ქართული ძიუდოს სარეიტინგო ვნებები

AutoSharing Option
ძიუდოისტთა სალიცენზიო ტურნირები დასასრულს უახლოვდება - ამ რანგის ბოლო შეჯიბრება 26-28 აპრილს ჩელიაბინსკში გასამართი ევროპის ჩემპიონატია, იქამდე კი სულ რვა ამგვარი შეჯიბრება დარჩა.

ამდენად, უკვე ნებისმიერი სალიცენზიო ტურნირი განსაკუთრებულ ფასს იძენს და ჩვენც ისევ ვუბრუნდებით ამ თემას, რადგან გასულ უქმეებზე სამხრეთკორეულ ჯეჯუში გამართულმა მსოფლიოს თასმა ოლიმპიურ რეიტინგებში ჩვენთვის გარკვეული ცვლილებები შეიტანა - ზოგი დადებითი, ზოგიც - უარყოფითი.

ძიუდოსიტებისადმი ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ მოკრივეების, ბერძენ-რომაელების და ზოგიერთი სხვა სახეობის წაფორხილების ფონზე ლონდონში შედარებით სოლიდური, სრულყოფილი გუნდით წასვლის შანსი ამათ და თავისუფალი
სტილით მოჭიდავეებს რჩებათ, თორემ სხვებში თითო-ოროლა მონაწილე გვეყოლება.

კორეული ტურნირი რანგით ყველაზე დაბალია - მსოფლიოს თასი. შესაბამისად, აქ გასაცემიც ყველაზე ცოტა გაიცემა - ჩემპიონი მხოლოდ 100 ქულას იღებს, ამ დროს კი 120 ქულა "დიდი პრიზის" ვერცხლის და "დიდი მუზარადის" ბრინჯაოს მედალოსნებს ეძლევათ. 100 ქულად მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გასვლაა შეფასებული, ხოლო ოლიმპიადასა და მასტერსზე არაფერს ვამბობთ. ამდენად, კორეულ შეჯიბრებას დიდი ცვლილებების გამოწვევა არც შეეძლო, მცირე და ჩვენთვის საყურადღებო კი მართლაც მოხდა.

დავიწყოთ იმ ორი წონით, სადაც ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება დღემდე პრობლემად გვრჩება. 66-ში შალვა ქარდავა 200 ქულით მსოფლიოს რეიტინგში 42-ეა, ოლიმპიურში, სადაც გამოხშირვის პრინციპი მოქმედებს ანუ მსოფლიოს რეიტინგისგან განსხვავებით, წონაში ქვეყნიდან მხოლოდ ერთი მონაწილე იგულისხმება, - 28-ე. აქ დადებითი ისაა, რომ თუ აქამდე ქარდავა ევროპულ კვოტაში მეოთხე იყო, ახლა მესამეა. ეს იმან გამოიწვია, რომ ჰოლანდიელ იესპერ დე იონგს ერთ-ერთი ტურნირის შედეგი გაუნახევრდა (მოცემულ მომენტში ერთ წელზე უფრო ადრე გამართული შეჯიბრების ქულებს 50% აკლდება) და ქულებიც ჩამოაკლდა.

ახლა ევროპულ კვოტაში მისი მთავარი კონკურენტები ლატვია და ისრაელი არიან. ლატვიელ დენის კოზლოვსს 242 ქულა აქვს, ებრაელ გოლან პოლაცკის - 220. ამდენად, ქარდავას ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად არც ისე დიდი ძალისხმევა სჭირდება. მთავარია, ტრავმა მოიშუშოს და ჭიდაობა შეძლოს. ამავე წონაში ახალგაზრდა ლაშა შავდათუაშვილზეც ვთქვათ, რომელმაც ასაკის გამო ჯერ მხოლოდ ერთი სალიცენზიო შეჯიბრების ჩატარება მოასწრო - ამსტერდამის "დიდ პრიზზე" გამოვიდა და 24 ქულა მოიპოვა. ჯერჯერობით ის მსოფლიოს რეიტინგში 129-ეა, თუმცა რამდენიმე სალიცენზიო ტურნირში წარმატებით გამოსვლით შეუძლია საგზურის მოპოვება. სხვა საქმეა, რომ ეს უმძიმესი ამოცანაა.

