იქვე ამირან პაპინაშვილი (60) და ლაშა გუჯეჯიანიც (+100) ვარჯიშობდნენ, მაგრამ
თუმცა ზაიზენბახერი თბილისში არ ჩამოსულა - ტოკიოდან ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ნაახალწლევს ნაკრებიც გადაფრინდება და 8-20 იანვარს მიტერშილში გაივლის შეკრებას. სპორტსმენებს ამ შეკრების ჩატარება ბაკურიანში სურდათ, მაგრამ მწვრთნელის განაზრახვამ გადასძალა.
გუშინ ირაკლი ცირეკიძეს დავუკავშირდით, რომლის ამბავიც ყველაზე მეტად გვაინტერესებდა. მოგეხსენებათ, ის ჩინეთამდე ტოკიოშიც გამოვიდა ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე", სადაც ბრინჯაოს მედალი კი მოიპოვა და პროგრამა-მინიმუმი ანუ რეიტინგის 16 საუკეთესოში შესვლა გაინაღდა, მაგრამ ტრავმაც მიიღო და ჩინეთში მისი ჭიდაობა საფრთხის ქვეშ დადგა.
განვლილი ტურნირების გარდა, მას სამომავლო გეგმებზეც დავეკითხეთ. იმედია, წინამდებარე ინტერვიუში მკითხველი ბევრ საინტერესოს ამოიკითხავს, მაგრამ ჩვენ ერთზე გავამახვილებთ ყურადღებას - ცირეკიძე იაპონიაში მასპინძლებმა მიიწვიეს, ჩინეთში კი საკუთარი ხარჯით გადავიდა.
როგორც თავად გვითხრა, იაპონელებს რომც არ მიეწვიათ, ის მაინც წავიდოდა იქ საკუთარი ფულით, რადგან მის რეიტინგს ასე სჭირდებოდა.
დაგვეთანხმებით, ქართული მენტალიტეტისთვის განსხვავებული რეალობაა, როცა სპორტსმენი საკუთარი ინტერესისთვის ფულს ხარჯავს და მხოლოდ სახელმწიფოზე ან სხვის ჯიბეზე არაა დამოკიდებული. უცხოეთში ეს არავის უკვირს, ვინაიდან საქმისადმი პროფესიული მიდგომაა, თუმცა საქართველოში სხვაგვარად ხდება.
ეტყობა, ღარიბი ქვეყნის შვილების ბედი ასეთია - ჩვენთან თავისი საჭიროებისთვის ფულის ხარჯვა ანუ საკუთარ თავზე მუშაობა ყველას ეძნელება, მასაჟისტ-ფსიქოლოგსა და დამხმარე შტაბს რომ თავი დავანებოთ, უბრალო წამლებსა და გამოკვლევებზეც კი ფედერაციას შეჰყურებენ. ცხადია, ეს ფედერაციის საქმეა და უპირველესად, მათ ევალებათ, მაგრამ უცხოეთში ტიტულოვანი სპორტსმენები არცთუ იშვიათად, პირადადაც იწვევენ დამხმარეებს.
- აზიურ ტურნირებზე რა იყო თქვენი მთავარი ამოცანა და რამდენად ხართ კმაყოფილი მიღწეულით?
- პროგრამა-მინიმუმი მასტერსზე მოხვედრა იყო, რომელიც საგაისო სეზონის პირველი შეჯიბრებაა. თან სარეიტინგოდაც ძალიან ბევრ ქულას იძლევა და იქ მოხვედრის დიდი სურვილი მქონდა. აი, კანოს ტურნირის მოგება კი ყველასთვის სასიამოვნოა და ამაზე ლაპარაკი არც ღირს. იაპონიაში მასპინძლებმა მიმიწვიეს, თუმცა ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით შევიტყვე, მაგრამ იმ ორ ტურნირში გამოსვლას მაინც ვგეგმავდი. მზად ვიყავი, საკუთარი ხარჯით წავსულიყავი აზიაში, რადგან ერთმანეთის მიყოლებით ტარდებოდა ერთ კვირაში და არც ბევრი გადაფრენა მომიწევდა.
- კანოს ტურნირის მოგება თითქოს სავსებით რეალური იყო, მაგრამ ტრავმამ შეგიშალათ ხელი. ძველი გაგიმიზეზდათ თუ ახალი ტრავმა მიიღეთ?
- არა, ახალი ტრავმაა, რომელიც მეორე შეხვედრაში მივიღე იაპონელ ტაცუკი მასუბუშისთან. როგორც ექიმები ამბობენ, ხრტილი ხრტილზე გადააჯდა, თუმცა მომდევნო ორთაბრძოლაც მალევე მომიწია უზბეკ რამზიდინ საიდოვთან და რადგან გახურებული ვიყავი, ტკივილი იმდენად არ მიგრძვნია, მაინც შევძელი ჭიდაობაც და მოგებაც. აი, მერე კი ნახევარფინალამდე დიდი დრო იყო და როცა დავისვენე, იმდენად გამიჭირდა, მივხვდი, რუს სერგეი სამოილოვიჩთან საჭიდაოდ გასვლას აზრი არ ჰქონდა.
- ამ ეტაპზე როგორ გრძნობთ თავს, მოძრაობთ თავისუფლად?
- ტრავმა ჯერ კიდევ მაწუხებს, მაგრამ არა მგონია, იმდენად სერიოზული იყოს, მასტერსზე გამოსვლაში ხელი შემიშალოს. იმედია, მომავალი კვირიდან ვარჯიშს დავიწყებ. არც იმდენად სერიოზული მდგომარეობა მგონია, უახლოეს ტურნირზე გამოსვლაში დამაბრკოლოს.
- დღემდე თუ ვერ ახერხებთ ვარჯიშს, ჩინეთში ჭიდაობა დიდი რისკი არ იყო?
- იქ უფრო მოწინააღმდეგეებს ვაკვირდებოდი, ვის შეეძლო გადასწრება და ვისგან მელოდა საფრთხე. ამიტომ თავი დავიზღვიე და ავიწონე, თუმცა შუალედში არ მივარჯიშია. წონაც შიმშილის ხარჯზე დავიკელი, რადგან ვერც ტატამზე ვვარჯიშობდი, ვერც - დავრბოდი და საერთოდ ვერ ვემზადებოდი. თან იაპონიაში მარტო ვიყავი, ჩინეთში კი გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილიც ჩამოვიდა და მიმკურნალა. ამ ნემსების და გამაყუჩებლების ხარჯზე შევძელი იმ ორი შეხვედრის ჩატარებაც.
- იაპონიაში შეკრებაზე მყოფ ჩვენს გუნდთან არ ყოფილხართ, ვინ გიმკურნალათ?
- ცალკე ვიყავი, თუმცა ექიმი არც ჩვენს გუნდს ახლდა. ისინი ტოკიოდან დაახლოებით 1 საათის სავალზე იყვნენ, მარტო შეჯიბრებისას ჩამოვიდნენ და მერე ერთობლივ წვრთნებზე დადიოდნენ. ტოკიოში ისრაელის გუნდის ექიმმა მიმკურნალა. მოგეხსენებათ, იქაურ ნაკრებში იოსებ ფალელაშვილი გამოდის და იმათმა ექიმმა ჩამიტარა აუცილებელი სამედიცინო დახმარება.
- ისევ ჩინეთის ტურნირს დავუბრუნდეთ, რომლის შედეგითაც, 16-ში მოხვედრის მიუხედავად, კმაყოფილი არ იქნებით. რეიტინგში თქვენი უშუალო კონკურენტები ადრევე რომ არ გავარდნილიყვნენ, შეიძლებოდა იქ სხვანაირი შედეგი მიგვეღო?
- წაგებით კმაყოფილი ვერ იქნები კაცი, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ვერც სხვები წავიდნენ რეიტინგში წინ. საშიშროება რომ ყოფილიყო, იქნებ, უფრო მომენდომებინა, მაგრამ იმ მომენტში არ გავრისკე, ისედაც ერთიანად დაბინტული ვიყავი.
- ამ ორ ტურნირზე წონის მთელი ელიტა გამოვიდა. ალბათ, მათაც დააკვირდებოდით. საოლიმპიადო კონკურენციაზე რას იტყვით? ვფიქრობთ, უკვე ახალი სახეების გამოჩენა აღარაა მოსალოდნელი და ისევ ნაცნობ მეტოქეებთან მოგიწევთ შეხვედრები. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია რეიტინგში წინ წაწევა და რვა საუკეთესოს შორის მოხვედრა? ამ შემთხვევაში, ორივეზე გეკითხებით - თქვენზეც და ჟორჟოლიანზეც.
- რა ტურნირებზეც უნდა გამოვიდეთ - მასტერსი, პარიზი და დიუსელდორფი, მერე კი ევროპის ჩემპიონატი, თავისუფლად შესაძლებელია ხუთეულში მოხვედრაც და უფრო წინ წაწევაც კი. თუ ვივარჯიშებთ და მოვემზადებით, შეუძლებელი მართლა არაფერია.
- სავარჯიშო სისტემაზეც დაგეკითხებით - შეიცვალა რამე მსოფლიოს პირველობის შემდეგ, თუ იმავე დატვირთვით აგრძელებთ მზადებას?
- ჯერჯერობით ახალი არაფერია, ცვლილება მინიმალურია, რაიმე სერიოზული კორექტივები არ მომხდარა და გაისად რა იქნება, ვერ გეტყვით, არ მინახავს მოსამზადებელი გეგმა.
- თქვენი აზრით, კიდევ ხომ არ განმეორდება იგივე პროცესები, რამაც მსოფლიოს პირველობაზე მარცხი გამოიწვია?
- წინასწარ რა გითხრათ... მეგონა, წლის ბოლოს ბაკურიანში საბაზო შეკრებას გავივლიდით, რაც ძალიან წაადგებოდათ ბიჭებს თბილისის ტურნირის თუ სხვა დაგეგმილი შეჯიბრებებისთვის. ამ შეკრებას სულ გავდიოდით და კარგად მოქმედებდა გუნდზე. არის სხვა ნიუანსებიც, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა.
- ბაკურიანზე ამბობენ, რომ იქ ვარჯიში მოძველებული, კომუნისტური ტრადიციაა და ევროპელები უამისოდაც აღწევენ წარმატებებს. თქვენი აზრი ამ მოსაზრებაზე?
- ევროპელებს ბაკურიანი თუ არა, ალპები აქვთ, თუმცა მაგის თქმა და ბაკურიანის უარყოფა თუნდაც მხოლოდ ბოლო წლების შედეგებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება?! უცხოეთში ერთობლივ შეკრებებზე თუ არ ვრჩებოდით, ყოველთვის ბორჯომ-ბაკურიანში ვემზადებოდით და ძალიან კარგი წარმატებები გვქონდა.
მგონი, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რამდენად წაადგება სპორტსმენს იქ ვარჯიში, ვინაიდან მუდამ გამორჩეულ შედეგებს ვაღწევდით.
მართალია, ბორჯომ-ბაკურიანში ჰაერი და ბუნება კომუნისტების შემდეგ არ შეცვლილა, მაგრამ რატომ უნდა იყოს მოძველებული, ვერ ვხვდები. ვფიქრობ, ევროპაში უფრო ერთობლივ შეკრებებზე უნდა ჩავიდეთ, თორემ არა მგონია, სავარჯიშოდ ამაზე უკეთესი პირობები იყოს.
- ზემოთ უახლოესი მოსამზადებელი პროგრამაც დაასახელეთ, სადაც მასტერსის, პარიზისა და დიუსელდორფის შეჯიბრებებთან ერთად ევროპის პირველობაც ახსენეთ. მართლა გეგმავთ იქ გამოსვლას, თუ ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად ტაქტიკური მოსაზრებებით გამოტოვებთ მას?
- ევროპის ჩემპიონატზე ყველა ვარიანტში ვიჭიდავებ თუნდაც იმიტომ, რომ ეს ტურნირი ჯერ არ მომიგია. წინასწარ ვერ იტყვი, იქ გამოსვლა ან გამოუსვლელობა როგორ იმოქმედებს საოლიმპიადო პერსპექტივაზე. მათ შორის საკმაო შუალედიცაა და, ალბათ, გეგმაც ისეთი იქნება, რომ ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. პირადად მე რაც შემეხება, ჩვეულებრივად გუნდთან ერთად ვივარჯიშებ, ინდივიდუალურ მზადებას არ ვგეგმავ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"