თაობათა ბრძოლაში ძველებმა იმარჯვეს

AutoSharing Option
"ლელოს" გუშინდელ ნომერში (იხილეთ სტატია) ძიოდოში საქართველოს ღია ჩემპიონატის შედეგები გაგაცანით. როგორც დაგპირდით, დღეს შაბათ-კვირის ორთაბრძოლებზე დაწვრილებით შევჩერდებით.

შაბათი
ამ დღეს 60, 66 და 73-ის ფალავნები ჭიდაობდნენ. 60-ის ლიდერი ამირან პაპინაშვილი იაპონიაშია შეკრებაზე, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ბეთქილ შუკვანმა კი ტრავმის შემდეგ ახლახან განაახლა ვარჯიშები.

მათ არყოფნაში მოვლენები თითქოს ლოგიკურად განვითარდა - ფინალში ძველი თაობის წარმომადგენლები ანუ მეორე რიგის ლიდერები პაატა მერებაშვილი და იოსებ ნიჟარაძე გავიდნენ, ახალგაზრდები კი სანუგეშოს იმედად დარჩნენ. მესაბლიშვილიც, მარგველაშვილიც, ლაშა გიუნაშვილიც თითქოს ურიგოდ არ ასპარეზობდნენ, მაგრამ ფაქტია -
ძველებს ვერაფერი მოუხერხეს (თუმცა მესაბლიშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი კი დაამარცხა, მაგრამ ის მაინც სამბისტია).

თაობათა ბრძოლაში გარდატეხა ვერც 66-სა და 73-ში მოხდა, სადაც ისევ ძველებმა გაიმარჯვეს - სანდრო იაკობაშვილმა (66) და ამბაკო ავალიანმა (73). 66-ში შალვა ქარდავა ტრავმის გამო არ ჭიდაობდა, თუმცა აქ ლიდერის სკამი, 73-გან განსხვავებით, პრაქტიკულად, ისედაც ცარიელია. იაკობაშვილიც და ავალიანიც შედარებით ახალგაზრდები კი არიან, მაგრამ არა ახალი კადრები - ისინი აქამდეც ყოფილან ქვეყნის ჩემპიონები და ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ გამოუცდიათ.

საინტერესო იყო ზებედა რეხვიაშვილის (73) დაბრუნებაც. ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანს შარშანდელი სეზონი ლამის გაუცდა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი მას საგაისო კალენდარში კი მოიაზრებს, მაგრამ იქვე სქოლიოში მინიშნებული აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იჭიდავებს, ფორმაში თუ იქნებაო. ჰოდა, ყველას გვაინტერესებდა, როგორ იჭიდავებდა ერთ დროს ძალიან დიდი იმედების მომცემი ფალავანი.

ჩინებულადაც დაიწყო - ნახევარფინალამდე უმეტესად იპონებით მივიდა (მათ შორის, ამ თაობაში ამბიციურ დედაქალაქელ ბაჩანა ტიტვინიძესა და ჩემპიონატში გამობრწყინებულ იმერელ გიორგი გასიტაშვილთანაც). რაც მთავარია, თავისუფლად, ლაღად ჭიდაობდა და არა გამოწურული ლიმონივით შესაძლებლობების ზღვარზე, მაგრამ მთელი მისი რეზერვი თუ არსენალი ნახევარფინალში ზურაბ ნოზაძის ბარიერთან დაიმსხვრა.

თბილისელი ნოზაძე შაბათს გამოჩენილი ახალი სახეებიდან ერთ-ერთია. ის იმ უხერხული სტილის მოჭიდავეთაგანია, რომლებიც ყოველმხრივ ახშობენ პაექრობას და არც მეტოქეს აძლევენ გასაქანს. მისი მთავარი ღირსება მართლაც ჩინებული, ქართული რეალობისთვის უცხო ფიზიკური მომზადებაა და ამაზე აგებს მთელ ტაქტიკას. მართალია, ტექნიკურად ვერ ჭიდაობს, მაგრამ თავის კოზირს მშვენივრად იყენებს და საქმესაც მარტივად უდგება - ცდილობს, შეხვედრის პირველ ნახევარში მოღალოს მეტოქე, მერე კი შეუტიოს.

რეხვიაშვილთან მისი შერკინება ფიზიკური გამძლეობის მაგალითი იყო, თუმცა სანახაობრივად არცთუ საინტერესო, რადგან ნოზაძე ფანდის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს, ზებედამ კი მისი დახურული სტილი ვერაფრით "გახსნა". შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც ნოზაძემ გაფრთხილებებით იმარჯვა და სამართლიანადაც.

რეხვიაშვილი იმდენად დაიღალა, ბოლოს მსაჯს ანიშნა, მეტი აღარ შემიძლიაო და 2 წამით ადრე ტატამიდანაც გავიდა. კიდევ კარგი, მწვრთნელმა ძლივს შეაბრუნა უკან. ამ ეპიზოდზე საგანგებოდ გვინდა ყურადღების შეჩერება - რეხვიაშვილი უკვე საკმაოდ გამოცდილია, თან მისგან დიდ შედეგებსაც ველოდებით და აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება.

ტატამიდან გასვლისთვის დასაჯეს ერთწლიანი დისკვალიფიკაციით ზურაბ ეპიტაშვილი (მართალია, მაშინ მან პროტესტის ნიშნად დატოვა ლეიბი, მაგრამ ამაში არაა არსებითი განსხვავება) იქნებ მას იმის ეიმედებოდა, რომ ეს შინაური შეჯიბრება იყო და მსაჯები დაინდობდნენ, მაგრამ ჯერ ერთი, კანონი ყველგან უნდა კანონობდეს და თან ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო - შინ თუ არ მიეჩვევა წესრიგის დაცვას, უცხოეთშიც წაუცდება ხელი და დისკვალიფიკაციაც გარანტირებული აქვს.

მისგან განსხვავებით, ნოზაძეს დაღლილობისა არაფერი ეტყობოდა - გამარჯვების აღსანიშნავად მწვრთნელსაც შეახტა, მერე მადლობის ნიშნად ქომაგებსაც ენერგიულად უქნია ხელ-ფეხი და კარგა ბლომადაც იხტუნავა, რეხვიაშვილი კი ისე გასავათდა, ამ ბრძოლის კვალი ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც ეტყობოდა, თუმცა იქ გაფრთხილებებით მაინც მოუგო არსენ მაჭარაშვილს. ნოზაძე ჩაკეტილი ჭიდაობით ფინალში ავალიანთანაც აღწევდა მიზანს და შეხვედრა დამატებით დროშიც გადაიყვანა, მაგრამ ავალიანმა მაინც უხელთა დრო და იუკოზე გადააგორა.

ამ დღეს კიდევ ორი ახალი სახე გამოჩნდა და ორივე იმერეთიდან - მინდია ლილუაშვილი (66) და გიორგი გასიტაშვილი (73). ლილუაშვილმა შავდათუაშვილს მოუგო და ფინალშიც დამატებითში გადაიყვანა შეხვედრა, მეტი კი ვეღარ შეძლო. გასიტაშვილმაც ძლიერად იჭიდავა და სხვებთან ერთად ორი ძლიერი შიდა ქართლელიც დაამარცხა - ანზორ ხმიადაშვილი და ზვიად ბაზანდარაშვილი, რომელსაც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში შეხვდა და მსაჯთა გადაწყვეტილებით აჯობა.

კვირა
ახალი სახეები ამ დღეს უფრო ბლომად გამოჩნდნენ, თუმცა მათგან ირაკლი ქობლიანიძეს გამოვარჩევთ, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა 100 კილოგრამში და თბილისს ერთადერთი ოქრო მოუტანა.

არადა, ფინალში დავით ლორიაშვილი ელოდა. ფიზიკური ძალები აშკარად უთანასწორო იყო, შეხვედრაც დამატებითში გაგრძელდა და საბოლოოდ ქობლიანიძის იპონით დასრულდა. ლორიაშვილს ფეხი მანამდეც აწუხებდა, ხოლო ფინალში ისე იტკინა, ტატამიდანაც ხელით გაიყვანეს და ბოლოს მანქანამდეც ორმა კაცმა მიიყვანა.

ამის მიუხედავად, წაგებას მხოლოდ ტრავმას ვერ დავაბრალებთ და ნურც ქობლიანიძეს დავუკარგვათ თავისას - სათვალავიც აგვერია, ლამის იდენტური შესვლით რამდენჯერ ჩაუხტა კისრულზე, თუმცა ფიზიკურად დიდი მეტოქე ვერ დასძლია, ლორიაშვილმა კი ვერაფერი დაუპირისპირა და არც იმდენად სახიფათოდ შეუტევია. ამავე წონაში თბილისელები - ბექა ბერძენიშვილი და განსაკუთრებით, ონისე ბუღაძეც მოგვეწონა. ბუღაძემ ჯერ ნახევარფინალში კინაღამ დღის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა ლორიაშვილთან შეხვედრაში, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ბექა წყალობაშვილს ვაზარი ამოუქაჩა.

კვირის ოთხი წონიდან ორის ფინალში - 81-სა და მძიმეში ძველი ლიდერები გავიდნენ. 81-ში მაყურებელი საინტერესო ბრძოლას ელოდა ლევან წიკლაურსა და გიორგი ბაინდურაშვილს შორის, თუმცა იმედები გაუცრუვდა, რადგან ბრძოლა არ შედგა - ბაინდურაშვილი ხელით შესვლისთვის მალევე მოხსნეს.

შედარებით გამოცდილთა გვერდით ფინალამდე ორივემ ახალგაზრდა კონკურენტები დაამარცხა - ბაინდურაშვილმა ზაზა დავაძე, ვახტანგ სარაჯიშვილი და დავით კარბელაშვილი, წიკლაურმა - იოსებ ჩილინდრიშვილი და პაატა ღვინიაშვილი. ამით ამ წონაში თაობათა შორის ზღვარიც გაივლო, თუმცა ნუ დაგვავიწყდება ახალგაზრდა ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც იაპონიაშია შეკრებაზე.

მძიმე წონის ფინალი და მით მთელი ჩემპიონატიც ულამაზესი გდებით დასრულდა - ადამ ოქრუაშვილმა ფეხიდან მშვენივრად აიყვანა ზვიად ხანჯალიაშვილი და იპონით გაიმარჯვა.

ეს მართლაც ულამაზესი გდება იყო, თუმცა მანამდე ამ წონაში თითზე ჩამოსათვლელი ფანდი გაკეთდა - ჯერ მირიან გონჯილაშვილმა გვასიამოვნა მშვენიერი იპონით, მერე კი ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლევან მატიაშვილმა ორი ვაზარი და იუკო მიითვალა. მატიაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ახალგაზრდულში თავისი კონკურენტი უშანგი კოკაურიც დააიპონა, ჭაბუკ სამბისტთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სლავა რეზესიძე კი ბრინჯაომდე ორი ჰანტეით მივიდა.

თაობათა შორის ბრძოლა 90 კილოგრამშიც ვიხილეთ და ისევ ძველმა კადრმა გაიმარჯვა - იმერელმა ლაშა გურულმა ნოზაძეს ორი იუკოთი მოუგო. ვერაფერს იტყვი - დამაჯერებლადაც. ნოზაძეს მთელი ადრინდელი კარგი გარჯა ფინალში წყალში ჩაეყარა, რადგან ქუთაისელი სჯობდა მას. როგორც იქნა, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაგდებული სეზონის ბოლოს მერმანიშვილმაც გაიხსენა მედლის გემო. იმედია, ასეც გააგრძელებს, მეორე ბრინჯაო კი ბეთქილ ნავერიანმა დაისაკუთრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული