მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ცვლილებაა 81 კილოგრამშიც - პაატა ღვინიაშვილს მისივე მოგვარე ბექა ღვინიაშვილი შეცვლის. ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულისა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ბექა ღვინიაშვილის ჭიდაობაზე აზრები იმთავითვე
აქვე შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილისა და ბექა ღვინიაშვილის გარდა, თბილისში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი, იოსებ ნიჟარაძე (სამივე - 60 კგ), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი, დავით ასუმბანი, სანდრო იაკობაშვილი (ყველა - 66), ამბაკო ავალიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, დავით კარბელაშვილი (სამივე - 81), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაური, ლაშა გურული, გიორგი ნოზაძე, ბეთქილ ნავერიანი (ოთხივე - 90), ირაკლი ქობლიანიძე, ონისე ბუღაძე, ბექა ბერძენიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.
ცვლილებაა მონაწილე გუნდების სიაშიც, რომელსაც ირანი გამოაკლდა, მაგრამ საერთო ჩათვლაში მაინც მატებაა, რადგან დაგვემატნენ კვიპროსი, აზერბაიჯანი, ისრაელი და პუერტო რიკო. ამათგან განსაკუთრებით სასიამოვნო აზერბაიჯანის და ისრაელის შემომატებაა, რადგან მათ ძლიერი გუნდებიც ჰყავთ. ამდენად, უცხოელთა რაოდენობა უკვე 40 გუნდი გახდა, რომლებსაც ჩვენი ნაკრებიც ემატება, თუმცა დასანანია, რომ არ გვეწვევიან ისეთი ძლიერი გუნდები, როგორიცაა იაპონია, კორეა, ბრაზილია და კუბა.
თავად ტურნირს წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება უძღვის - მსაჯთა და მწვრთნელთა სემინარი, რომელსაც ვასილ სმოლინი უხელმძღვანელებს. იგი ორ დღეს - 26-27 იანვარს გაგრძელდება. პირველი ნაწილი თეორიულ მეცადინეობას დაეთმობა და სეოკ-ის ახალ ოფისში ჩატარდება. 27 იანვარი პრაქტიკული ვარჯიშის დღეა, რომელსაც ძიუდოს აკადემია უმასპინძლებს.
მისასალმებელია, რომ ტურნირს მაღალი დონის უცხოელ მსაჯთა გუნდი მოემსახურება. საზღვარგარეთიდან 17 არბიტრი ჩამოდის, რომელთაგანაც 15-ს უკვე მოპოვებული აქვს ლონდონის ოლიმპიადაზე მსაჯობის უფლება. თუმცა უჩინო და ხელწამოსაკრავი არც ის ორი გეგონოთ - მათ ამჯერად ვერ მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების განსჯის უფლება, თორემ წინა თამაშებში რამდენჯერმე უმსაჯიათ. ცხადია, მსაჯთა ეს კორპუსი მონაწილეობას მიიღებს სემინარშიც, რომელსაც ქართული მხარის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
ტურნირის პირველ დღეს 60, 66 და 73 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები - მეორე დღეს. შეხვედრები ორივე შემთხვევაში დილის 11 საათზე დაიწყება, ფინალები - 17-ზე, თუმცა 28-ში მას წინ უსწრებს გახსნის საზეიმო ცერემონიალი. ორივე დღის წინასწარ შეხვედრებს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმა" შემოგთავაზებთ, ფინალური ეტაპის რეპორტაჟები კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"