ქართული ძიუდო რეფორმების გზაზე

AutoSharing Option
ახალ სეზონში ძიუდოს ფედერაცია ბევრ სიახლეს გეგმავს, რაც სხვა ფედერაციებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ამ თემებზე დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე გვესაუბრება, თუმცა მასთან ინტერვიუში შეგნებულად ავუარეთ გვერდი ქართული ძიუდოსთვის დღეს ყველაზე მტკივნეულ პრობლემას - ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხს.

ავუარეთ იმიტომ, რომ ეს თემა უკვე დახურულია - ოლიმპიადის შემდეგ პეტერ ზაიზენბახერი თანამდებობიდან მიდის, რაც პირადადაც განუცხადეს.

რატომ მერე და არა ახლავე, ან რატომ ვწირავთ ამ თამაშებსაც ზაიზენბახერის დატოვებით, ეს მართლაც აქტუალური კითხვაა. ავსტრიელმა რომ ვერ გაამართლა, ამაზე კამათი
უკვე ღია კარის მტვრევას ჰგავს და ამიტომაც ავუარეთ გვერდი.

ასევე არ შევხებივართ განვლილი სეზონის შეფასებას - ისედაც ყველაფერი ნათელია. ოფიციალურად კი რამდენიმე დღეში ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე იმსჯელებენ, სადაც ზაიზენბახერსაც მოუსმენენ. არსებითად, შარშანდელი სეზონის განსჯაც ღია კარის მტვრევა იქნება, რადგან აქამდეც არაერთხელ შეფასდა და თან ეროვნულ ნაკრებში ბევრი თავმოსაწონებელიც არაფერია.

უფრო მნიშვნელოვანი კი, ვფიქრობთ, სამომავლოდ განზრახული რეფორმებია, რამაც ქართული ძიუდო, ავსტრიელის მეთოდებისგან განსხვავებით, რეალურად უნდა გადაიყვანოს თანამედროვე რელსებზე. ნუცუბიძესთანაც უფრო სამომავლო რეფორმებზე ვისაუბრეთ, თუმცა ეს იმდენად ვრცელი თემაა, ერთ საგაზეთო წერილში ყველაფრის ჩატევა, დიდი სურვილის მიუხედავად, მაინც ვერ მოვახერხეთ.

- ბოლო ხანებში ლამის ყოველდღიურად გვესმის, რომ მსოფლიოს ძიუდო სტილს იცვლის და ფეხი უნდა ავუწყოთ. დაიწყო თუ არა ჩვენთან ეს პროცესი და როგორ მიმდინარეობს იგი?
- ძიუდო თუ იმ მიმართულებით წავიდა, რაზეც ახლაა ლაპარაკი, სხვა გამოსავალი არც გვრჩება. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ოლიმპიადის შემდგომ არჩევნებზე საერთაშორისო ფედერაციაში. თუ ის სტრუქტურა დარჩა და ახლანდელმა ხელმძღვანელობამ თავისი გეგმებით გაიმარჯვა, რისი ალბათობაც 80-90%-ია, მაშინ ძიუდოში კიდევ ბევრი ცვლილება მოხდება. საამისოდ ახლავე თუ არ დავიწყეთ მზადება, ძალიან დიდი ჩავარდნა გვექნება.

მართალია, ბავშვთა ნიჭიერების და კიდევ იმის ხარჯზე, რომ კავკასიელები აზიელთა მსგავსად ადრე შედიან სიმწიფის ასაკში, ეს ჩავარდნა იმდენად შესამჩნევი არ იქნება, თუმცა მაინც ბევრად გადააჭარბებს იმას, რაც ბოლო 2-3 წელიწადში გვაქვს. საბედნიეროდ, მწვრთნელთა ახალმა თაობამ, რომელიც სულ უფრო ინტენსიურად მოდის ძიუდოში, ეს ყველაფერი იცის, რადგან სულ ახლახან დაამთავრეს კარიერა და ნაკრებში ასპარეზობისას პირადად ხედავდნენ ამ პროცესს.

მსოფლიოში ძიუდოს განვითარების სულ ხუთი სკოლაა. ძირითადი სამია - იაპონურ-აზიური, ევროპული, რომელიც მთლიანად ძალისმიერ, არანორმალურ დატვირთვებზეა აგებული, და ნაციონალურ ჭიდაობებზე დამყარებული სკოლა, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე უკეთ მონღოლეთმა აითვისა. ოღონდ მათაც უკვე გაუჩერეს იმ ილეთების უმეტესობა - წელში შევარდნები, ნახევრად ბრუნები და სხვა.

ძიუდოში თუ კიდევ გამოჩნდება რამე ახალი, იმასაც აკრძალავენ. არავინ დაუშვებს, რომ სტანდარტული სტილი დაირღვეს. აქ დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა - სამედიცინო სასწავლებელში სწავლობ კლასიკურ მედიცინას და არავინ დაუშვებს ხალხურ მიმართულებას. ამიტომ ძიუდოს წესებში როგორც წერია, ყველაფერი ისე თუ არ იქნება, რაღაც ფორმით აუცილებლად დაბლოკავენ. ამაზე მართლა ძალიან სერიოზული ანალიტიკოსები მუშაობენ, რომლებიც ებრძვიან სისტემას და არა რომელიმე ქვეყნის საჭიდაო სტილს.

საბოლოოდ ეს სისტემა იქნება მარკეტინგულად გამართული სტრუქტურა - მათი სურვილია, ძიუდო სპორტის ელიტარულ სახეობად აქციონ, შედეგად კი ძიუდოისტი შეძლებული ადამიანიც იქნება, როგორც ჩოგბურთელი, კალათბურთელი, ბეისბოლისტი... მოკლედ, ძიუდოც მარკეტინგული განხრით მიდის ანუ თუ ამ სახეობის ვარსკვლავი ხარ, სერიოზული ფულიც უნდა გქონდეს და არა ისე, როგორც ადრე ხდებოდა, როცა ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონებს ქარხნის დირექტორად, რაიკომის მდივნად, პოლიციის უფროსად ან რამე თანამდებობაზე დანიშნავდნენ და თან ეტყოდნენ, მიდი, ფული მოიპარეო.

ასე აღარ იქნება - სპორტსმენს ამ საქმიდან უნდა ჰქონდეს შემოსავალი, პროფესიონალი უნდა იყოს და არა ისე, თან ვარჯიშობდეს და თან თავის სარჩენად სადღაც მუშაობდეს.

ამ გზაზე, ამ ახალი ტენდენციებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ კი არა, ნახტომებით მიდიან. ამ პროცესს თუ არ ავყევით, მესამე რიგის ქვეყანად გადავიქცევით. თან არც ისეა საქმე, საქართველო ამოსდიოდეთ მზე და მთვარე და სულ იმას ლოცულობდნენ, ოღონდ საქართველო იყოს კარგად და ჩვენი თავი ჯანდაბასო. იქაც არის ელიტა, რომელსაც სურს, სულ თავისი ქვეყნები იყვნენ კარგად. შენც მიგიღებენ, თუ იმათთან ერთად იქნები.

ესეც იმიტომ, რომ მაფიოზურ კლანად გაერთიანება არ დააბრალონ და თავი იმართლონ, არ ვართ კლანი და ამის დასტურად, აგერ ეს ქვეყანაც გამოდგება, რომელსაც ხელმძღვანელობაში წარმომადგენელი არ ჰყავს, მაგრამ არავინ ჩაგრავსო. ჩვენი მიზანია, ვიდრე უფროსობაში არავინ გვყავს, ამ წრეში მოვხვდეთ.

- ახალ სტილზე უკეთ გადაწყობის მიზნით სამომავლოდ მჭიდრო კონტაქტები იგეგმება ძიუდოს აზიურ კავშირთან. უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამაზე...
- მსოფლიოს პირველობაზე მათთან უკვე გაფორმდა ერთგვარი კომუნიკე, რომლის თანახმადაც მაის-ივნისში, ჭაბუკთა და ახალგაზრდების ევროპის პირველობის წინ საქართველოში ერთობლივ შეკრებაზე ჩამოვლენ უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ასაკობრივი გუნდები, რომლებსაც ჩვენებიც დაემატებიან.

ახალგაზრდებთან და ჭაბუკებთან ერთად ისინი 12-წლიანთა გუნდებსაც ჩამოიყვანენ - მოგეხსენებათ, ეს ასაკი ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან მათ უწევთ 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობა. ამიტომ ჩამომსვლელ სტუმრებს საგანგებოდ შევუთანხმდით, რომ 12-წლიანთა გუნდებსაც ჩამოიყვანენ. ეს შეკრება ყველა მათგანს უკვე უზის თავის კალენდარში, მსოფლიოს წინ კი ანალოგიური ვარჯიში უკვე აზიაში ჩატარდება, ოღონდ ახალგაზრდებისა და ჭაბუკებისა იქ უკვე ცალ-ცალკე გაიმართება - ერთი ყაზახეთში, მეორე - უზბეკეთში. რომელი რომელს უმასპინძლებს, ამაზე თვითონ შეთანხმდებიან ერთმანეთში.

- გასაგებია, რომ აზია იქაური სტილის გამო აარჩიეთ, თუმცა გასაკვირია - რატომ შუა აზია და არა იაპონია-კორეა?
- მხოლოდ იმიტომ, რომ წლეულს გამართულ აზიის ჭაბუკთა და ახალგაზრდულ თამაშებზე საერთო გუნდური მაჩვენებლებით პირველზე გავიდა უზბეკეთი, მეორეზე - ყაზახეთი, მესამეზე - ყირგიზეთი. იაპონია და კორეა სამეულშიც ვერ შევიდნენ. აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ რამდენად წარმატებულია შუააზიელთა სკოლა ბავშვთა ასაკში.

არადა, ეს მოზარდები არსად არ დაიკარგებიან, ხვალ-ზეგ დიდ სპორტში გამოჩნდებიან და დღეს თუ იაპონურ-კორეული სკოლის ჰეგემონიაა, ხვალ მაგათი იქნება, რადგან ცვლილებებს დროულად აუღეს ალღო.

მათ რეფორმები ბავშვებიდან დაიწყეს და არა დიდებიდან. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, თორემ საკუთარ თავში თუ ჩავიკეტეთ და იმაზე ვილაპარაკეთ, რომ ქართულ სტილს ებრძვიან, თავსაც დავიღუპავთ და ეს იმ ხალხის შეურაცხყოფაც იქნება, რომლებმაც ქართული ძიუდოს ისტორია შექმნეს. თან ძიუდო თუ სულ სხვა სახეობა გახდა, ჩვენ კი ისევ ძველი ვიჭიდავეთ, არაფერი გამოგვივა. ამის მაგალითი იგივე ბექა ღვინიაშვილია, რომელმაც ჭაბუკებში ძალიან კარგად იასპარეზა, მაგრამ ახალგაზრდებში ცოტა გაუჭირდა. ის მიჩვეული იყო, რომ მივიდოდა, ხელს მოკიდებდა, დააგდებდა და გაჭყლეტდა, მაგრამ მსოფლიოზე გერმანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონთან გაოგნდა - 2-3 წუთი ჩავლება ვერ აუღო, ხელი ვერ მოჰკიდა მეტოქეს. რამდენი ჩაავლო, იმდენი დაუძვრა.

- ახალი სტილის დანერგვა რამდენად წარმატებით მოხდება რეგიონებში, საამისოდ ხომ იქაური მწვრთნელების გადამზადებაცაა საჭირო, თორემ მარტო ნაკრებში ვარჯიში საქმეს ვერ უშველის.
- ეს მართლაც აუცილებელია და საამისოდ ჩაუტარდებათ თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები. თბილისის მსოფლიოს თასის წინ მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის იგეგმება სამდღიანი სემინარი. მოწვეული იქნება საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი სპორტული დირექტორი, რომელიც სწორედ ჩავლებებზე და ახალ სტილზე ჩაატარებს მეცადინეობებს.

სემინარს მთლიანად ჩვენი ფედერაცია დააფინანსებს, მწვრთნელ-მსაჯებისთვის კი უფასო იქნება. მეცადინეობებს ვიდეოზე ჩავიწერთ და შინ გავატანთ, რათა ადგილზეც იმეცადინონ და ბავშვებსაც აჩვენონ. ამასთან, ასაკობრივი გუნდების ყველა მწვრთნელი რამდენიმე დღით წავა სხვადასხვა რეგიონში და საჩვენებლ ვარჯიშებს ჩაუტარებენ როგორც სპორტსმენებს, ისე - მწვრთნელებს. ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელებს რეგიონებში მსგავსი სწავლებების გამართვა იანვრიდან ოფიციალურად დაევალებათ და მათი საქმე მხოლოდ ნაკრებების ვარჯიში აღარ იქნება.

მათ პროგრამებიც უნდა მოუმზადონ რეგიონებში მომუშავე კოლეგებს, როგორი დონის ბავშვი უნდა მოუყვანონ ნაკრებში. ელემენტარული ლოგიკაა - ვინც ცვლას გიგზავნის, მასაც მიეცი ის, რასაც მისგან ითხოვ ანუ როგორ მოგიმზადოს ბავშვი.

- ფედერაციამ რეგიონებში უკვე დაიწყო მატერიალურ-ტექნიკური თუ საკადრო რესურსის აღნუსხვა. ამან რა სურათი მოგცათ?
- სამწუხაროდ, კიმონოების კატასტროფული დეფიციტია. ასევე - ტატამებისაც, რომელიც თავის დროზე ბევრი კი შემოიტანეს, მაგრამ დააცალკევეს და ასე დაარიგეს, რათა ბევრი დარბაზი მოეცვათ. ამიტომ უმეტესად ნახევარ-ნახევარი ტატამები აგია, რაც მხოლოდ იმაში წაადგებათ, რომ ბავშვი იატაკზე არ დაეცეს, თორემ იქ ილეთის სწავლა შეუძლებელია.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტროსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ნამდვილად არაა სასწაულ ფასებზე ლაპარაკი. ფედერაციის პოზიცია ასეთია - შეჯიბრებებზე თასების დარიგებას აჯობებს, კიმონოები ვუყიდოთ და იმით დავასაჩუქროთ. ოღონდ აქ კანონმდებლობიდან გამომდინარე ორგანიზაციული სირთულეა - უცებ ვერ გავარდები და ამდენ კიმონოს ასე ერთად ვერ იყიდი. ეს პრობლემა რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს. ყოველ შემთხვევაში, მოვითხოვეთ, რომ ეს თანხა ბიუჯეტში უკვე ჩაგვიდონ და ვიმედოვნებთ, დაგვთანხმდებიან, თუმცა ამასაც ტენდერები დასჭირდება.

შემოწმების შედეგად 152 მწვრთნელი აღირიცხა, თუმცა იმათგან სათანადო განათლებით დაახლოებით 40-მდეა ანუ, ვისაც ყოფილი ფიზკულტურის ინსტიტუტი დაუმთავრებია, დანარჩენი კი სპეციალისტი არაა. ისინი ვეტერანი ძიუდოისტები არიან და ბავშვების მომზადება ზუსტად იმდენად იციან, რაც საკუთარი მწვრთნელებისგან ახსოვთ. თუ ვინმე ნაკრებში იყო, დამატებით კიდევ იციან რაღაც, მაგრამ ესეც საშეკრებო პროგრამაა, ყოველდღიური მზადება კი არ იციან, ტაქტიკურ მზადებაზე წარმოდგენა არ აქვთ.

- როგორც ცნობილია, წლეულს შიდა ტურნირების რაოდენობაც ბევრად იზრდება, შემოდის სარეიტინგო შეჯიბრებები და სპორტსმენთა ანაზღაურების სისტემაც იცვლება.
- წლეულს ჩატარდება საქართველოს 4 პირველობა და მასთან გათანაბრებული 11 შიდა სარეიტინგო ტურნირი. ამას ემატება ორი საერთაშორისო შეჯიბრება - თბილისის მსოფლიოს თასი და "თბილისი-ოუფენი", რომელშიც უფროსთა გარდა, ყველა ასაკი მიიღებს მონაწილეობას, 8-დან 20 წლამდე.

მსგავსი ტურნირი დაახლოებით 10 წლის წინ 3-ჯერ გავმართეთ, ოღონდ - მხოლოდ 17 წლამდე. რამდენიმე დღევანდელ სახელოვან ფალავანს უჭიდავია იმ შეჯიბრებაზე. მაგალითად, ფრანგ დმიტრი დრაჟინს. ამ ტურნირის აღდგენა დიდი შენაძენი იქნება ჩვენთვის და გვინდა, ის ტრადიციული გავხადოთ.

ამას გარდა, შეკრებების რაოდენობა მაქსიმალურად გაიზარდა - თითო ასაკობრივ ნაკრებს უწევს 4 შეკრება, ხოლო იმ 17 შეჯიბრებას კიდევ 28 სახელობითი და ხსოვნის ტურნირი ემატება. პრაქტიკულად, არც ერთი შაბათ-კვირა არაა უშეჯიბროდ. არადა, მსურველი ბევრად მეტია და ვეუბნებით, რომ კვირის სამუშაო დღეებიც გამოიყენონ, მაინცდამაინც უქმეებს ნუ დაამთხვევენ. ფედერაცია არავის მისცემს ტურნირის გამართვის უფლებას, თუ კომისარი არ იქნება მივლენილი და არ ჩამოიტანს დასკვნას, რა დონეზე ჩატარდა შეჯიბრება და გაისად მიეცეს თუ არა მათ ისევ გამართვის უფლება.

სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემაა რეგიონალურ ფედერაციებთან ურთიერთობაც. ზოგიერთი მათგანი კარგად მუშაობს, ზოგი კი მხოლოდ ფორმალურად არსებობს და მათი მუშაობა ნულზეა დასული. გვინდა, დავეხმაროთ მათ, რომ გამოცოცხლდნენ. ამასთან, აუცილებლად გადავალთ საკონტრაქტო ხელშეკრულებაზე, რაც აქამდე არ ხდებოდა. პროგრამულ დაფინანსებაში ვითვალისწინებთ ფედერაციის თანაშრომელთა ხელფასებსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული