ამაში მოულოდნელი არაფერია - იაპონელები ნებისმიერ შეჯიბრებაზე ფავორიტებში არიან, ხოლო ამ ტურნირზე მუდამ ძლიერად ჭიდაობენ, მაგრამ ვაჟთა 60 კილოგრამში მომხდარს ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა - ნახევარფინალში მხოლოდ იაპონელები გავიდნენ და, შესაბამისად, ოთხივე საპრიზო ადგილიც მათ დაიკავეს. მეტიც - ოთხიდან ორჯერ წმინდა იპონური ფინალი გაიმართა - ვაჟთა 60-ში და ქალთა - 48-ში.
სპორტიდან სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ ტადაჰირო ნომურას წასვლის შემდეგ 60
ახლანდელი კვარტეტიდან უფრო ძნელი ბადე მომავალმა ვერცხლის მედალოსანმა რიო კავაბატამ და მომავალმა ბრინჯაოს პრიზიორმა ნაოჰისა ტაკატომ გაიარეს. კავაბატამ პირველ წრეში რუსი ევროპის ჩემპიონი არსენ გალსტიანი დააიპონა, მერე ჰოლანდიელ ხეროენ მოორენსაც მოუგო და კორეელ ვონ ჯინ კიმსაც ასევე წმინდად, ნახევარფინალში კი რამდენიმე წამში ჰიროაკა დააიპონა. ფინალში ის ჰიროფუმი იამამატოსთან დამარცხდა. ტაკატომ კიდევ უფრო ძნელი ბადე გადალახა - მეორე ორთაბრძოლაში ავსტრიელი მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი ლუდვიგ პაიშერი დააიპონა, მეორეში კი ზანთარაიას მოუგო ვაზარ-იპონით. მონღოლ ტუმურკულეგ დავაადორჯსაც ასეთივე ანგარიშით აჯობა, ნახევარფინალში კი ისიც იამამოტოსთან დამარცხდა.
66-კილოგრამში ტომოფუმი ტაკაჯომ გაიმარჯვა, არადა, ამ წონაში მის გარდა იაპონელთა სამივე ფალავანი მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო - მასაში ებინუმა მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონია, ჯუნპეი მორიშიტა - შარშანდელი, ფუკუოკამ კი რამდენიმე დიდი საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომელთაგანაც ბოლო ოქტომბერში დუბაიში გამართული "დიდი პრიზი" იყო. ტაკაჯოს პირველ ორ წრეში სუსტი მეტოქეები შეხვდნენ, მერე კი რუსი ევროპის სამგზის მედალოსანი ალიმ გადანოვი, ქვედა წონიდან ამონაცვლებული კორეელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მინ-ჰო ჩოი, ნახევარფინალში მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ჩაგანბაატარ ხაშბაატარი და ფინალში რუსი მსოფლიოს მედალოსანი მუსა მოგუშკოვი დაამარცხა. ამათგან გადანოვს იუკოთი აჯობა, დანარჩენებს - წმინდად, ოღონდ მოგუშკოვს ვაზარი ამოუქაჩა. ებინუმა ნახევარფინალში სწორედ მოგუშკოვთან დამარცხდა, მორიშიტამ კი მეოთხედფინალში ყაზახ სერგეი ლიმთან წააგო.