73-ში ნუგზარ ტატალაშვილის მდგომარეობა ცოტათი გაუარესდა - სალიცენზიო რეიტინგში უკან დაიხია, თუმცა ჯერაც შედის ევროპის 2-კაციან კვოტაში. მის ანგარიშზე კვლავაც 268 ქულაა, რაც მსოფლიოს რეიტინგში 34-ე ადგილს შეესაბამება, ოლიმპიურში კი 23-დან 25-ზე გადაინაცვლა.

საბედნიეროდ, ევროპულ კვოტაში კვლავაც პირველია, ფეხდაფეხ კი ისევ ესტონელი ევროპის მესამე პრიზიორი კინტერ როტბერგი მისდევს.

კორეულ ტურნირამდე ის სალიცენზიო სიაში ზუსტად 23-ე იყო და ერთი ადგილი აშორებდა სალიცენზიო ზონას, თუმცა ჯერ ევროპული კვოტის იმედად ისევ ვართ. ოღონდ აქ ისიც შევნიშნოთ, რომ ამ გზით ფედერაციას მხოლოდ ერთი საგზური გადაეცემა. ამდენად, 66-ში და 73-ში რომელიმე 22-ში თუ ვერ შევიდა, აქ რომც მოხვდნენ იმ 2-კაციან კვოტაში, მაინც ერთ ლიცენზიას მოგვცემენ.

დანარჩენ ხუთ წონით კატეგორიაში კვლავაც შევინარჩუნეთ ადგილი ოლიმპიურ რეიტინგში. იმათგან 60 და 90 კილოგრამებში სულაც წამყვან პოზიციებზე ვართ - ამირან პაპინაშვილი (60) 788 ქულით მსოფლიოს მასშტაბით კვლავაც მე-6 ადგილზეა, ოლიმპიურში - მე-5.

აბსოლუტურად უცვლელია ვალერი ლიპარტელიანის მდგომარეობა - ისევ 746 ქულა, მსოფლიოში IX და ოლიმპიურში VII ადგილი.

მისასალმებელია მათი ასეთი დაწინაურება, რადგან რვა საუკეთესოს შორის ყოფნა მეტად მნიშვნელოვანია - ეს ოლიმპიადაზე განთესვისას წაგვადგება და წონის ლიდერებს დასაწყისშივე არ შევხვდებით. უბრალოდ, ცუდი ისაა, რომ 90-ში 22-კაციან ზონაში სხვა მონაწილე არ დაგვრჩა. 90-ში ლიპარტელიანის გარდა არც გვყავს ვინმე - ლაშა გურულმა იმედები ვერ გაამართლა, ზვიად გოგოჭურმა კარგად კი დაიწყო და ბუქარესტის მსოფლიოს თასიც მოიგო, დიდი იმედებიც ჩაგვისახა, მაგრამ მერე ამ ყოვლად უიღბლო სპორტსმენმა ხელი მოიტეხა.

იმედია, ის ვარჯიშს გაისად განაახლებს, თუმცა საქართველოს ჩემპიონატში ვერ გამოვიდა. თუ ის ფორმაში ჩადგება, პეტერ ზაიზენბახერს საგაისო კალენდარში ჩასმული ჰყავს. ამ წონაში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურიც უნდა ვახსენოთ, რომელმაც მწვრთნელობას თავი დაანება და ვარჯიში დაიწყო. ის იაპონიაში შეკრებაზეა და თურმე იმდენად გულმოდგინედ ვარჯიშობს, ხუმრობენ კიდეც, თავის დროზე არ მუშაობდა ამდენსო. როგორც ამბობენ, დღეში 12 შეხვედრას ჭიდაობს მიყოლებით, შეუსვენებლად. ვნახოთ, როგორ აღიდგენს ფორმას, მისცემს თუ არა მრავალგზის ნატანჯ-ნაოპერაციები ორგანიზმი ჭიდაობის საშუალებას. 60 კილოში 22-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანიც შედის - 20-ე ადგილი, მსოფლიოში კი 24-ეა.

