გულწრფელი რჩევები ფედერაციას

AutoSharing Option
არ გეგონოთ, ნაბახუსევი ვიყო ან ცუდი სიზმარი ვნახე - საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ალალად, უანგაროდ მინდა მივაწოდო ზუსტი ცნობები საკუთრივ ფედერაციასა თუ ნაკრებში მიმდინარე მოვლენებზე, თორემ ბოლო დროს იმდენად არარეალურ ინფორმაციებს მაწვდიან, აშკარად არ უნდა იყვნენ საქმის კურსში.

მკითხველს ემახსოვრება ბოლო რამდენიმე წერილი, სადაც ქართულ ძიუდოში მიმდინარე ამბებიდან ბევრი ჩვენც გვიკვირდა, იმდენად ურთიერთგამომრიცხავი რამეები ხდებოდა.

მაგალითად, რატომ არ მონაწილეობდნენ ჩვენები კანოსა და ჩინეთის პრესტიჟულ ტურნირებში, როცა სალიცენზიო ქულები უმეტეს წონებში ჰაერივით გვჭირდება და ეს მაშინ, როცა წავედით სამოაში, ხოლო იაპონიაში ახლაც
იმყოფება გუნდის ნაწილი შეკრებაზე; თუნდაც ამ შეკრებაზე რატომ წავიდა 5 კაცი და არა სხვები... ამის შემხედვარე ისევ ოლიმპიურ კომიტეტს შევეცოდე, ფედერაცია არ გაწვდის ამ ცნობებს თუ რატომ არ ხარ საქმის კურსშიო, მერე კი რაა მაგაში დასამალიო და ნაკრების მთელი მოსამზადებელი გეგმა გადმომცეს ნოემბრიდან ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით და სხვა საინტერესო ამბებზეც ღიად მესაუბრნენ.

მოკლედ, დღეიდან ძიუდოს ფედერაციას თუ დააინტერესებს, ვინ, რომელი სპორტსმენი სად იჭიდავებს, შეუძლია, მომმართოს და მეგობრობის, ამდენწლიანი ურთიერთობის სანაცვლოდ ყველა ინფორმაციას უშურველად მივაწვდი. შეჯიბრება კი არა, შეკრებებზე წამსვლელთა სიასაც გადავცემ - ადგილზე მოწყობილზეც და უცხოეთში დაგეგმილზეც. ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი კრიტიკას იქნებ ბევრ რამეზე იმსახურებს, მაგრამ ქართველ მწვრთნელთა აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, ნაკრების ყველა კანდიდატზე - წონაში 2-2 კაცზე, ზოგან კი 3-ზეც გაუკეთებია ინდივიდუალური გეგმა, რომელიც სეოკ-ში 28 ოქტომბერს აქვს გადაგზავნილი.

მინდა იცოდეს ფედერაციამ, რომ ახლა იაპონიაში შეკრებაზე სრული გუნდის გამოსვლა იმიტომ კი არ გამოირიცხა, რომ თურმე ზაიზენბახერს მოუსურვებია ასე (როგორც მათ მითხრეს), არამედ იმიტომ, რომ ბიუჯეტი ამოიწურა და საჭირო თანხა არ იყო, თორემ იაპონური შეკრება სხვებსაც რომ წაადგებოდათ, ამაზე არავინ კამათობს.

სავარაუდოდ, ასევე უფულობაა მიზეზი კანოსა და ჩინეთში გუნდის გამოუსვლელობისა, თორემ ესეც საჭირო შეჯიბრებებიაო. ეს ორი ტურნირი ზემოაღნიშნულ 28 ოქტომბერს გადაგზავნილ კალენდარში არაა მითითებული - ალბათ, ფული რომ აღარ იყო, იმიტომ, თორემ არა მგონია, წლის დასაწყისშივე ამოეგდოთ ისეთი ძლიერი შეჯიბრება, როგორიც კანოს მემორიალია. მით უფრო, იაპონიაში ისედაც თუ გეგმავდნენ შეკრებაზე წასვლას.

წლის ბოლოა და რაა გასაკვირი იმაში, ფული თუ გათავდაო, მითხრეს, რამაც აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის შარშანდელი საქციელი გამახსენა, როცა დაახლოებით ამავე პერიოდში ოფიციალურად გაავრცელეს განცხადება, ბიუჯეტი უკვე გავხარჯეთ და ამიტომ დარჩენილ შეჯიბრებებში ვეღარ გამოვალთო.

ბიუჯეტი სწორად არ იყო გაწერილი თუ არასწორი ხარჯვის გამო ვერ მიატანა წლის ბოლომდე, ეს ფედერაციამ უკეთ იცის, მაგრამ მაინც მგონია, თავის დროზე თანხებს არ გაუფრთხილდნენ. ძალზე ხშირად კი ვახსენებ იტალიაში გამართულ იმ ათდღიან შეკრებას, მაგრამ იმ ვადებში, ზედ მსოფლიოს წინ იმხელა გადაფრენ-გადმოფრენა (იქვე რომ დარჩენილიყვნენ და რომიდან გადასულიყვნენ პარიზში, სავსებით გასაგები იქნებოდა) რაღაც უადგილო მგონია და მომკალით, იმ ფულით კი ადგილზეც გაივლიდნენ ნაყოფიერ შეკრებას.

ჩვენი რეალობისთვის ასევე ძვირ ფუფუნებად მეჩვენებოდა იმდენი და ისე ხანგრძლივი უცხოური შეკრებებიც, თორემ საჭიროება კი მართლაც არის, თუმცა თავისი საქმისა თითონ იციან, ოღონდ რა დაშავდებოდა, თავშივე ეთქვათ, ბიუჯეტის ამოწურვაზე და არ მოეტანათ თითიდან გამოწოვილი მიზეზები. ჯერ ამსტერდამს დაველოდოთ და მერე გეტყვით კანოზე წამსვლელ გუნდსო, მითხრეს.

არადა, იმ დროს თურმე გადაწყვეტილი ყოფილა, რომ ტოკიოში მარტო ირაკლი ცირეკიძე (100) იჭიდავებდა და რა შუაში იყო იმ შეჯიბრების შედეგები? თუ ფედერაცია ფულის შოვნას და სხვების გაგზავნასაც იმედოვნებდა, ესეც გაემხილათ, რას გვიმალავდნენ -გაგვიხარდებოდა, ხომ არ გვეწყინებოდა?

სხვა საქმეა, თუ ისინი დროს წელავდნენ და უფულობის აღიარების ნაცვლად "მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა", "ამ ვითარებაში ასე ვარჩიეთ" და ამის მსგავსს გვეტყოდნენ - ეს სიმართლისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. შოთა ხაბარელი მსგავსს ნიუანსებს არასოდეს გვიმალავდა და იქნებ იმიტომაც ჰქონდა კარგი შედეგები, ანუ პროცესები გამჭირვალე იყო, მაგრამ ამაზე ფედერაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიპასუხა, ისევ შენით გამოგაქვს დასკვნებიო. ეს ფრაზა სხვა დროსაც მითხრეს რამდენჯერმე, მაგრამ არა მგონია, რამეს ვაშავებდე, ჩემით თუ გამომაქვს დასკვნა და მათ არ ვეკითხები, ხოლო თუ მაინც რამე მიუღებელია ამაში, მზად ვარ, მთელ ფედერაციას მოვუბოდიშო.

ასევე მინდა ფედერაციამ იცოდეს, რომ ცირეკიძე კანოს ტურნირის შემდეგ ჩინეთშიც გადავა და ქალაქ ქინგდაოშიც იასპარეზებს იქაურ "დიდ პრიზზე". ოღონდ ის იაპონიაში თუ იქაურთა პერსონალური მიწვევით მიდის, ჩინეთში საკუთარი ხარჯით გადავა. აქ ცირეკიძის და ფედერაციის ინტერესები სრულად დაემთხვა ერთმანეთს - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი სალიცნზიო 22-კაციან ზონაში კი შედის, მაგრამ იქ მას ლომერ ჟორჟოლიანი უსწრებს.

ცხადია, ლონდონში წასვლის უპირველესი კანდიდატიც ჯერჯერობით ისაა, ცირეკიძის ამოცანა კი მისი გადასწრებაა. ამის შანსს მას იაპონია-ჩინეთში წარმატებით გამოსვლა აძლევს, სადაც ბლომად ქულების დაგროვება შეიძლება.

მათ შორის რაც უფრო ძლიერი კონკურენცია იქნება და ეს, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, ფედერაციასაც სრულიად აძლევს ხელს. თან აზიაში ცირეკიძის კარგი გამოსვლა დიდწილად განსაზღვრავს იანვარ-თებერვალში მის მოსამზადებელ გეგმას - თუ მსოფლიოს რეიტინგის 16 საუკეთესოში შევა, მაშინ 14-15 იანვარს ისიც იჭიდავებს ალმათიში მასტერსის ტურნირზე, სადაც გამოსვლა უკვე განაღდებული აქვთ ამირან პაპინაშვილს (60), ვალერი ლიპარტელიანს (90) და ჟორჟოლიანს.

იქ წასვლა ახალი, ძალზე საინტერესო ეტაპი იქნება მისი და ჟორჟოლიანის კონკურენციაში - არაა გამორიცხული, ერთმანეთსაც შეხვდნენ, რაც ფრიად მნიშვნელოვანი იქნება. არადა, აზიური შეჯიბრებებიდან თუნდაც ერთში წარმატებით ცირეკიძეს 16-ეულში შესვლა ნამდვილად შეუძლია, ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებს და ალმათის საგზურს ვერ მოიპოვებს, მაშინ 28-29 იანვარს თბილისის მსოფლიოს თასზე გამოვა.

შინაურ ტურნირზე ზაიზენბახერი 28-კაციანი ანუ სრული გუნდით გამოსვლას კი გეგმავს, მაგრამ პაპინაშვილს, ლიპარტელიანს და ჟორჟოლიანს ასვენებს - როგორც გითხარით, მანამდე ისინი მასტერსზე იასპარეზებენ, მერე კი პარიზის "დიდ მუზარადზე" (4-5 თებერვალი) და დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" (18-19 თებერვალი) აჭიდავებს.

ცხადია, ადგილობრივ მაყურებელს ჩვენი წამყვანი ფალავნების თბილისში გამოსვლა ურჩევნია, მაგრამ ფრანგულ-გერმანული შეჯიბრებები ბევრად ძლიერი და მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ საკითხში მწვრთნელს ვეთანხმები - საოლიმპიადოდ იქ ჭიდაობა უფრო საჭიროა. თან ორივე შეჯიბრების შემდეგ ადგილზე ერთობლივი ვარჯიშებიც იმართება, რაც ასევე წაადგებათ.

კიდევ ერთი ცნობა ფედერაციის საყურადღებოდ - ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ახლა ტოკიოში შეკრებაზე მწვრთნელად კი არაა წასული, არამედ გულმოდგინედ ვარჯიშობს. იქნებ საბუთებში მისი ახლანდელი სტატუსი მწვრთნელობითაა განსაზღვრული და არა სპორტსმენობით, მაგრამ მენდეთ, რომ ეს კაცი იქ დღეში 12 შეხვედრას ატარებს. ეგ კი არა, ამბობენ, ამის გაგონებაზე იაპონიაში წასვლა ლიპარტელიანმაც მოინდომაო. თუმცა მას ჯერ შესაშფოთებელი არაფერი აქვს, რადგან ზვიადაურის სპორტში დაბრუნება არაა გადაწყვეტილი.

ეს დამოკიდებული იქნება მის ჯანმრთელობაზე, უმთავრესად კი წელის მდგომარეობაზე. აქვე ფედერაციას იმასაც შევახსენებ, რომ ზაიზენბახერს ზვიადაური პარიზსა და დიუსელდორფის ტურნირების შემადგენლობაშიც ჰყავს დასახელებული.

მოკლედ, ასეთია სადღეისო ამბები. იმედია, ფედერაცია მომავალში მედიასთან უფრო აქტიურად ითანამშომლებს, თორემ მარტო "კონკორდატის" გამოცხადება და ისიც ცალმხრივად, ფედერაციასთან შეუთანხმებლად ინტერვიუები არავინ გაბედოთო, საქმეს ვერ უშველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული