პაპინაშვილის, ლიპარტელიანისა და ჟორჟოლიანის სამასტერსო ვნებები

AutoSharing Option
დღეს და ხვალ ყაზახურ ალმატიში ძიუდოსიტთა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება - მასტერსის ტურნირი გაიმართება, რომელშიც სამი ქართველი მიიღებს მონაწილეობას: ამირან პაპინაშვილი (60), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ლომერ ჟორჟოლიანი (100).

იქ გამოსვლის უფლება მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემაც (100) მოიპოვა, მაგრამ ტრავმის გამო ვერ შეძლო გამგზავრება.

ამ რანგის ტურნირებში, სადაც მონაწილეობისთვის მსოფლიოს რეიტინგის მხოლოდ 16-16 საუკეთესოს იწვევენ, ძლიერებად და სუსტებად დაყოფა პირობითია, თუმცა პაპინაშვილის ხვედრი მაინც მძიმე გვგონია - თავდაპირველად რუს ბესლან მუდრანოვს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ფრანგ
ევროპის ჩემპიონს სოფიენ მილოსა და აზერბაიჯანელ მსოფლიოს პრიზიორ ილგარ მუშკიევს შორის მოგებული ელოდება.

მუდრანოვი საერთაშორისო რეიტინგში მერვე ადგილზეა და სამი საფეხურით ჩამორჩება პაპინაშვილს. ჩვენებური მას კარიერაში ჯერ არ შეხვედრია, მილო შარშან ორჯერ დაამარცხა - ევროპის პირველობაზე და ამსტერდამის "დიდ პრიზზე", მუშკიევს კი ასევე შარშან მისსავე მშობლიურ ტურნირზე - ბაქოს "დიდ პრიზზე" აჯობა.

პაპინაშვილის სავარაუდო მეტოქეთა შორისაა მონღოლი ჩიმედ-იონდონ ბოლდბაატარი, ვისაც ჩვენებურმა ასევე შარშან ორჯერ მოუგო - ბაქოში ფინალში და ამსტერდამში - ნახევარფინალში, თუმცა ბადის იმ მხარიდან მისთვის ყველაზე სახიფათოდ უზბეკი მსოფლიოს ზედიზედ ორჯერ მომგები დიშოდ სობიროვი მიგვაჩნია. მასთან პაპინაშვილს უარყოფითი ბალანსი აქვს.

ლიპარტელიანი მეორე წრეშია გასული, სადაც ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონ ტიაგო კამილოსა და ყაზახ ტიმურ ბოლატს შორის მოგებულს ელოდება. სავარაუდოდ, ეს ბრაზილიელი იქნება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი ქვედა წონაში გახდა 2007 წელს. ლიპარტელიანი მას სამჯერ შეხვდა და ყველა წააგო.

ჟორჟოლიანი პირველ შეხვედრას ფრანგ მსოფლიოს პრიზიორ ტიერი ფაბრისთან გამართავს, ამათში მოგებულს კი მონღოლ ტამუულენ ბატულგასა და ყაზახ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მაქსიმ რაკოვს შორის გამარჯვებული ელოდება. ჩვენებური თუ ორივე წრეს წარმატებით გაივლის, ნახევარფინალში გავა, სადაც, სავარაუდოდ, იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკამასა ანაის შეხვდება.

ყოველ შემთხვევაში, გვეეჭვება იქითა მხარეს ანაი ბრაზილიელმა მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ლუსიანო კორეამ ან ებრაელმა ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელმა არიელ ზეევმა შეაჩერონ.

ჟორჟოლიანი ფაბრის მხოლოდ ერთხელ შეხვედრია და მაშინაც დამარცხდა, ანაისთან კი თითო მოგება-წაგება აქვს. ის მოგება ჯერ კიდევ დამწყებმა ფალავანმა მოიპოვა 2007 წელს თბილისის სპორტის სასახლეში, როცა მსოფლიოს თასის ფინალში ულამაზესი იპონით დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული