ძიუდოს დამაიმედებელი რეიტინგები

AutoSharing Option
ძიუდოისტებმა გასულ უქმეებზე ჩინეთში დამთავრებული "დიდი პრიზით" წლევანდელი სეზონიც დაასრულეს და საერთაშორისო ფედერაციამაც ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა, რომელშიც შესულია გასანულებელი თუ გასანახევრებელი შეჯიბრებების შედეგები.

ჩვენებურთა მდგომარეობა თუ შეიცვალა, სასიკეთოდ, თორემ დაქვეითებას და სერიოზულ რეგრესს გადავურჩით - 60-სა და 100-ში წინსვლაა, 73, 81, 90 და მძიმე წონებში შევინარჩუნეთ ძველი მდგომარეობა, ხოლო 66-ში კვლავაც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ვართ.

60 კგ.
ამირან პაპინაშვილმა საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ერთი ნაბიჯით გადაინაცვლა წინ - ახლა მის ანგარიშზე 788 ქულაა, რითაც მეხუთე ადგილამდე ამაღლდა, ხოლო რადგან სიაში ერთბაშად
ორი იაპონელი უსწრებს, ოლიმპიურ რეიტინგში ადგილმონაცვლეობის გამო ერთი მათგანი ავტომატურად ვარდება და ჩვენებური მეოთხეა.

საოლიმპიადოდ ასეთი მაღალი ადგილი მას განთესვისას დიდ უპირატესობას აძლევს, ოღონდ გაისად იანვარში პაპინაშვილის რეიტინგი ცოტათი შეიცვლება - მას გაუნულდება თბილისის შარშანდელ მსოფლიოს თასზე მოპოვებული 40 ქულა, შარშანდელ მასტერსზე დარიცხული 80 კი გაუნახევრდება.

თუმცა ეს ცვლილება ცხრილში ვერ დააქვეითებს, რადგან მის უშუალო მდევრებს, რუსებს - არსენ გალსტიანს, ბესლან მუდრანოვსა და აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს მასტერსზე ბევრად მეტი გაუნახევრდებათ. აი, მათ კი შეიძლება საკმაოდ დაიხიონ უკან, ხოლო პაპინაშვილის ამოცანა ოლიმპიურ წელსაც კვლავაც მოწინავე ოთხეულში დარჩენა იქნება, რათა ლონდონში განთესილებთან შეხვედრა, რაც შეიძლება ბოლო ეტაპზე მოუხდეს.

საბედნიეროდ, ამ წონაში მეორე საგზურის მოპოვების შანსსაც ვინარჩუნებთ - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი 360 ქულით საერთაშორისოში 23-ეა, ოლიმპიურში კი მე-18 ადგილს ინაწილებს. იანვრის ბოლოს მასაც გაუნულდება შარშან თბილისში მოპოვებული შედეგი ანუ ახლანდელი ჩათვლით, 30 ქულა, თუმცა ვერც ეს დასწევს უკან. იმედია, ის გაისად ბევრად უფრო წარმატებით იჭიდავებს.

სავარაუდოდ, შუკვანი თბილისშიც იასპარეზებს, მერე კი მწვრთნელს 11-12 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში გასამართ მსოფლიოს თასზე წასაყვანთა სიაში ჰყავს ჩასმული, პაპინაშვილი კი 14-15 იანვარს ყაზახეთში მასტერსზე, 4-5 თებერვალს პარიზის "დიდ მუზარადზე" და 18-19 თებერვალს დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" იჭიდავებს.

ამ წონაში ოლიმპიურ რეიტინგში (ჩვენებს თუ არ ამოვაგდებთ სიიდან) 285 ქულით 23-ეა დავით ასუმბანი, თუმცა მას წლეულს ბევრი გაუცდა და არც საქართველოს ჩემპიონატში გამოსულა.

არადა, რაც უფრო მეტი მონაწილე გვეყოლება 22 კაცში, მით უკეთესი. ჯერ ერთი, რომ ეს დიდ კონკურენციას და მით მეტ სტაბილურ ფალავანს ნიშნავს, თანაც, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ლიცენზირებულმა სპორტსმენმა ტრავმა რომ მიიღოს, მას მხოლოდ 22 კაცში შესული სათადარიგოთი თუ შეცვლი. 23-ეც რომ იყოს ამ სიაში, შეცვლის უფლებას მაინც არ გაძლევენ. ამიტომ ყველანაირი გაუგებრობისთვის მზად უნდა ვიყოთ - სპორტია და დაზღვეული არაფრისგან არ ხარ.

66 კგ.
როგორც გითხარით, აქ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ვართ, რადგან ვერც ოლიმპიური ლიცენზიების 22-კაციან ზონაში ვხვდებით და ვერც - ევროპული კვოტით გათვალისწინებულ 2 კაცში. ჩვენგან ყველაზე წინ შალვა ქარდავაა - 200 ქულით საერთაშორისო რეიტინგში 42-ე, ოლიმპიურში - 25-ე. ბედის ირონიით, წინა ორ ადგილზეც ევროპელები დგანან, ანუ ევროპულ კვოტაში მესამეზე ვართ - ლატვია და ისრაელი გვისწრებენ.

ქარდავას სალიცენზიო ზონისგან არც ისე ბევრი აშორებს - 80 ქულა, რისი ამოღებაც ერთ ტურნირზე შეიძლება. კიდევ უფრო ცოტაა ჩამორჩენა ისრაელთან ევროპული კვოტისთვის ბრძოლაში - 20 ქულა, მაგრამ მთავარი უბედურება ისაა, რომ ქარდავა ტრავმირებულია და როდის განაახლებს ჭიდაობას, არავინ იცის.

ნაკრების თავკაც პეტერ ზაიზენბახერს ის 8 იანვრიდან დასაწყებ შეკრებაზეც ჰყავს ჩანიშნული და - ავსტრიული შეჯიბრების სიაშიც, სავარაუდოდ, თბილისშიც აჭიდავებდა, თუმცა ქარდავას კარიერის გაგრძელება საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გარკვეულა. ტრავმის გამო მას არც საქართველოს პირველობაზე უასპარეზია.

73 კგ.
268-ქულიანი ნუგზარ ტატალაშვილი საერთაშორისო რეიტინგში 31-ეა, მაგრამ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ოლიმპიურში 23-ზეა, ანუ ევროპულ კვოტაში - პირველი. სალიცენზიო ზონიდან მას 20-ოდე ქულა აშორებს, რაც იმ 22-ში შესვლის იმედს გვიტოვებს, ეს კი მნიშვნელოვანი იმდენადაა, რომ მაშინ 66-ში დაგვრჩება ევროპული კვოტის მოპოვების იმედი.

შეგახსენებთ, რომ ამ კვოტით ერთ ქვეყანას მხოლოდ ერთი საგზური გადაეცემა. ევროპულ სიებში ჩვენს მთავარ კონკურენტებად კვლავაც რუმინეთი და ესტონეთი რჩებიან, რომლებსაც ჩვენებური 17-18 ქულით უსწრებს. 73-ის სიებში ქართველთაგან მეორე ამბაკო ავალიანია - 176 ქულა და 45-ე ადგილი საერთაშორისოში, ოლიმპიურში 34-ე.

ბოლო ხანებში ტატალაშვილმა არცთუ ურიგოდ იასპარეზა სამოასა და ამსტერდამში. იმედია, გაისადაც ასევე გააგრძელებს. არ ვიცით, აჭიდავებს თუ არა მას მწვრთნელი თბილისში, ავსტრიულ სიაში კი შეყვანილი ჰყავს. გაისად ჩვენებურს ქულების განულება არ ემუქრება, განახევრება კი ბევრს ვერაფერს დააკლებს, რადგან უმნიშვნელო რაოდენობა ჩამოაკლდება.

81 კგ.
ამ წონაში სალიცენზიო რეიტინგში ერთადერთი მონაწილე დაგვრჩა - ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომლის ანგარიშზეც 354 ქულაა, რაც საერთაშორისოში 29-ე, ხოლო ოლიმპიურში მე-19 მაჩვენებელია. ეს მონაგარი მხოლოდ ერთი სეზონის დამსახურებაა, ვინაიდან ასაკის გამო შარშან სალიცენზიო ტურნირებში არ ჭიდაობდა. მისი პოზიცია ჯერ კიდევ არაა მყარი, რადგან მდევრებს ცოტათი უსწრებს.

292-ქულიანი ევროპის მედალოსანი ლევან წიკლაური მსოფლიო რეიტინგში 38-ეა, ოლიმპიურში 24-ე. ევროპულ კვოტაზე თუ ვილაპარაკებთ, იქ პირველია, მაგრამ სასურველია, ამ გზით საგზურის მოპოვება არ დაგვჭირდეს. მეტიც - საჭიროა, წიკლაურიც შევიდეს იმ 22 კაცში, თუმცა ზაიზენბახერს ის ნაკრების მოსამზადებელ თავდაპირველ გეგმაში შეყვანილი არ ჰყავს.

აქ ჭრიკიშვილთან ერთად პაატა ღვინიაშვილი მოიაზრება, რომელიც საქართველოს პირველობაზე არ გამოსულა, წიკლაური კი ჩემპიონი გახდა. ვფიქრობთ, ზაიზენბახერი მასაც და მეორეზე გასულ გიორგი ბაინდურაშვილსაც შანსს მისცემს და თბილისში ორივეს აჭიდავებს, დანარჩენს კი ამ ტურნირის შედეგებით განსაზღვრავს. ბაინდურაშვილის ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ 6 ქულაა, რადგან მასაც დიდი პაუზა ჰქონდა.

90 კგ.
აქ ერთადერთი კაცის - ვალერი ლიპარტელიანის იმედად ვართ, რომელიც 726 ქულით საერთაშორისო მასშტაბით მე-12 ადგილზეა, ოლიმპიურში - მეცხრეზე. სადღეისოდ ის მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება შვედ ევროპის ჩემპიონ მარკუს ნიმანს (შეგახსენებთ - შარშან მან კონტინენტის ფინალში სწორედ ლიპარტელიანი დაამარცხა).

ამდენად, ჩვენებურს 8 საუკეთესოში მოხვედრა ნამდვილად შეუძლია, რათა ოლიმპიადაზე განთესვით ხვედრი ცოტა გაიიოლოს. მას იანვრის შუა რიცხვებში შარშანდელ მასტერსზე მოპოვებული 80 ქულა გაუნახევრდება, რაც დიდად არ აზარალებს, მაგრამ ვინაიდან მთავარი ამოცანა წინ წაწევაა, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, გაისად ყაზახურ მასტერსზე კარგად გამოვიდეს, რათა ის განახევრებულიც ამოიღოს და კიდეც დაწინაურდეს. მასტერსის შემდეგ ის პარიზსა და დიუსელდორფშიც გამოვა.

100 კგ.
ამ წონაში ყველაზე დაძაბული კონკურენცია გვაქვს და ყველაზე თვალსაჩინო წინსვლაც აქ განვიცადეთ - ჩვენებურები გვერდი-გვერდ არიან სიაში, მასტერსზე კი მხოლოდ 100-ში გვეყოლება ორი მონაწილე. თანაც ორივე მედლის მოპოვების რეალური კანდიდატი. ამ წუთისთვის მსოფლიოს რეიტინგში ქართველთა დავაში წინ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანია - 662 ქულით XIII ადგილი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე კი 598-ით - XIV.

ოლიმპიურ რეიტინგში ორივე თითო ადგილით წინაა, რადგან დაწინაურებულთა შორის ერთზე მეტი წევრი მხოლოდ რუსეთს ჰყავს - ორი.

ჩვენებურთა დავაში დიდი როლი შეასრულა ბოლო ორმა აზიურმა შეჯიბრებამ - ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალზე ცირეკიძემ ბრინჯაო მოიპოვა და ჟორჟოლიანს გადაუსწრო, რადგან მას გარკვეული შედეგები ჩამოაკლდა. სამაგიეროდ, ჩინეთში ტრავმირებულმა ცირეკიძემ მხოლოდ ერთი წრე გაიარა, ჟორჟოლიანი კი მეორეზე გავიდა და ლიდერობა დაიბრუნა.

გაისად ჟორჟოლიანს კვლავაც საგრძნობლად დააკლდება ქულები - შარშანდელ მასტერსზე მოპოვებული 80 ქულა, რაც 50%-იანთა შორის ამჟამად ყველაზე ბევრია, საერთოდ გაუნულდება, სანაცვლოდ კი მხოლოდ 18 ქულას მიიღებს. ცირეკიძეს ამის საფრთხე არ ემუქრება, რადგან იმ დროს არც ჭიდაობდა.

ამიტომ ჟორჟოლიანს მონაპოვარის განსამტკიცებლად დიდი ბრძოლა მართებს, ორივეს ამოცანა კი 8 საუკეთესოს შორის მოხვედრა და ოლიმპიადაზე განთესილთა შორის ყოფნა იქნება. გაისად მათ ლამის იდენტური მოსამზადებელი გეგმა აქვთ - თუ რომელიმეს ტრავმა არ შეუშლის ხელს, ორივემ უნდა იჭიდაოს ზემოხსენებული დიდ ტურნირთა სამეული - მასტერსი, პარიზული და დიუსელდორფული შეჯიბრებები.

+100 კგ.
მძიმე წონაშიც დაახლოებით ისეთივე მდგომარეობა გვაქვს, რაც - 81-ში ანუ სალიცენზიო სიებში ბოლო ნახევარში ვართ, თუმცა ორი კაცით. ჩვენებურთაგან ზვიად ხანჯალიაშვილი ლიდერობს, რომელიც 370 ქულით საერთაშორისო რეიტინგში 23-ეა, ოლიმპიურში - მე-17. ადამ ოქრუაშვილი 232-ით, შესაბამისად, 37-ე და 21-ეა.

წონის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ზაიზენბახერმა ბოლო პერიოდში ჩართო ნაკრებში, მსოფლიოს ორგზის მედალოსანი ლაშა გუჯეჯიანია - 86 ქულა და 67-ე ადგილი, თუმცა იაპონიაში ბოლო შეკრებაზე ისიც დაშავდა. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში არც ხანჯალიაშვილსა და ოქრუაშვილს უჭიდავიათ. ვნახოთ, რას იზამენ გაისად.

დასასრულს, გეტყვით, რომ მასტერსზე გამოსვლის უფლება ოთხმა კაცმა გაინაღდა - პაპინაშვილმა, ლიპარტელიანმა, ჟორჟოლიანმა და ცირეკიძემ, თუმცა შეიძლება, სხვაც მიიწვიონ - ეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წონაში ვინმე იუარებს გამოსვლას. თუმცა დიდი საპრიზო ფონდიდან და ქულათა მარაგიდან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია, ვინმემ ისურვოს იქ ჭიდაობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული