ქართველი ძიუდოისტების მარცხიანი დასაწყისი

AutoSharing Option
პირველივე წრიდან გამოვარდნილი ორი მონაწილე და ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოგება - ასეთია ჩვენი სამკაციანი გუნდის გამოსვლის შედეგი ყაზახურ ალმატიში დამთავრებულ მასტერსზე.

მოგეხსენებათ, იქ ჩვენი ნაკრების ელიტა გამოდიოდა ანუ მსოფლიოს რეიტინგის 16 მოწინავეთა შორის მყოფნი -ამირან პაპინაშვილი (60), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ლომერ ჟორჟოლიანი (100), ხოლო მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) ტრავმის გამო ვერ წავიდა.

ძალიან ცუდია, ჩვენმა გუნდმა ოლიმპიური სეზონი ასე კატასტროფული მარცხით რომ დაიწყო. თუმცა კატასტროფაში არა იმდენად მედლებს ან სხვა სტატისტიკურ მონაცემებს ვგულისხმობთ, არამედ -
ჭიდაობის ხარისხს, რაც კვლავაც არ იყოს სასურველ დონეზე.

ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და ღმერთმა ჰქნას, იქამდე მდგომარეობა გამოსწორდეს, მაგრამ, როცა გუნდის ლიდერები ასე უსახელოდ ასპარეზობენ, რისი იმედი უნდა გვქონდეს? პეტერ ზაიზენბახერის მფარველობის სანაცვლოდ საოლიმპიადოდ რაოდენ ბევრსაც უნდა გვპირდებოდეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი, აუცილებელი პირობაა, რომ ჩვენებმა იჭიდაონ, ალმატიში ნანახი კი ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად გვაძლევს.

თანაც, საეჭვო გარიგებების მსხვერპლი ჩვენი ნაკრებისთვის მსგავსი ჩავარდნა არც გამონაკლისია - სამწუხაროდ, ბოლო წლებში გუნდი ვეღარ ჭიდაობს. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სამეულს აკლდა ფიზიკური მომზადება და ვშიშობთ, ეს ნაკლი მთელი სეზონი იჩენს თავს, თუ მდგომარეობა არ გამოასწორეს. მათ საბაზო შეკრება არც გაუვლიათ - პაპინაშვილმა იაპონიაში ვერ დაამთავრა შეკრება, ლიპარტელიანმა ბაკურიანში მხოლოდ 10 დღე ივარჯიშა და ისიც უგუნდოდ, ხოლო ჟორჟოლიანი თბილისში ემზადებოდა.

გვესმის, რომ მასტერსი რაღაც ცუდად იყო გამოჩხერილი კალენდარში, მაგრამ წინა წლებში ამ პრობლემის მეტნაკლებად მოგვარება ხერხდებოდა. ასეა თუ ისე, ამ სამეულსაც და ცირეკიძესაც ფიზიკური მომზადების დეფიციტი ექნებათ, რადგან ისინი არც ავსტრიაში წაუყვანიათ შეკრებაზე.

ალმატიში შედარებით უკეთ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჟორჟოლიანი გამოვიდა - სწორედ მან მოიგო ის ერთადერთი შეხვედრაც და მხოლოდ მან მიიღო სარეიტინგოდ ქულები. ამჯერად - 80.

ჟორჟოლიანი საბოლოოდ მეხუთეზე გავიდა, თუმცა საამისოდაც ბეწვის ხიდზე იარა - პირველ წრეში ფრანგი მსოფლიოს პრიზიორი ტიერი ფაბრი ვაზარით დაწინაურდა და უპირატესობას ლამის შეხვედრის ბოლომდე ინარჩუნებდა, მაგრამ დამთავრებამდე 17 წამით ადრე ჟორჟოლიანმა იპონით მოიგო. მოლოდინისამებრ, მეორე წრეში მისი მეტოქე მასპინძელთა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი მაქსიმ რაკოვი აღმოჩნდა, რომელთანაც ჩვენებური გაფრთხილებებით დამარცხდა. ამათგან განსაკუთრებით საკამათო მეორე იყო, თუმცა მსაჯთა სიმპათიები რომ რაკოვს ექნებოდა, ამას შეგუებულებიც ვიყავით. და მაინც - ვეჭვობთ, ეს შეხვედრა ყაზახეთის გარეთ, რომ ყოფილიყო, სულ სხვანაირი შედეგით დასრულდებოდა.

პაპინაშვილი და ლიპარტელიანი პირველივე ორთაბრძოლებში დამარცხდნენ. პაპინაშვილმა რუს ბესლან მუდრანოვთან წააგო იპონით, ლიპარტელიანმა კი ბრაზილიელ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ტიაგო კამილოსთან დათმო ორთაბრძოლა დამატებით დროში. აშკარაა, მას მარტოს უჭირს გამკლავება პრობლემასთან, რასაც სახელად "უხერხული მეტოქე" ჰქვია - კამილოსთან წინა სამი შეხვედრაც წაგებული ჰქონდა.

სამწვრთნელო შტაბმა - ნაკრებისამაც და პირადმაც ბევრი და საგანგებოდ მიზანმიმართულად უნდა იმუშაონ ასეთ ძიუდოისტთა სტილის დასამუშავებლად, პარალელურად კი თავად ლიპარტელიანის სტილის გამრავალფეროვნებასა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იზრუნონ.

ტურნირის "არაქართული" ნაწილიდან ერთს გამოვარჩევთ - როგორც იქნა, წააქციეს ჩინელი მთა-ქალი, მსოფლიოს შვიდგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ვენ ტონგი, რომელსაც თანაგუნდელმა ქიან ქინმა სძლია. ისინი აქამდე სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ყოველთვის ტონგი იგებდა.

მათ შორის - პარიზში, მსოფლიოს ფინალში და დეკემბერში ჩინურ ქინგდაოში გამართული "დიდი პრიზის" ასევე გადამწყვეტ შეხვედრაში, თუმცა ამჯერად მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონმა ქინმა შეძლო გამარჯვება. ტონგმა მსოფლიოს ჩემპიონობა მეშვიდედ ოქტომბრის ბოლოს ტიუმენში გამართულ აბსოლუტურ პირველობაზე მოიპოვა. იქ ფინალში რუსთა ქართველი თეა დონღუზაშვილი დაამარცხა, რომელმაც შეხვედრის ბოლოს განაცხადა, ასე მეგონა, კაცს ვეჭიდავებოდიო.

კვარცხლბეკი. ვაჟები.
60 კგ. 1. არსენ გალსტიანი (რუსეთი), 2. რიშოდ სობიროვი *უზბეკეთი), 3. ჰიროაკი ჰიროაკა (იაპონია), ბესლან მუდრანოვი (რუსეთი).
66 კგ. 1. მიარაგშაა სანჯაასურენი, 2. ჩაგანბაატარ ხაშბაატარი (ორივე - მონღოლეთი, 3. მასაში ებინუმა, ჯუმპეი მორიშიტა (ორივე - იაპონია).
73 კგ. 1. კი-ჩუნ ვანგი (კორეა), 2. რიკი ნაკაია, 3. ჰიროიუკი აკიმოტო (ორივე - იაპონია), მანსურ ისაევი (რუსეთი).
81 კგ. 1. ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი), 2. ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია), 3. ეუან ბურტონი (ბრიტანეთი), სირაზუდინ მაგომედოვი (რუსეთი).
90 კგ. 1. მასაში ნიშიამა (იაპონია), 2. კირილ ვოპროსოვი (რუსეთი), 3. ტიაგო კამილო, ჰუგო პესანა (ორივე - ბრაზილია).
100 კგ. 1. მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი), 2. ჰენკ ხროლი (ჰოლანდია), 3. ტაკამასა ანაი (იაპონია), სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი).
+100 კგ. 1. რაფაელ სილვა (ბრაზილია), 2. დაიკი კამიკავა (იაპონია), 3. ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე), ანდრეას ტოლცერი (გერმანია).

ქალები.
48 კგ. 1. ტომოკო ფუკუმა, 2. ჰარუმა ასამი (ორივე - იაპონია), 3. სარა მენეზესი (ბრაზილია), ელენა მორეტი (იტალია).
52 კგ. 1. იუკა მიშიდა, 2. მისატო ნაკამურა (ორივე - იაპონია), 3. სორაუია ჰადადი (ალჟირი), ისე ჰაილენი (ბელგია).
57 კგ. 1. კაორი მაცუმოტო (იაპონია), 2. ტელმა მონტეირო (პორტუგალია), 3. აიკო სატო (იაპონია), რაფაელა სილვა (ბრაზილია).
63 კგ. 1. იოშიე უენო, 2. მიკი ტანაკა (ორივე - იაპონია), 3. ანიჩკა ვენ ემდენი (ჰოლანდია), ლილი ჰუ (ჩინეთი).
70 კგ. 1. ლუსი დეკოსე (საფრანგეთი), 2. იორიკო კუნიჰარა, 3. ჰარუკა ტაჩიმოტო (ორივე - იაპონია), ედიტ ბოსხი (ჰოლანდია).
78 კგ. 1. მაირა აგუიარი (ბრაზილია), 2. ხიული იანი (ჩინეთი), 3. აკარი ოგატა (იაპონია), ანამარი ველენსეკი (სლოვენია).
+78 კგ. 1. ქიან ქინი, 2. ვენ ტონგი (ორივე - ჩინეთი), 3. გულზან ისანოვა (ყაზახეთი), მიკა სუგიმოტო (იაპონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტონგი არ წაუქცევიათ. არ გამოუცხადდა ფინალში
შოთა-1974
12:50 16-01-2012
0

სიახლეები პოპულარული