ამ უქმეებზე ქართულ ძიუდოს დატვირთული დღეები აქვს - იაპონიაში "დიდი მუზარადის" ტურნირის გარდა, სადაც მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავს, საქართველოშიც ტარდება ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება - დუშეთში ქალთა ქვეყნის ჩემპიონატი გაიმართება, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში კი 1999-2000 წლებში დაბადებულ ბავშვთა ასევე ქვეყნის პირველობა ჩატარდება.
ქალთა ჩემპიონატის ორგანიზებულად გამართვა ფედერაციის ახლებური მიდგომის შედეგია, თუმცა ჯერჯერობით მანდილოსანთა შორის სპორტის ეს სახეობა არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვერც მასობრიობით დაიკვეხნის. ამიტომ იქ ჩემპიონატი ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთად გაიმართება და მხოლოდ ერთ, ხვალინდელ დღეში ჩაეტევა.
ამ
ასაკის ბავშვთა ტურნირის გამართვაც ძიუდოს ფედერაციის ნოვაციაა, თუმცა ქართული სპორტის დიდი მიზნიდან გამომდინარე - ეს ის ასაკია, რომელმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იასპარეზოს და ამ ასაკს ფესტივალის პროგრამაში შეტანილ სპორტის ცხრავე სახეობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, რათა ევროპულ ფორუმში ღირსეულად გამოვიდეთ.
თუმცა ფედერაცია მხოლოდ ამ ფესტივალით არ იფარგლება და საწვრთნელი პროცესის მოდერნიზების პროცესში ამ ბავშვების ახლებური სისტემით აღზრდას იწყებს, თანამედროვე მეთოდიკის გათვალისწინებით.
ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობის სურვილმა მოზარდთა რაოდენობის ზრდაზეც იმოქმედა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"