ქართული ძიუდოს ავსტრიული ბედისწერა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ისევ გვიწევს წერა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში მიმდინარე უცნაურ მოვლენებზე, რაც ისევ და ისევ მთავარ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერს უკავშირდება.

როცა მან დეკემბერში გუნდის ხუთი წევრი და არა მთლიანი ნაკრები იაპონიაში წაიყვანა შეკრებაზე, რის გამოც საქართველოს ჩემპიონატს არ დაესწრო (ესეც სიმპტომურია - უცხოელი მწვრთნელები ხშირად უგულვებელყოფენ ქვეყნის პირველობას), მაშინ იმით გაამართლეს, რომ აქ არიან ქართველი მწვრთნელები, რომლებიც ინფორმაციებს მიაწვდიან, პირადად მას კი ვიდეოჩანაწერებითაც შეუძლია შეხვედრების ნახვაო. თუმცა დასრულდა იაპონური შეკრება და ზაიზენბახერი პირდაპირ ავსტრიაში გაფრინდა, არც ჩამოსულა საქართველოში.

ახლა ევროპაში საშობაო
დღეებია და ამას კიდევ გავუგებდით, მაგრამ ის იანვარში დაგეგმილ შეკრებასაც ავსტრიაში ატარებს იმის მიუხედავად, რომ ალტერნატივად ბაკურიანი განიხილებოდა და სპორტსმენთა უმეტესობაც ადგილობრივ ვარიანტს ემხრობოდა.

ის შეკრება 8-20 იანვარს მიტერშილში ტარდება ანუ მწვრთნელმა კვლავაც ისე მოაწყო, საქართველოში, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს - 19-20 ნოემბერს ამსტერდამში რომ იჭიდავეს (რამდენადაც მახსოვს, ავსტრიელი არც მანამდე ყოფილა თბილისში, ჰოლანდიაში შეუერთდა იქ ჩასულ გუნდს), იქიდან იაპონიაში გადაფრინდა, სადაც ერთი თვე გაატარა, ახლა კი 20 იანვრამდე ავსტრიაში ყოფნა გარანტირებული აქვს. მერე იანვრის ბოლოს თბილისის მსოფლიოს თასზე თუ ჩამოვა, თებერვალში ისევ ევროპაში მოუწევს გამგზავრება პარიზის, ავსტრიული ობერვარტის, დიუსელდორფისა და პრაღის ტურნირებზე, რომლებიც თებერვალში ერთმანეთის მიყოლებით ტარდება.

მართალია, იანვარში ალმატიში მასტერსიცაა, მაგრამ იქ გუნდს გიორგი ვაზაგაშვილი გაჰყვება, ზაიზენბახერი კი პირდაპირ ავსტრიიდან ჩავა და მერე ისევ უკან გადაფრინდება, საქართველო მის გრაფიკში ვერც ერთ გზაზე ვერ ხვდება.

იაპონური შეკრებისა არ იყოს, ეს ავსტრიული შეკრებაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ჯერ იქ წასაყვანი შემადგენლობა საბოლოოდ არაა დაზუსტებული, თუმცა ის კი ცნობილია, რომ მასტერსზე მოჭიდავე ოთხეული არ იქნება: ამირან პაპინაშვილი (60), ვალერი ლიპარტელიანი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (ორივე - 100).

ამათგან ბოლო სამს არც იაპონური შეკრება გაუვლია (თუმცა ტრავმის გამო იქ ბოლომდე ვერც პაპინაშვილმა ივარჯიშა) და ისმის კითხვა, თუ ავსტრიაში საბაზო ანუ ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრებაა, განა ამათ არ სჭირდებათ? როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ალმატიდან დაბრუნების შემდეგ ეს კვარტეტი თბილისში დარჩენილებს შეუერთდება თბილისის ტურნირისთვის განკუთვნილ შეკრებაზე.

აქ კიდევ ერთი უცნაური მომენტი იკვეთება: ავსტრიაში სავარჯიშოდ გუნდის მხოლოდ ნაწილი მიემგზავრება, წონაში ორ-ორი კაცი, თუმცა ზოგან შეიძლება, მეტიც იყოს, რადგან რიგ წონებში ან საერთოდ არავინ იქნება, ან - მხოლოდ თითო მონაწილე და მათ ხარჯზე იქნებ სხვაგან დაუმატონ. თუმცა, თბილისის თასზე ასპარეზობის ყველა მსურველი იქ ვერ წავა, ზოგი თბილისში გაივლის შეკრებას. ამდენად, იანვარში გუნდი სამ ჯგუფად გაიყოფა - ნაწილი მასტერსზე იჭიდავებს, ნაწილი ავსტრიაში ივარჯიშებს, ნაწილიც - თბილისში!

გვესმის, რომ ოლიმპიადის სეზონია და იქ გამოსვლის კანდიდატებს განსაკუთრებული მიდგომა, განსაკუთრებული სავარჯიშო გეგმა სჭირდებათ. განსაკუთრებით - ალმატიში წამსვლელ ოთხეულს, რადგან ოლიმპიური მედლების კანდიდატებიც მათ შორის უნდა დავიგულოთ (მათ 81 კილოგრამი თუ დაემატება); გვესმის ისიც, რომ მასტერსზე წასვლაც აუცილებელია, მაგრამ გუნდის ასე მარტივ მამრავლებად დაშლას იქნებ აჯობებდა, მართლაც ბაკურიანში გაევლოთ ეს შეკრება, სადაც ყველა ერთად ივარჯიშებდა? მაშინ სამასტერსო ოთხეულიც მათთან იქნებოდა და საბაზო შეკრებას ნაწილობრივ მაინც გაივლიდა. რაც მთავარია, გუნდის ლიდერები და სათადარიგო წევრები ერთად ივარჯიშებდნენ, ეს კი სამარქაფოებისთვის დიდი სტიმული, დაოსტატების კარგი საშუალება იქნებოდა.

ვიმეორებთ - გვესმის, რომ ლიდერებს ახლა, საოლიმპიადოდ განსაკუთრებული გრაფიკი სჭირდებათ, მაგრამ ვფიქრობთ, "ოქროს შუალედის" მოძებნაც შეიძლებოდა. ან ეს ვინ დაადგინა, რომ ბაკურიანი არ ვარგა სავარჯიშოდ და იქაურობას ევროპა სჯობია? რას ემყარება ასეთი დასკვნა, არის კი ამაზე სპეციალისტთა კვლევა, ანალიზი, თუ ეს ყველაფერი ავსტრიელის შეხედულებაა, რომელსაც ქართველები დაეთანხმნენ? ჩვენები ადრეც ბაკურიანში ემზადებოდნენ, მაგრამ არ იყო მედლები? ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ევროპელებს არ აქვთ ბაკურიანი, მაგრამ განა ჩვენ მათზე ნაკლები შედეგები გვქონდა?

ბუნებრივია, არ ვართ ევროპაში მომზადების კატეგორიული წინააღმდეგნი, მაგრამ მაინცდამაინც ავსტრიის ან შვეიცარიის ალპებში თუ არ ვვარჯიშობდით, იმიტომ არ შევქმენით ისეთი ოლიმპიური ისტორია, ჩვენზე ტერიტორიულად თუ ადამიანური რესურსით ბევრად დიდ ქვეყნებს წინ თუ არ ვუსწრებთ (თუმცა არც უამისობაა), არც ჩამოვრჩებით? სხვა თუ არაფერი, ამ შეკრებებისთვის ფული ისევ ჩვენთან დარჩება და საზღვარგარეთ არ წავა. იმ დროს, როცა ტურიზმი ქვეყანაში პრიორიტეტული დარგი ხდება და ქვეყანა ყველაფერს აკეთებს მისი პოპულარიზაციისთვის, ჩვენ რატომ მივდივართ საწინააღდეგო მიმართულებით? სავარჯიშოდ შესაფერისი ბუნებრივი პირობები რომ არ გვქონდეს, ხმას არ ამოვიღებდით, ხოლო ახლა მით უფრო ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას, რადგან ამ ყველაფრის უკან ერთი კაცის - უცხოელის ახირება და პირადი ინტერესი ილანდება.

ზაიზენბახერის საქციელი უკვე აშკარად ემსგავსება ფულის საკეთებლად ჩამოსული ევროპელის ქცევებს, რომელსაც რატომღაც ჩვენც ვეთანხმებით. ბოლო წლებში საქართველოში არაერთი ევროპელი მწვრთნელი გვინახავს, მათ შორის - ზოგი წარმატებული და თავისი საქმის მცოდნე, თუმცა ბევრის კვალიფიკაცია სერიოზულ ეჭვს იწვევდა. სამწუხაროდ, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ასევე ფულის საკეთებლად ჩამოსულებს ჰგავდნენ, ბევრზე კი იმთავითვე დაირხა ხმები, რომ სპორტის იმ კონკრეტული სახეობების საერთაშორისო ფედერაციებმა შემოგვაჩეჩეს.

სამწუხაროდ, ზაიზენბახერიც ამ კონტექსტში ჯდება, იქნებ მას იაპონიიდან საქართველოს პირველობის შესახებ მართლაც ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა აქაურ მწვრთნელებთან, იქნებ კონკრეტული ფალავნების შეხვედრათა ვიდეოჩანაწერებიც გამოითხოვა (თუმცა ალალად გეტყვით - ამაში ეჭვი მეპარება), მაგრამ მაინც ისე ჩანს, რომ მას ქართული ძიუდოს შიდა სამზარეულო არ აინტერესებს და მხოლოდ ლოკალური პირადი ინტერესითაა შემოფარგლული - კაცმა ისე ააწყო თავისი სამუშაო, მუდმივად ევროპის პრესტიჟულ ქალაქებსა და ტოკიოზე ნაკლებს აღარ კადრულობს (ამდენის ფუფუნება, მგონი, ჩვენს ნაკრებში დანიშვნამდე არ ექნებოდა), შედეგი კი არ არის (მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ის ერთი მედალიც ირაკლი ცირეკიძის მონაპოვარი უფროა, რომელმაც არ დაუჯერა და მისი გეგმით არ ივარჯიშა). თუმცა მას წარუმატებლობისთვის პასუხსაც არავინ სთხოვს ანუ შექმნილი რეალობა უფრო ჩვენი ბრალია.

აქ შეუძლებელია, კიდევ ერთხელ არ გავიხსენოთ ფეხბურთის მწვრთნელ გელა სანაიას სიტყვები, თბილისის "დინამოს" ესპანელ თავკაც ალექს გარსიაზე რომ თქვა, ქართველ მწვრთნელს ამდენს არავინ აპატიებსო. თუმცა ფეხბურთის მოხმობა რად გვინდა, როცა იმავე ძიუდოში შოთა ხაბარელი მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე გამარჯვების შემდეგ მოხსნეს. მას ვერც ქართული ძიუდოსთვის არნახულმა მიღწევებმა უშველა, თუმცა ესეც არ აკმარეს და რაც ახლახან მოხდა, ყველამ კარგად იცის - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სპორტული დირექტორობიდანაც გადააყენეს.

იქნებ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების გამოა, წინა ოლიმპიურ ციკლთან შედარებით ბევრად უკეთესი დაფინანსების პირობებში უფრო ცუდი შედეგი რომ გვაქვს დიდი ტურნირების ოქროს მედლებისა თუ ოლიმპიური ლიცენზიების მხრივ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც ფეხბურთში მიხვდნენ რომ ქართველს ქართველი უნდა ელაპარაკებოდეს და შემდეგ წვრთნიდეს, ისეა ძიუდოშიც; თან რა თაობა მოდის, ბავშვები იზრდებიან ყველა მნიშვნელობით, ამათ ნორმალური პატრონი სჩირდება...
giorgi0709
22:24 23-12-2011
0
ყველაპერი დღესავით ნათელია, როგორც ფეხბურთში მიხვდნენ რომ ქართველს ქართველი უნდა წვრდნიდეს და ამავდროულად ელაპარაკებოიდეს, ისეა ძიუდოც; აქვე დავძენ რომ ამის ,,მოფიქრებას,, კიდევ რამოდენიმე ,,მსოფლიო,, ,,მასტერსი,, და ერტი ოლიმპიადა შეეწირება
giorgi0709
22:18 23-12-2011
0

სიახლეები პოპულარული