ვაჟთა ნაკრები მიმდინარე შეკრებას დღეს დაასრულებს, როცა ძიუდოს აკადემიაში საკონტროლო შეხვედრებს მსუბუქი წონების - 60, 66 და 73 კილოგრამი წონების წარმომადგენლები გამართავენ. 1 სექტემბრის ღამეს გუნდი ტოკიოში გაფრინდება და აკლიმატიზაციის მიზნით დასკვნით შეკრებას იქ გაივლის. სწორედ ტოკიოში გატარებული დღეები აღმოჩნდება გადამწყვეტი ჩვენი ბიჭებისთვის. მით უფრო, იქ ორი მათგანი მცირე ტრავმებით მიდის - ვალერი ლიპარტელიანმა მხარი ჯერ კიდევ წინა შეკრებისას იტკინა და ეს, პრაქტიკულად, გაუცდა, მეორე დაშავებული კი მინდია ხომიზურია. მათ ტრავმები საბოლოოდ ტოკიოში უნდა მოირჩინონ.
გუშინდელ ღია ვარჯიშს მედიის წარმომადგენლებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც დაესწრო სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად. ვიდრე ძიუდოისტები ვარჯიშობდნენ, ჟურნალისტები ვარძელაშვილს გავესაუბრეთ: `ამ ჩემპიონატში ერთბაშად 14 კაცით გამოვდივართ, რაც მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მაგრამ მედლების მოპოვების შანსიც გვეზრდება. ვიმედოვნებ, ჩვენი სპორტსმენები ამ უმნიშვნელოვანეს ჩემპიონატში წარმატებით გამოვლენ. საამისოდ მათ ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი და სამინისტროს მხრიდან გვერდში დგომა არც მომავალში მოაკლდებათ. კარგი გამოსვლის შემთხვევაში ისინი ფულად პრემიებსაც მიიღებენ. გუნდში ადრე არსებული დაპირისპირება აღმოფხვრილია და მზად არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე უმაღლესი შედეგის საჩვენებლად~ - განაცხადა მინისტრმა.
ამასობაში ვარჯიშიც ნელ-ნელა მიუახლოვდა დასასრულს. სპორტსმენებმაც იწყეს ტატამიდან გამოსვლა და ჩვენც რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.
ლაშა გუჯეჯიანი: `ამ ეტაპამდე ასეთ ფორმაში არასოდეს მივსულვარ. ჯვარი მწერია და, ყოველმხრივ კარგად ვგრძნობ თავს. არც ტრავმა მაწუხებს და არც სხვა რაიმე პრობლემა. დატვირთვების მერე ცოტა დასვენება მინდა, სული რომ მოვითქვა, მდგომარეობიდან გამოვიდე და ახლა სწორედ ამ პროცესში ვარ. დარბაზში ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძვნია და ღმერთს მადლობა ამისთვის. ვნახოთ, დანარჩენი ტოკიოში გამოჩნდება. ოთხივე შეკრებაზე სხვადასხვანაირი ვარჯიში გვქონდა და ხალისით ვმუშაობდით. მოკლედ, ფრიად კმაყოფილი ვარ ჩემი თავითაც და ვარჯიშებითაც. მიმაჩნია, რომ სატურნირო პრაქტიკა არ მაკლია. საკმაოდ ბევრ შეჯიბრებაში გამოვედი და ადრე თუ ილეთს ვერ ვგრძნობდი, ახლა არც ეს პრობლემაა და უკვე სრულად ვაკონტროლებ შეხვედრის მიმდინარეობას~.
ვალერი ლიპარტელიანი: `სამწუხაროდ, ხელი ისევ მტკივა და ამ შეკრებაზე არც მივარჯიშია. ტრავმა ბორჯომში მივიღე ბოლო დღეებში, საკონტროლო შეხვედრისას. რენტგენი გადავიღე და მოტეხილობა არაა, მაგრამ მყესებია დაჭიმულიო. ადრე გაცილებით მტკიოდა, ახლა კი გამიარა და იმდენად აღარ მაწუხებს, თუმცა ამ შეკრებაზე ხელი კი შემიშალა - ათ დღეში მეორედ მხოლოდ ახლა ვივარჯიშე. ვფიქრობ, ხუთ დღეში გამივლის და მთავარ იმედს იაპონიაში გასავლელ ბოლო შეკრებაზე ვამყარებ~.
ირაკლი ცირეკიძე: `ჩვენს გუნდს მუდამ დიდი პოტენციალი ჰქონდა. მთავარია, რამდენად კარგად მომზადებულნი მივალთ ტურნირზე, როგორი იქნება ფსიქოლოგიური განწყობა. მოსამზადებელ პერიოდში გუნდმა კარგად ივარჯიშა და ცდა არავის დაუკლია. პირადად რაც შემეხება, ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურადაა - ოთხივე შეკრებაც გავიარე და ტურნირებშიც გამოვედი, საშეჯიბრო პრაქტიკაც საკმარისია და თავსაც კარგად ვგრძნობ~.
ლევან წიკლაური: `ამ ეტაპზე რაც მომეთხოვება, სავსებით ნორმალურად ვარ მომზადებული. ერთადერთი, დატვირთვების შემდეგ ცოტა დასვენება მჭირდება. ვგრძნობ სუნთქვის პრობლემა ისევ რჩება, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც გადაღლილობის ბრალია და დასვენება მიშველის. ჩემს წონაში კონკურენცია ძალზე დიდია – უძლიერესი ფალავნები ჰყავთ მასპინძლებს, ბრაზილიელებს, ფრანგებს, რუსებს, გერმანიიდან ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფი იჭიდავებს. ერთი სიტყვით, ჩემს წონაში დაახლოებით 15 კაცია სერიოზული კონკურენტი~.
ამასობაში ვარჯიშიც დასრულდა და სპორტსმენებს ჯერ ვარძელაშვილი გაესაუბრა, რომელმაც წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ იაპონიაში ღირსეულად გამოვლენ, მერე კი გუნდი საგანგებოდ მოწვეულმა მღვდელმა დალოცა. ამის შემდეგ ტოტიკაშვილსაც გავესაუბრეთ: `გუნდმა მოსამზადებელი პერიოდი კარგად გაიარა. აქამდე გამართული ოთხივე შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენეთ, მაგრამ მაინც მინსკში გამართულ ერთობლივ წვრთნებს გამოვარჩევ, სადაც ძალიან ძლიერ გუნდებთან ერთად ვივარჯიშეთ. იქ ჩვენს გარდა 18 ნაკრები იყო ჩასული და მათთან ვარჯიში ბიჭებისთვის ძალიან სასარგებლო იყო~.
ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნაკრებში არსებული ვითარება იყო, კონკრეტულად კი იმის გარკვევა, დამთავრდა თუ არა ადრინდელი დაპირისპირება. ამ თემაზე ვარძელაშვილის პასუხი უკვე წაიკითხეთ, ტოტიკაშვილმა კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის დაპირისპირება დამთავრდა, გუნდში სადღეისოდ მეგობრული ვითარებაა, ხოლო სპორტმენებს თვითონაც უკვირთ, მაშინ იმ ამბებში როგორ აღმოჩნდნენ გარეულები. ჩვენ იმითაც დავინტერესდით, მსოფლიოს პირველობის შემდეგ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები თუ მოხდებოდა, რაზეც ვარძელაშვილმა დიპლომატიურად მოგვიგო, ამაზე მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების მერე ვილაპარაკოთო. სამაგიეროდ, იგივე საკითხზე კომენტარისას ტოტიკაშვილმა საინტერესო ფრაზა თქვა - ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, კორეელი თუ იაპონელი სპეციალისტი, ჩვენ ყველამ ნაკრების წინსვლისთვის უნდა ვიზრუნოთო. ცხადია, ხელაღებით ვერ ვამტკიცებთ, კორეელი და იაპონელი მან შემთხვევით ახსენა თუ - გამიზნულად, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ზემდგომნი ნაკრების თავკაცად უცხოელი სპეციალისტის მოწვევის იდეას კარგა ხანია, აქტიურად განიხილავენ. თუმცა გვაქვს ინფორმაცია ქართველ მწვრთნელთან დაკავშირებითაც, მაგრამ ობიექტური მიზეზით, მის გვარს ჯერ არ დავასახელებთ. ისე კი, რამდენადაც ვიცით, უფრო აქტიურად უცხოელის მოწვევას განიხილავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"