ქალებში უმჩატეს წონაში - 48-ში ისევ გრძელდება იაპონელთა ჰეგემონობა, ოღონდ ლიდერობა არა ერთმა, არამედ ორმა იქაურმა ჩაიგდო ხელთ - მსოფლიოს ბოლო ორი ფინალი ჰარუნა ასამიმ და ტომოკო ფუკუმიმ იჭიდავეს და ორივეჯერ ასამიმ იმარჯვა, ფუკუმი კი 2009 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მანამდე ამ წონაში ძიუდოს სამყაროში უტიტულოვანესი რიოკო ტომურა-ტანი ბატონობდა - მან 7-ჯერ მოიგო მსოფლიოს პირველობა და 2-ჯერ - ოლიმპიური, რასაც ოლიმპაიდებზე 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო დაუმატა, მსოფლიოზე კი - 1 ბრინჯაო. მან კონკურენტებს შანსი მხოლოდ ერთხელ მისცა, როცა გათხოვდა და ბავშვის გაჩენის გამო ორწლიანი პაუზა აიღო - 2005 წელს მოსფლიოზე არ უჭიდავია, თუმცა და 2007-ში დაბრუნდა და რიო დე ჟანეიროში მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
პეკინის ოლიმპიადის შემდეგ ის სპორტიდან წავიდა, თუმცა სხვა ქვეყნების არანაკლებ ძლიერ მოჭიდავეებს გახარება მაინც არ ეღირსათ, რადგან ჯერ ფუკუმიმ დაამსხვრია მათი იმედები, ახლა კი მას ასამიც დაემატა. როგორც გითხარით, წლეულს და შარშან მსოფლიოზე იაპონური ფინალები გაიმართა და ასე მოხდა კანოს ტურნირზეც. მსოფლიოს პირველობების დარად, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ასამიმ ისევ იპონით იმარჯვა.
ასამი და ფუკუმი თავის წონაში ნაკრებში ლიდერები არიან, იმავეს ვერ ვიტყვით 52-ში გამარჯვებულ ტაკუმი მიიაკავაზე - აქ მსოფლიოს ბოლო პირველობაზე იაპონური ფინალი გაიმართა მისატო ნაკამურასა და იუკა ნიშიდას შორის, მიიაკავა კი ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის. ნახევარფინალში მან მსოფლიოს ჩემპიონ ნაკამურას
მძლეველი კუბელი მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი იანეტ ბერმოუ აკოსტა დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პრისცილა გნეტოს მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ჩვენგან მხოლოდ მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) გამოდის, რომელიც კვირას იჭიდავებს და პირველ შეხვედრას არგენტინელ კრისტიან შმიდტთან გამართავს, გუშინდელმა შეჯიბრებამ კი სალიცენზიო რეიტინგებში ჩვენი პოზიციები ვერ შეარყია. იამამოტოც და ჰიროაკაც ისედაც უსწრებდნენ მეხუთეზე მყოფ ამირან პაპინაშვილს, კავაბატა და ტაკატო კი მას ჯერჯერობით ვერ დაეწევიან. 66-ში ტაკაჯომ 300 ქულა კი მიიღო და სალიცენზიო 22-კაციან სიაშიც შეაბიჯა, მაგრამ ის გამოხშირვის მეთოდით მაინც უკონკურსოდ რჩება, რადგან ებინუმა და მორიშიტა ბევრად უსწრებენ, ხუთეულში შედიან.
სამაგიეროდ, ტაკაჯომ ჩვენ გაგვიკეთა ერთი კარგი საქმე - პირველივე წრეში სწორედ ებრაელი გოლან პოლაცკი დაამარცხა, ვინც შალვა ქარდავას კონკურენტია ევროპულ 2-კაციან კვოტაში. ამით ებრაელს ქარდავასთან დაწინაურების შანსი წაართვა, ჩვენებურის მეორე კონკურენტი, ლატვიელი დენის კოზლოვსი კი ამჯერად არ ჭიდაობდა.
კვარცხლბეკი
ვაჟები.
60 კგ. 1. ჰიროფუმი იამამოტო, 2. რიო კავაბატა, 3. ჰიროაკი ჰიროაკა, ნაოჰისა ტაკატო (ოთხივე - იაპონია).
66 კგ. 1. ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია), 2. მუსა მოგუშკოვი (რუსეთი), 3. მასაში ებინუმა (იაპონია), ჩაგანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი).
ქალები.
48 კგ. 1. ჰარუნა ასამი, 2. ტომოკო ფუკუმი (ორივე - იაპონია), 3. კარლინე ვან სნიცკი (ბელგია), ბო კიეონგ იეონგი (კორეა).
52 კგ. 1. ტაკუმი მიიაკავა (იაპონია), 2. პრისცილა გნეტო (საფრანგეთი), 3. იანეტ ბერმოუ აკოსტა (კუბა), იუკი ჰაშიმოტო (იაპონია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"