იქ ნაკრების ლამის ყველა კანდიდატს და მოქმედ სპორტსმენებს ხომ შეხვდებით, ერთ-ერთი კლუბის, "ესლინგენის" შემადგენლობაში ჩვენი ახალგაზრდული გუნდის თავკაც გიორგი გუგავას გვარ-სახელიც კი ამოვიკითხეთ.
რამდენიმე დღის წინ დამთავრებული ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშებაც ტრადიციულად, ანუ კვლავაც "აბენსბერგის" გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ამჯერად მორიგ ტრიუმფში ქართველებს წვლილი არ მიუძღვით.
"აბენსბერგში" წლეულს ქართველთაგან მხოლოდ ლაშა გუჯეჯიანი ირიცხება (სხვა ქვეყნებში მოასპარეზე ქართველებს თუ არ ჩავთვლით), რომელიც ამჟამად იაპონიაშია ნაკრების შეკრებაზე და, ცხადია, ბუნდესლიგის დასკვნით ტურში მონაწილეობა ვერ მიიღო. თუმცა
დიდი პრობლემები არც პოცდამში გამართულ ამ დასკვნით ნაწილში შეხვედრია - მეოთხედფინალში "ჰამბურგს" 9:3 მოუგო, ნახევარფინალში "ეტლინგენი" 11:1 დაამარცხა, ფინალში კი "ესლინგენს" 10:1 აჯობა.
ფინალში ისინი პირველი ნახევრის შემდეგ 6:0 დაწინაურდნენ და გამარჯვებულის ვინაობა ჯერ მანამდეც ხომ არავისთვის იყო დიდი საიდუმლოება, ამის შემდეგ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნა.
ნახევარფინალში "ეტლინგენის" რიგებში აბენსბერგელებს ჩვენებურთაგან ლევან წიკლაური დაუპირისპირდა, მაგრამ წარუმატებლად - ორივე შეხვედრა იპონით წააგო. ის ჯერ 81-ში გამოვიდა და გერმანელ სვენ მარეშთან დამარცხდა, მერე კი მწვრთნელმა ალფრედო პალერმომ 90-ში დააყენა, სადაც ისევ გერმანელმა რობერტ დუმკემ აჯობა.
ამდენად, "ეტლინგენი" ფინალში ვერ გავიდა, თუმცა ნახევარფინალამდეც რომ მიაღწია, ამაში დიდია ქართველების და იმავე წიკლაურის წვლილი - მეოთხედფინალში თავისი წილი შეხვედრა ამანაც მოიგო და ადამ ოქრუაშვილმაც. ჯგუფურ ეტაპზე სხვადასხვა შეხვედრებში კლუბს მოგებებით შეეწივნენ ამირან პაპინაშვილი (60), დავით კობერიძე (81), ავთანდილ შოშიაშვილი (73) და ლაშა გურული (90).
წიკლაური ამ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი წევრი იყო, რომელსაც ასეთი სტატისტიკა აქვს: 12 შეხვედრა, 9 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა ჯგუფში ორჯერ მოუგო ბელარუს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალექსანდრ სტიაშენკას.
სამწუხაროდ, ქართველთა შემართება "ეტლინგენს" ფინალში გასასვლელად არ ეყო. სამაგიეროდ, ეს უფლება სხვა "ქართულმა" კლუბმა - "ესლინგენმა" მოიპოვა, თუმცა იმათ რიგებშიც ფინალში ჩვენებურთაგან მხოლოდ ვალერი ლიპარტელიანმა (90) იჭიდავა. არადა, "ესლინგენს" მანამდელ შეხვედრებში სხვა ქართველებიც ფრიად დაეხმარნენ - დავით ასუმბანი (60) და ლომერ ჟორჟოლიანი (100) ორ-ორი მოგებით წაეშველნენ, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) - ოთხით (ამათ მეტი არც უჭიდავიათ ანუ ქულათა მაქსიმუმი მოიპოვეს), თუმცა ყველაზე მეტი შეხვედრები ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ლიპარტელიანმა ჩაატარეს. ჭრიკიშვილმა 6-ჯერ იჭიდავა, აქედან ერთხელ - 90-ში, დანარჩენები - თავის წონაში, ჩატარებული ორთაბრძოლებიდან კი სამი მოიგო, ორი ფრედ დაამთავრა და ერთში დამარცხდა.
ლიპარტელიანის მონაგარი უფრო შედეგიანია - 10 შეხვედრა, 9 მოგება და მხოლოდ ერთი წაგება. საინტერესოა, რომ მან სამ წონაში იჭიდავა - 90, 100 და თქვენ წარმოიდგინეთ, მძიმეშიც კი. მართალია, იქ ძლიერი მეტოქე არ ჰყოლია - ვინმე მარსელო გრეკო, მაგრამ თუნდაც მათი ფიზიკური მასიდან გამომდინარე, მაინც საყურადღებო ფაქტია.
სასიამოვნოა, რომ ეს შეხვედრა ლიპარტელიანმა მოიგო. მან ფინალშიც ზედა წონაში იჭიდავა - 100-ში, სადაც სოლიდურ მოწინააღმდეგეს შეხვდა - გერმანელ დმიტრი პეტერსს, თუმცა არც მას დაუთმო რამე და გაფრთხილებებით გაიმარჯვა. ბედის ირონიით, ის ერთადერთი მარცხი ფინალში იწვნია და თანაც მას შემდეგ, როცა ზედა წონაში გამარჯვებული საკუთარ 90-ს დაუბრუნდა - იქ გერმანელ რობერტ დუმკესთან იუკოთი წააგო. ამის მიუხედავად, გერმანული პრესა მას მაინც "მსოფლიოს დონის ფალავნად" მოიხსენიებს.
ჭრიკიშვილმა ის ერთი შეხვედრა წიკლაურთან დათმო - ვაზარით. ჩვენებურები მეორედაც შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად ორივემ თითო იუკო მოიპოვა - ფრე. აღსანიშნავია, რომ ჭრიკიშვილმა ქულა ილეთით დაიმსახურა, წიკლაურმა - გაფრთხილებებით.
ამდენად, წლეულს გერმანიის ჩემპიონობის გარეშე დავრჩით, თუმცა ქართველებმა მაინც მოიპოვეს ეს წოდება, ოღონდ სხვა ქვეყნის სახელით - "აბენსბერგის" რიგებში უკრაინიდან გიორგი ზანთარაია (60) და საბერძნეთიდან ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური (90) გამოდიოდნენ.
ზანთარაიამ შვიდი შეხვედრა გამართა და ექვსში იმარჯვა, ერთი კი ფრედ დაასრულა ფინალში ბრიტანელ ეშლი მაკენზისთან. ილიადისმა მხოლოდ 90-ში იჭიდავა, სადაც რვა ორთაბრძოლა ჩაატარა და ყველა წმინდად მოიგო. ბუნდესლიგის მიმდინარეობისას ჩვენებურებს არც ერთი მათგანი არ შეხვედრია.
"აბენსბერგისთვის" ეს ზედიზედ მოგებული მეათე გერმანული საჩემპიონო ტიტულია, სულ კი კარიერაში - მეჩვიდმეტე. ამავდროულად, ბოლოა კლუბის ლამის უცვლელ პრეზიდენტ ოტო კნაიტინგერისთვის - როგორც ცნობილია, ის თებერვალში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
არადა, კლუბის ეს მდიდარი ისტორია სწორედ მის სახელს უკავშირდება - იქაურები პირველად 1991 წელს გახდნენ გერმანიის ჩემპიონები, კნაიტინგერმა კი გუნდს ახალი სული შთაბერა. ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თავისი ძიუდოისტები სასტუმროში საფეხბურთო კლუბ "დუისბურგის" ფეხბურთელებსაც შეახვედრა.
პოცდამში ისინიც ბუნდესლიგის შეხვედრას მართავდნენ და ადგილობრივ კლუბთან მათაც მოიგეს - 3:2, იმავე სასტუმროში ცხოვრობდნენ და დილით უკვე ბერლინში მიფრინავდნენ. როგორც აღმოჩნდა, კნაიტინგერმა ამ შეხვედრით სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო თავის შვილს - შტეფან კნაიტინგერს, რომელიც 73 კილოგრამში იცავს "აბენსბერგის" ღირსებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"