სასიკეთო ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ნუგზარ ტატალაშვილმა (73) სამოა-ჰოლანდიაში შემატებული 40-40 ქულით წინ წაიწია და თუმცა 22 კაცში კვლავაც ვერ შედის, სალიცენზიო რეიტინგში ზუსტად 23-ეა. ახლა მის ანგარიშზე 268 ქულაა, რაც მსოფლიოში 33-ე ადგილს შეესაბამება, თუმცა სალიცენზიო ცხრილში 23-მდე გამოხშირვის წესით აღზევდა (მოგეხსენებათ, იქ ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი კაცი იგულისხმება).
ცხადია, ევროპულ კვოტაში ის პირველია. შეგახსენებთ, რომ ეს კვოტა ყოველ წონაში 2-2 საგზურს ითვალისწინებს იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც 22-კაციან სიაში ვერ ხვდებიან, ოღონდ ესეც ლიმიტირებულია - ერთ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი. ამდენად, ტატალაშვილს ლიცენზიის დაუფლების ჩინებული შანსი მიეცა, თუმცა მაინც სასურველია, ის 22-ში შევიდეს, რაც 66-შიც მოგვცემს საგზური მოპოვების საშუალებას. ოღონდ საამისოდ იქ ქულების დაგროვებაა საჭირო, თორემ ლონდონში სრულყოფილი გუნდი მაინც არ გვეყოლება.
არადა, 66-ში მართლაც მძიმე ვითარებაა შექმნილი. მართალია, ამ წონაში უკვე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს პრიზიორ ლაშა შავდათუაშვილისაც გვეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდაა და უფროსებში გადმოსასვლელად ადაპტაცია სჭირდება. აქ ხომ ყველაფერი განსხვავებულია - გაზრდილია დატვირთვები, საჭიდაო დრო, პაექრობა ხშირად ბევრად უფროსებთან მოუწევს.
ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატება დიდებში წარმატების გარანტია რომ არაა, ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) მაგალითმაც დაადასტურა, რომელიც, ნუ გვიწყენს შავდათუაშვილი და ცოტა უფრო დიდი ტალანტი გვგონია. თუმცა ჭრიკიშვილის მაგალითი ქართული ძიუდოს ძალზე აქტუალურ პრობლემასაც აშიშვლებს - სავარჯიშო პროცესის სწორად დაგეგმვას, რაც დღეს დიდი ხარვეზებით რომ მიმდინარეობს, გუნდის შედეგებიც ადასტურებს.
შავდათუაშვილი ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წარიმართება მისი დატვირთვა ეროვნულ ნაკრებში.
ამასთან, ტაქტიკურად გვარიანი გადაწყობა რომ სჭირდება, ეს ახალგაზრდულ მსოფლიოზე კორეელთან წაგებაშიც გამოჩნდა - რამდენადაც ჩემთვის იმ შეჯიბრებაზე მყოფი ჩვენი მსაჯის, ვლადიმერ ნუცუბიძისგან ვიცი, არბიტრებმა ჩვენებური სწორედ ტაქტიკური ხარვეზებისთვის დასაჯეს, აქაოდა, მეტოქემ მეტი შესვლა გააკეთა და, ამდენად, ეს პასიურობდაო. მსაჯებს ისიც დაუმატებიათ, თქვენებური ძირითადი დროის დამთავრებამდე 12 წამით ადრე რომ არ გავაფრთხილეთ (მაშინ მართლაც აპირებდნენ ამას), მადლობა თქვითო. ცოტა არ იყოს, საკამათო არგუმენტებია - 12 წამით ადრე მართლაც რომ გაეფრთხილებინათ, კიდევ ჰო, კორეელი იმ მომენტში უფრო აქტიური იყო, მაგრამ მოგვიანებით ჩვენებურმა მდგომარეობა გამოასწორა და ადრე თუ დაინდეს, დამატებითში ამისთვის დასჯა, როცა დამნაშავე არ იყო, რა სამართალია! თან მანამდე შესვლები ამანაც ხომ გააკეთა ანუ ერთნიშნად პასიური არ ყოფილა.
თუმცა ჩავლება, ტაქტიკური ჭიდაობა მართლაც რომ დასახვეწია (საერთოდ და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ მაგალითზე), საკამათოც არაა. ბუნებრივია, არ ვამბობ, რომ შავდათუაშვილის იმედი არ უნდა გვქონდეს - პირიქით, მხოლოდ იმის აღნიშვნა გვინდა, რომ მეტისმეტად მძიმე ტვირთის აწევა შეიძლება გაუჭირდეს. ზემოაღნიშნულ საფრთხეებთან ერთად მის სალონდონე შანსებს საფრთხეს ისიც უქადის, რომ ასაკის გამო სალიცენზიო ტურნირებში ჯერ არ უჭიდავია. მან საკუთარი ანგარიში ამსტერდამში გახსნა - 24 ქულა მოიპოვა და საერთაშორისო რეიტინგში ჯერჯერობით 131-ეა.
დადებითს ცუდი სჭარბობს
სამწუხაროდ, ახალ რეიტინგებში ცუდი უფრო მეტია, ვიდრე - დადებითი. 60, 90 და 100 კილოგრამში სალიცენზიო სიებში კვლავაც ვინარჩუნებთ წამყვან პოზიციებს და აქ ოლიმპიური საგზურები განაღდებულია, თუმცა ოფიციალურ დასტურამდე ჯერ სალიცენზიო ციკლის ჩამთავრებაა საჭირო. კიდევ ორ წონაში - 81-სა და მძიმეში ისევ შევდივართ 22-კაციან სიაში, მაგრამ ცხრილის ბოლოსკენ ვართ და ამ ადგილების შესანარჩუნებლადაც დიდი სიფრთხილე გვმართებს. თან ამ წონებში 22-ში მხოლოდ თითო მონაწილე დაგვრჩა, სხვები კი გავარდნენ ზონიდან.
60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილმა ამსტერდამული ვერცხლის შემდეგ 788 ქულა მოაგროვა, რითაც საერთაშორისო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა - მეექვსე ადგილიდან რუსი ბესლან მუდრანოვი ჩამოაქვეითა, სალიცენზიოში კი კვლავაც მეხუთეა. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი 360 ქულით საერთაშორისო სიაში 24-ეა, სალიცენზიოში - მე-20-ე.
ვალერი ლიპარტელიანის (90) ანგარიშზე ამჟამად 746 ქულაა, რაც საერთაშორისო რეიტინგში IX, სალიცენზიოში კი VII ადგილია. სამწუხაროდ, აქ 22-იან სიაში ჩვენგან სხვა ვერავინ შედის.
100-ში ორი წარმომადგენელი გვყავს, ხოლო უკეთეს პოზიციაზე ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანია - 620 ქულა და XII ადგილი საერთაშორისო რეიტინგში, ოლიმპიურში _XI. მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის ანგარიშზე 478 ქულა, რაც მსოფლიოს მასშტაბით წონაში 23-ე შედეგია, ოლიმპიურში - მე-19-ე.
81-ში 22-კაციან სიაში მხოლოდ ჭრიკიშვილი დაგვრჩა 360 ქულით და ასევე მეცხრამეტე ადგილით, თუმცა საერთაშორისოში 28-ზეა.
სამწუხაროდ, სალიცენზიო ზონიდან გავარდა ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაური, რომელიც ახლა 292-ით სალიცენზიო ცხრილში 24-ეა, თუმცა ეს არ იძლევა საგზურს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან ჩასათვლელი ქულა მხოლოდ 4 ტურნირში მიიღო, შედეგად კი საერთაშორისო მასშტაბით 35-ე ადგილამდე დაეშვა.
370, 24 და 17
370 ქულა, 24-ე ადგილი საერთაშორისო სიაში და მე-17 - სალიცენზიოში - ასეთია ზვიად ხანჯალიაშვილის მონაგარი მძიმე წონაში. ადამ ოქრუაშვილი 260-ით მსოფლიოს რეიტინგში 33-მდე კი დაეშვა, თუმცა გამოხშირვის წესით სალიცენზიოში 23-ეა. სასურველია, მანაც შეაღწიოს 22-ში. შეგახსენებთ, ეს რატომაცაა აუცილებელი - ღმერთმა დაიფაროს და საოლიმპიადედ ლიცენზირებული ძიუდოისტი რომ დაგიშავდეს, მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლი, ის სარეზერვოც თუ 22-შია შესული, თორემ საგზურს კარგავ.
ამ ფონზე კიდევ უფრო უცნაურია ნაკრების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ მსოფლიოს პირველობამდე, როცა სალიცენზიო ტურნირებში გამოსვლა იუარა და მთელი აქცენტი მსოფლიოს პირველობაზე გადაიტანა, ახლა კი ისეთ შეჯიბრებებში არ გამოვდივართ, სადაც ბევრი ქულები გაიცემა.
ეტყობა, თავადვე ჩათვალეს უპერსპექტივოდ იმ ძლიერ ტურნირებში მონაწილეობა (მით უფრო, აქცენტი სუსტ სამოას მსოფლიოს თასზე გააკეთეს), ამ შემთხვევაში კი თავისი სათქმელი ფედერაციამ უნდა თქვას - მწვრთნელისთვის კარტ-ბლანშის ასე ულაპარაკოდ მიცემა ქართული ძიუდოსთვის უკვე ძალიან საშიში გახდა. იმდენად სახიფათო, ისედაც ნისლიანი ალბიონის დედაქალაქი, ლონდონი ჩვენთვის კიდევ უფრო დანისლული ჩანს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"