ქართული ძიუდო: ახალი მიდგომები - ფედერაციაში, ძველი პრობლემები - ნაკრებში

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ისევ გვიწევს წერა საქართველოს ძიუდოს ფედერაციაზე, როგორც "ორსახა იანუსზე" - ერთი მხრესაა, საჭირო და აუცილებელი რეფორმები, რაც სხვა ფედერაციებისთვისაც სამაგალითო შეიძლება გახდეს, მეორე მხარეს კი არეულ-დარეული და გაურკვეველი ვითარება ეროვნულ ნაკრებში.

მოსალოდნელ ცვლილებებზე "ლელოს" მკითხველს უკვე ესაუბრა ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე, თუმცა განსახორციელებელი საკითხები იმდენად ვრცელია, იმ ინტერვიუში ყველაფერზე ლაპარაკი შეუძლებელი იყო.

დღეს სწორედ მაშინ მორჩენილ საინტერესო რეფორმებზე გვინდა გესაუბროთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ თუ ნაკრებში ვითარება არ დალაგდა, თუ იქ არ შეიქმნა მწყობრი, ეფექტური სისტემა, მაშინ
ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს.

ქვეყნის მთავარ გუნდში ჭანჭიკები რამდენიმე წლის წინათ მოიშალა, როცა ნებით თუ უნებლიედ საქმე ბუნტამდე და გუნდის გახლეჩამდე მივიდა. დღეს ეს პრობლემა აღმოიფხვრა (იქნებ სრულად არა, მაგრამ აღარც იმდენად აქტუალურია), თუმცა ახლა სხვა წინააღმდეგობამ იჩინა თავი - ძიუდოს ოჯახის გასაერთიანებლად მოყვანილი ავსტრიელი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი ვერ გამოდგა მთლად შესაფერისი კანდიდატურა, თუმცა მის პროფესიონალიზმზე უფრო დიდ თავსატეხად ის გვექცა, რომ ქართული ძიუდო ავსტრიელის გამო საერთაშორისო მასშტაბის ხაფანგში თაგვივით გამოჭერილი აღმოჩნდა.

მიგვაჩნია, რომ იმ მარწუხებიდან თავის დახსნა მეტ-ნაკლებად ღირსეულად მაინც შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ისეთი რეალობაა, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის შეპირებით დაიმედებულები მივდივართ, რომელიც ზაიზენბახერის "თბილად შენახვის" სანაცვლოდ თამაშებზე, მინიმუმ, არდაჩაგვრას გვპირდება.

ამის თქმის საფუძველს სპორტისა და კონკრეტულად ძიუდოს არაერთ ხელმძღვანელებთან კულუარული თუ სატელეფონო საუბრები მაძლევს, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც - საერთაშორისო ფედერაციები რომელიმე ქვეყნის ნაკრების წევრებს შეკრებებზე კარგად ვარჯიშისთვის პრემიებს არ უხდიან! ვიზერის სახელი იმთავითვე ძალზე საეჭვოდ დაუკავშირდა ზაიზენბახერს - თუ ეს კავშირი ქართული ძიუდოს განვითარებას წაადგებოდა, ძალიან კარგი, მაგრამ არა გვგონია, თუნდაც ერთი ოლიმპიური მედალი საერთო ქაოსის ფონზე წინსვლა იყოს.

ცხადია, ის მედალიც დიდი საქმეა, თუმცა ამით უფრო მნიშვნელოვანი რამე ფუჭდება - ეროვნული ნაკრები მოიშალა, მის აწყობას კი წლები დასჭირდება. ესეც - საუკეთესო მუშაობის პირობებში, თორემ საეჭვო რეპუტაციის მწვრთნელი ამას კიდევ უფრო დიდხანს ვერ შეძლებს.

ზაიზენბახერი თავიდან ძალიან კარგი ჩანაფიქრით ჩამოჰყავდათ. სამწუხაროდ, საქმე რადიკალურად შეიცვალა. ახლა მას პირდაპირ უთხრეს, რომ ოლიმპიადის შემდეგ მაინც მიდის პოსტიდან და, როგორც ამბობენ, მის მთავარ ამოცანად მხოლოდ იმ 4-5 ოლიმპიელის მომზადება დარჩა, რომლებსაც უკვე განაღდებული აქვთ საგზურები.

სიმართლე გითხრათ, მისი მომზადებისა უკვე აღარც გვჯერა, მაგრამ თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ ნაკრების სხვა წევრების მომზადება მაინც მიანდონ ვინმე უფრო გამოცდილს, იმ ხალხს ნუღარ სწირავენ. საუბედუროდ, დასაშვებზე ბევრია იმ უცხოელ მწვრთნელთა რიცხვი, რომლებსაც კულუარებში საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელთა პროტეჟეებად ასახელებდნენ - ეს ფაქტი სამომავლოდ ყველა ფედერაციამ უნდა გაითვალისწინოს და ღირსება არ დაკარგოს; შეეცადოს, არ იქცეს ზემდგომთა ტყვედ.

ჩემთვის არახალია, რომ ოლიმპიადაზე მედლები მართლაც ვაჭრობის საგანია (გაცილებით დაბალი რანგის ტურნირებზე კი ეს ჩვეულებრივი ამბავია) - ამაზე ჯერ კიდევ ათენის თამაშების წინ ღიად მესაუბრა სპორტის ერთ-ერთი მაშინდელი მაღალჩინოსანი. მან მაშინ ფასებიც დამისახელა - ჭიდაობა და ძიუდო პრესტიჟულ სახეობათა შორის გადიოდნენ და ოქროს მედალი 150-დან 200 ათას დოლარამდე ღირსო. იმ პიროვნებამ სხვა საგულისხმო რამეებიც მითხრა, მაგრამ ამ თემაზე მეტს აღარ გავაგრძელებ.

სამაგიეროდ, ევროპულ სპორტულ წრეებში საკმაოდ გარკვეული კიდევ ერთი პიროვნების მოსაზრებას გაგაცნობთ ვიზერსა და მის შეპირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვიზერი რუმინელია ანუ აღმოსავლეთევროპელი, ისინი კი ქვეცნობიერად დასავლეთევროპელებისკენ მიილტვიან, რადგან ისინი მიაჩნიათ ელიტად. აქედან გამომდინარე, ნუ გაგვიკვირდება, ვიზერმაც მათი ინტერესებისთვის რომ გაგვწიროს და შეთანხმება დაარღვიოსო!

წინასწარ ვერაფერს იტყვი, მაგრამ, ვფიქრობ, საინტერესო მოსაზრებაა და საფრთხე მართლაც მოსალოდნელია. მით უფრო, კონკრეტულად იმავე ძიუდოში კლანად შეკრული ელიტარული ქვეყნების ჯგუფი მართლაც რომ არსებობს, ამაზე ნუცუბიძეც საუბრობდა ზემოხსენებულ ინტერვიუში.

მაგრამ დავუბრუნდეთ ფედერაციულ რეფორმებს და ამჯერად იმაზე ვთქვათ, როგორ ცდილობს ის სპორტსმენთა სოციალური მდგომარეობის მოგვარებას და მათ აქტიურად ჩართვას შიდა შეჯიბრებებში. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმები ბავშვთა ასაკში იწყება და მათთვის განზრახულია არაერთი ერთობლივი შეკრება შინ თუ უცხოეთში, სადაც მოზარდები სხვადასხვა საჭიდაო სტილს აითვისებენ და არ იქნებიან მხოლოდ ერთზე ჩაციკლულები. ამასთან, ვინც პროფესიულ სპორტს გაჰყვება, ფედერაციისთვის გარკვეული გადასახადის გადახდაც მოუწევს, როგორც ეს წამყვან ქვეყნებშია (ცხადია, ჩვენებური რეალობიდან გამომდინარე), თუმცა ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვნად სატურნირო სისტემის შეცვლა მიგვაჩნია - ამიერიდან საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად სეზონში მასთან გათანაბრებული სამი სარეიტინგო ტურნირიც ჩატარდება, ოღონდ წლეულს რადგან ოლიმპიადაა, ერთით ნაკლები გაიმართება.

ამ შეჯიბრებების შედეგებით შედგება შიდა რეიტინგი და ამის მიხედვით დაინიშნება ხელფასიც. ცხადია, თუ სპორტსმენი ყველა ამ ტურნირში არ იასპარეზებს და ქულებს ვერ დააგროვებს, ეს ხელფასზეც აისახება. ამიტომ ყველა იძულებული იქნება, მუდმივად იჭიდაოს და რეიტინგისთვის იბრძოლოს. ამით ისინი სატურნირო პრაქტიკასაც მიიღებენ.

ასეთი მიდგომა, გარდა იმისა, რომ შიდა შეჯიბრებების ხარისხსაც აამაღლებს და ადგილობრივ ქომაგს ჩვენი ვარსკვლავების საქმეში უფრო ხშირად ნახვის საშუალებას მისცემს, ბევრ შემთხვევითობასაც გამორიცხავს. მაგალითად, ადრე იქნებ ვინმეს შემთხვევით მოეგო ქვეყნის პირველობა და მერე არაფერი რომც არ გაეკეთებინა, მთელი წელიწადი ეს ხელფასი გარანტირებუულად ექნებოდა. ანდა პირიქით, ლიდერი თუ ტრავმის გამო ვერ იასპარეზებდა ქვეყნის ჩემპიონატში, მას მთელი წელიწადი დაკარგული ჰქონდა - თავის დროზე სწორედ ამან აიძულა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ემზარ ბედინეიშვილი, საბერძნეთში წასულიყო, რადგან ნაავარიებმა საქართველოს ჩემპიონატში ვერ იჭიდავა და არც ხელფასი დაენიშნა. თან რაკი ანაზღაურებას რეიტინგი განსაზღვრავს, პრეტენზიაც არავის ექნება.

ოღონდ ძიუდოში გასათვალისწინებელია საერთაშორისო რეიტინგის ამბავიც - ჩვენს სპორტსმენებს ხომ ამისთვისაც უწევთ ბრძოლა. შიდა რეიტინგის გარდა, ხელფასს საერთაშორისოში 24 საუკეთესოში მოხვედრილებიც მიიღებენ, თუმცა მათი ანაზრაურება განსხვავებული იქნება. ისინი სამ ჯგუფად დაიყოფიან - პირველ რვაში მყოფი პირველი ჯგუფის გასამრჯელოს მიიღებს, X-XVI ადგილებზე მყოფები - მეორე ჯგუფისას და ბოლო რვა კაცი - მესამისას. ეს ცვლილებები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამოქმედდება.

ცხადია, ესეც დიდი სტიმულია ფალავნებისთვის და ყველა ეცდება ქულების დაგროვებას, ხოლო 24 საუკეთესოში წონებში მთლად 3 თუ არა, 2-2 კაცი მაინც რომ იყოს, გამოდის, ყოველ წონაში 2-2 ძლიერი ძიუდოისტი გვეყოლება. შედეგად, გუნდიც თანაბრად დაბალანსებული იქნება.

ადრინდელი მიდგომით, ანაზღაურდებოდა მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მოპოვებული მედლები, თუმცა ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ვინმე მოიპოვებდა მედალს ევროპაზე და მერე მთელი წელიწადი შედეგი არ ჰქონდა.

აქვე განვმარტავთ, რომ ევროპა-მსოფლიოს მედალოსნები სახელმწიფო პრემიებს ძველებურად მიიღებენ, ეს სარეიტინგო ხელფასი კი იმას დაემატება ანუ სპორტსმენთათვის დამატებითი ფინანსური შემოსავალი იქნება.

აი, ასეთი მიდგომა მაგალითად შეიძლება გამოიყენონ სხვა ფედერაციებმაც, რადგან ეს კონკურენციასაც გაზრდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი საზრით საჭიროა დასახელდეს პიროვნება ვინც აცხადებს თანხის გადახდის თაობაზე, და მან დაამტკიცოს კონკრეტული ფაქტი, რადგან ეს მე მგონია კონკრეტული პირების ცუდი მუშაობის გამამართლებელ მიზეზად და უშედეგობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის არიდების მცდელობად.
თანხის მიცემაც და აღებაც ისჯება კანონით და კონკრეტული ფაქტი თუ არსებობს გთხოვთ ნუ დამალავთ, რადგან ეს ძიუდოს ნამდვილად არ წაადგება, ხოლო თუ ჭორაობაზეა საქმე , ასევე გთხოვთ დაუკვირდეთ თითოეულ სიტყვას.
ვლადიმერი
10:47 25-01-2012
0
ბატონო ირაკლი,
დაახლოებით მივხვდი სტიმულირების პრინციპს. კი ბატონო, ეს კარგია. კარგია თუ თანამედროვე პირობები და კარგი მწვრთნელები იქნებიან. ოღონდ რა აზრი აქვს? თუ მაინც ნებისმიერ ტურნირში გამარჯვება უფულოდ შეუძლებელია, ბარემ ეს ფული პირდაპირ ტურნირებზე ვიხადოთ, ჰოდა ვიქნებით სულ წარმატებული.
ramo
14:16 22-01-2012
0

სიახლეები პოპულარული