22 კაცში რამდენიმე მონაწილის ყოლა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ღმერთმა დაიფაროს თუ ლიცენზირებულმა სპორტსმენმა ტრავმა მიიღო, მისი შეცვლის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემენ, ის სათადარიგოც თუ მოხვდა 22-ში.

ჯერჯერობით ოლიმპიური რეიტინგის შუაში ვართ 100-შიც, სადაც სალიცენზიო ზონაში 2 კაცი გვყავს, მათ შორის დაწინაურებული კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანია. ბოლო მონაცემებით მან საერთაშორისო რეიტინგში ცოტათი უკან დაიწია - 620 ქულით ახლა მე-12-დან მე-14-ზე გადაინაცვლა, თუმცა ოლიმპიურში კვლავაც მე-12-ეა.

მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს რეიტინგში მომხდარმა ცვლილებებმა არგო - ქულა კვლავაც 478 დაურჩა, თუმცა საერთაშორისოშიც და ოლიმპიურშიც თითო ადგილით წინ წაინაცვლა - შესაბამისად, 22-ე და მე-18-ეა. ამ წონაში ბევრი რამე უახლოეს ორ უქმეებზე გაირკვევა, როცა ცირეკიძე ტოკიოში ძიგორო კანოს "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს, მერე კი ისიც და ჟორჟოლიანიც ჩინურ ქინგდაოში "დიდ პრიზზე" გამოვლენ.

აქ ორივე მონაწილის ამოცანა 8 საუკეთესოს შორის და ოლიმპიადაზე განთესილებში მოხვედრაა, თუმცა იქამდე ცირეკიძეს 16 საუკეთესოს შორის მოხვედრის სურვილიც ამოძრავებს, რაც 14-15 იანვარს ალმატიში მასტერსზე გამოსვლის უფლებას მისცემს. ეს მის საგაისო კალენდარსაც განსაზღვრავს - თუ ყაზახეთში იასპარეზებს, 28-29 იანვარს თბილისის მსოფლიოს თასს გამოტოვებს და თებერვალში გასამართი პარიზ-დიუსელდორფის შეჯიბრებებისთვის მოემზადება, თუ არადა თბილისშიც იხილავს ადგილობრივი ქომაგი. ცირეკიძეს სამასტერსო 16-ეულისგან სულ რაღაც 12 ქულა აშორებს, რისი ამოქაჩვაც მისი დონის ფალავანს უპრობლემოდ შეუძლია, თუმცა, ცხადია, გულხელდაკრეფილნი არც მისი კონკურენტები იქნებიან.

81-სა და +100-ში 22-კაციან ზონაში თითო მონაწილე გვყავს და ისინიც ცხრილის ბოლოსკენ არიან, ოღონდ ორივემ გაიუმჯობესა მდგომარეობა. 360-იანმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) საერთაშორისოში ერთია დგილით წინ წაიწია - 27-ეა, მაგრამ სალიცენზიოში ასევე ერთი ადგილით უკან დაიხია და 20-ეა. 370-იანი მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი საერთაშორისო რეიტინგში უკვე 23-ეა, ოლიმპიურში - მე-16-ე, ორივეში თითო საფეხურით წინ წაიწია.

ასეთია სადღეისო ვითარება, თუმცა უახლოეს ორ კვირაში მოსალოდნელია ჩვენი მდგომარეობის გაუარესება - როგორც გითხარით, იაპონიასა და ჩინეთში ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი ტარდება, სადაც ბევრი ქულებიც გაიცემა. მათი შედეგები ბევრ რამეს შეცვლიან, თუმცა 60-ში, 90-სა და 100-ში ვერაფერს დაგვაკლებენ, აი, სხვა წონები კი საფიქრალია. ძალზე ცუდია, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში თითო-ოროლა მონაწილე გვეყოლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული