მეტოქეები ნელ-ნელა ირკვევიან

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა რუსეთის ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების იტალიელმა თავკაცმა ეციო გამბამ, რომელმაც ორკაციანი კვოტა ყველა წონაში სრულად გამოიყენა: ევროპის შარშანდელი ჩემპიონი არსენ გალსტიანი და სან პაულუს მსოფლიოს თასის წლევანდელი გამარჯვებული ბესლან მუდრანოვი (ორივე - 60), ევროპის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი ალიმ გადანოვი და მოსკოვის `დიდი მუზარადის~ წლევანდელი ტრიუმფატორი მუსა მოგუშკოვი (66), მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი მანსურ ისაევი და ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ბატრაზ კაიტმაზოვი (73), ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ივან ნიფონტოვი და ევროპის წლევანდელი გამარჯვებული სირაზუდინ მაგომედოვი (81), მსოფლიოს
ვიცე-ჩემპიონი კირილ დენისოვი და რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი მურატ გასიევი (90), ევროპის შარშანდელი გამარჯვებული ტაგირ ხაიბულაევი და 23-წლიანთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი ზაფარ მახმადოვი (100), სხვადასხვა, შედარებით დაბალი რანგის საერთაშორისო ტურნირების მედალოსნები დმიტრი სტერხოვი, სოსლან ბოსტანოვი (+100), სერგეი პროხინი, ასლან კამბიევი (აბსოლუტური).

როგორც ვხედავთ, ვერც იტალიელი ასცდა ბოლო წლებში რუსულ საჭიდაო ნაკრებებში გამეფებულ რეალობას - ეს გუნდიც ძირითადად ჩრდილოკავკასიელებითაა დაკომპლექტებული, ეროვნებით რუსი კი ნიფონტოვისა და დენისოვის მეტი არავინაა. სხვა მხრივ კი შემადგენლობა მართლაც უძლიერესია - ბოლო წლების ტიტულოვან ფალავანთაგან თვალშისაცემი მხოლოდ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, მძიმეწონოსან ალექსანდრ მიხაილინის არყოფნაა. თუმცა გაგვიკვირდა მძიმე წონაში რუსეთის ჩემპიონ სოსლან ძანაევის იგნორირებაც, რადგან მან რამდენჯერმე უცხოეთშიც კარგად იჭიდავა. ასევე ცოტა უცნაურია რუსეთის კიდევ ერთი ჩემპიონის - აშხაბ კოსტოევის (100) სახლში დატოვება, თუმცა მას საერთაშორისო ტურნირებში თავი დიდად არც უსახელებია. საერთოდ, გამბას ამჟამინდელ კრებულში რუსეთის ბოლო პირველობის გამარჯვებულები თითქმის ვერც მოხვდნენ - ასეთი მხოლოდ გასიევია. ქვეყნის ჩემპიონი. გარკვეულწილად, ალბათ, ესეც გასაგებია, რადგან ის ტურნირი ლამის ერთი წლის წინ - შარშან ოქტომბერში ჩატარდა ნალჩიკში, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, კანდიდატებს კი გამოსაცდელად არაერთი ტურნირი აჭიდავეს. რუსთა ამჟამინდელ ვაჟთა ნაკრებში არც ქართველები არიან, თუმცა ჩვენებურთაგან ახლა იქ არც არავინაა იმდენად ძლიერი, საამისო პრეტენზია ჰქონოდა. სამაგიეროდ, ქალთა ნაკრებში ჰყავთ ქართველი - ერთ დროს ვლადიმირ პუტინის პირად მწვრთნელ ანატოლი რახლინს მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი თეა დონღუზაშვილიც მიჰყავს და მას ერთბაშად ორ წონაში აჭიდავებს - მძიმეში და აბსოლუტურში.

რუსეთის ვაჟთა ნაკრებმა მორიგი შეკრება ჩელიაბინსკში გაიარა და სამშაბათს ტოკიოში გაფრინდა, სადაც ტურნირის დაწყებამდე აკლიმატიზაციის მიზნით დასკვნით შეკრებას ჩაატარებს, ქალები კი ვლადივოსტოკში ემზადებიან და იქიდან გადავლენ ტოკიოში. ამ დღეებში ნაკრებს რუსი ჟურნალისტები ეწვივნენ, რომლებმაც რახლინს ყველაზე სახელგანთქმული შეგირდის, ანუ პუტინის შესახებაც ჰკითხეს. რახლინმა, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა უპასუხა: `ბევრი მიიჩნევს, რომ თუ პუტინი გაჰყვებოდა ძიუდოს, მთელ დროს სავარჯიშო დარბაზში და ტრენაჟორებზე გაატარებდა. ცხადია, ასე არაა~. რახლინმა ისიც დაამატა, რომ პრემიერმა მათი ყველა ტურნირისა და საქმიანობის შესახებ იცის, გამუდმებით ადევნებს თვალს ძიუდოში მიმდინარე მოვლენებს და გამოთქვა იმედი, რომ ტოკიოს ამბებსაც მიადევნებს თვალს.

რუსი ჟურნალისტები დონღუზაშვილის მომზადებითაც დაინტერესდნენ, როგორც გუნდის ლიდერისა. ჩვენს იქაურ კოლეგებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ დონღუზაშვილმა სიდნეის ოლიმპიადის წინაც ვლადივოსტოკი გაიარა შეკრება გუნდთან ერთად, თუმცა მაშინ ამან არაფერში არგო. ჩვენებურს ტოკიოში ადრეც ხშირად უჭიდავია, მაგრამ მაშინ აკლიმატიზაცია არ მქონდა გავლილიო, იხუმრა, მოსალოდნელ ბატალიებზე კი ეს განაცხადა: `მეტოქეები ძლიერები იქნებიან, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. ამიტომ ყველა შეხვედრას სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდო. მე, პრაქტიკულად, მზად ვარ ბრძოლისთვის~. ჩვენებურს იოლი შეხვედრები მართლაც არ ელის - სხვებს თავი რომ დავანებოთ, მისი ერთ-ერთი მეტოქე მძიმე წონაში მასპინძელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი მაკი ცუკადა იქნება. რუსი დიაცები ვლადივოსტოკში 7 სექტემბრამდე დარჩებიან, მერე კი სახალინის გავლით ტოკიოში გაფრინდებიან.

ამასობაში რამდენიმე სხვა გუნდის შემადგენლობაც გაირკვა. თავდაპირველად მასპინძელ იაპონიაზე ვთქვათ და თქვენი ნებართვით, მხოლოდ ვაჟებზე შევჩერდები, რადგან ამ ჩემპიონატზე ქალებში მონაწილე არ გვეყოლება. კანოს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მასააკი ფუკუოკა და მსოფლიოს ასევე მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ჰიროაკი ჰიროაკა (60), კანოსა და თბილისის ტურნირების მესამე პრიზიორი ჯუნპეი მორიშიტა და იაპონიის ჩემპიონი მასაში ებინუმა (66), მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ჰიროუკი აკიმოტო და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი იასუჰირო ავანო (73), იაპონიის წლევანდელი ჩემპიონი ტაკაჰირო ნაკაი და ვერცხლის პრიზიორი მასაჰირო ტაკამაცუ (81), მსოფლიოს პრიზიორი, წლუელს მართლაც ჩინებულად მოასპარეზე და სუვონის, პარიზისა და მოსკოვის `დიდი მუზარადების~, აგრეთვე ტუნისის `დიდი პრიზის~ მომგები ტაკაში ონო და ავსტრიის მსოფლიოს თასის მომგები დაიკი ნიშიამა (90), მსოფლიოს პრიზიორი, ქვეყნის ჩემპიონი ტაკამასა ანაი და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი კაიშან ტაკაგი (100), ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კეიჯი სუძუკი და რიო დე ჟანეიროს `დიდი მუზარადის~ მომგები, აბსოლუტურში იაპონიის ჩემპიონი კაზუჰიკო ტაკაჰაში (+100), იაპონიის ვერცხლის პრიზიორი მძიმე წონაში დაიკი კამიკავა და აბსოლუტურში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ჰიროკი ტაჩიამა (აბსოლუტური) - ასეთია მათი შემადგენლობა. ცვლილებები აქაც საგრძნობია, მაგრამ უფრო მძიმე და აბსოლუტურ წონებში. მაგალითად, ნაკრებში ვერ მოხვდა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი იასუიუკი მუნეტა, მსოფლიოს პრიზიორი იოჰეი ტაკაი, ოლიმპიური და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი კოსეი ინუე დაბერდა და, როგორც იქნა, საბოლოოდ წავიდა სპორტიდან. ჭიდაობას ასევე თავი დაანება, ოღონდ სრულიად გაუგებარი მიზეზებით, 23 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სატოში იშიმ... მჩატე წონებიდან ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მასატო უჩიშიბას (66) არყოფნას გამოვარჩევთ, სხვა მხრივ კი მათი შემადგენლობაც უძლიერესია. იქაურები ძირითადად ქვეყნის ჩემპიონატს დაეყრდნენ - მონაწილეთა უმრავლესობა იმ პირველობის ფინალისტია, თუმცა გამონაკლისიც არის - 66-ში ვიცე-ჩემპიონი მასაში შოგო მორიშიტამ ჩაანაცვლა.
ირაკლი თავაძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული