ამიტომ გადაწყდა სათანადო კონტიგენტის მობილიზება, რომელსაც საგანგებოდ ფესტივალისთვის გამოზრდიდნენ. ქვეყნის მასშტაბით შეკრიბეს ამ ასაკის ბავშვები, რომლებსაც ორიოდე კვირის წინათ ძიუდოს აკადემიაში საქართველოს პირველობაც ჩაუტარეს. შეკრებაზეც იმ ტურნირის მედალოსნები წაიყვანეს. სულ 40 ბავშვი.
გუნდს სათავეში ბიძინა მოხევიშვილი ჩაუყენეს, რითაც ფედერაციამ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა - უსამართლოდ
მოხევიშვილთან ერთად იმუშავებენ ახლო წარსულის ცნობილი ძიუდოისტები, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ნესტორ ხერგიანი და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ევროპის ჩემპიონი ირაკლი უზნაძე. მათ ქუთაისელი ამირან მამრიკიშვილიც ეხმარება, რომელმაც საკუთარი ხარჯით ითხოვა წასვლა, რაც მისთვის კვალიფიკავციის ამაღლების საშუალებაც იქნებოდა. ფედერაცია მის სურვილს გაგებით მოეკიდა და არათუ წასვლის ნება დართო, დააფინანსა კიდეც.
გუშინ დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშს ჩვენც დავესწარით. ისინიც სწორედ იმ დარბაზში ვარჯიშობდნენ, სადაც უფროსები ემზადებიან და მათთვის იქაურობა ვრცელიც კი იყო. არც სითბო აკლდათ, ექიმიც თავზე ადგათ და მართლაც შესაფერის პირობებში ვარჯიშობდნენ. თუმცა როგორც მწვრთნელებმა გვითხრეს, პირობები არც სხვა მხრივ დაიწუნება - სასტუმრო, კვება - ყველაფრით კმაყოფილები არიან. სამაგიეროდ, მწვრთნელებს დიდ საზრუნავს თავად ბავშვები უჩენენ, ოღონდ არა იმიტომ, რომ არ უჯერებენ.
პირიქით - დისციპლინა სათანადო დონეზეა, პატარები სამუშაოსაც დიდი ინტერესით ეკიდებიან, მაგრამ ისინი დამწყებები არიან, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და მწვრთნელებსაც ამიტომ აქვთ ორმაგი საზრუნავი. ისინიც ფხიზლად ადევნებდნენ თვალს შეგირდთა ყოველ მოძრაობას.
ხერგიანიც, უზნაძეც და სხვებიც პერიოდულად ავარჯიშებდნენ ამა თუ იმ მოზარდს, თვითონ შედიოდნენ ლეიბზე და პრაქტიკული მაგალითებით ასწავლიდნენ ტექნიკურ-ტაქტიკურ ილეთებს, ჩავლებებს და სხვას. აღსანიშნავია, რომ შეკრებაზე ნესტორ ხერგიანის შვილი - ირაკლი ხერგიანიცაა, თუმცა სახელოვანი მამა მას არ ეკარება. მირჩევნია, თავისით ივარჯიშოსო, გვითხრა ნესტორამ და ირაკლი მართლაც სულ სხვათა მეთვალყურეობით მეცადინეობდა.
ძიუდოს ახალი წესებიდან და ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია საჭიდაო სტილის რეორგანიზაციას გეგმავს, ამის დაწყება კი პატარაობიდანვეა საჭირო. ამიტომ ამ ბავშვებსაც ახლებური სისტემით, თანამედროვე წესების შესაბამისად ავარჯიშებენ და სულ სხვა სტილის ძიუდოისტებად აღზრდიან. ცხადია, საამისოდ მხოლოდ საქართველოში ვარჯიში საკმარისი არაა და ეს გუნდი პერიოდულად უცხოეთში გაივლის შეკრებას, მონაწილეობას მიიღებს უცხოურ ტურნირებშიც, თუმცა გაისად წლის განმავლობაში საქართველოშიც გაიმართება სამი სარეიტინგო შეჯიბრება.
ორშაბათს მოზარდებს შეკრებაზე ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე და პრესსამსახურის უფროსი ზურაბ უსუფაშვილი ესტუმრნენ, რომლებიც მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. თუმცა მათთან ხელცარიელებიც არ მისულან - საახალწლოდ ტკბილეული და პრფესორ გურამ რატიშვილის მიერ გამოცემული ძიუდოს სახელმძღვანელო მიუტანეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"