წლევანდელი ტურნირი რეკორდულად წარმომადგენლობითია - რეგისტრაცია 42 ქვეყნის 222-მა ათლეტმა გაიარა. ამასთან, აქ ლაპარაკია მხოლოდ იმ გუნდებზე, რომლებიც იჭიდავებენ, თორემ რამდენიმე ქვეყანა მხოლოდ მსაჯთა დონეზეა წარმოდგენილი.
მონაწილეთა შორის არიან ისეთი შორეული ქვეყნები, როგორიცაა ახალი ზელანდია, ვენესუელა, ეკვადორი, პუერტო რიკო, მაროკო. სამაგიეროდ, არ არიან ისეთი აღიარებული გუნდები, როგორიცაა იაპონია, კორეა, ბრაზილია, კუბა. განაცხადის გამოგზავნის მიუხედავად, არც ეგვიპტე ჩამოვიდა. არადა, სიაში მსოფლიოს პრიზიორ რამადან დარვიშით დაწყებული, ყველა ლიდერი ჰყავდათ.
მონაწილეთა
ამიტომაც ჩამოდის ყველა, ვინც ჯერ კიდევ იბრძვის მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად. ასე მაგალითად, სალიცენზიო თვალსაზრისით ჩვენთვის უაღრესად საინტერესო 66 კილოგრამში ჩამოვიდა შალვა ქარდავას სამივე კონკურენტი ევროპული კვოტისთვის ბრძოლაში - ებრაელი გოლან პოლაცკი, ლატვიელი დენის კოზლოვსი და ჰოლანდიელი იესპერ დე იონგი.
თუმცა ოლიმპიურმა წელიწადმა ტურნირს თავისი დაღი იმ მხრივ ნამდვილად დაასვა, რომ რეიტინგის მოწინავეთაგან თითქმის არავინ ჩამოსულა ანუ პირველხარისხოვანი ვარსკვლავები დაგვაკლო. ესეც გასაგებია - ათეულში მყოფებს საგზურები განაღდებული აქვთ და ახლა მშვიდად, ინდივიდუალური გრაფიკით ემზადებიან ოლიმპიადისთვის. რომც ჩამოვიდნენ და მოიგონ, მათთვის აქ მოპოვებული 100 ქულა ბევრს არაფერს ნიშნავს და რაღაზე ჩამოვლენ. მით უფრო, მალე ევროპაში მიყოლებით ტარდება პარიზული ”დიდი მუზარადი” და ”დიდი პრიზის” შეჯიბრება დიუსელდორფში, სადაც ქულაც მეტი გაიცემა, ერთობლივი ვარჯიშებიც ტარდება და მშვენიერი სპარინგიც გამოუვათ.
ერთი სიტყვით, მაყურებელი სპორტის სასახლეში მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს ვერ იხილავს, თუმცა არც უვარსკვლავებო შეჯიბრება გვექნება - ესტონელ ევროპის ჩემპიონ მარტინ პადარის, ახალგაზრდებში ევროპის იტალიელ ჩემპიონ ანდრეა დე გუიდას დარ ძიუდოისტებს კი ვნახავთ. საკმაოდ ძლიერი გუნდებით ჩამოვიდნენ საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია...
ტურნირისთვის ჩვენი გუნდი ჯერ ავსტრიაში, მერე კი დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიის შენობაში ემზადებოდა. გუშინ ნაკრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმაც მოინახულა და შეჯიბრების წინ გაამხნევა სპორტსმენები. ტურნირს ჩვენი გუნდი ერთი ისეთი ცვლილებით ხვდება, რაც უთუოდ გაახარებს ქომაგს - მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, 90 კილოგრამში ბეთქილ ნავერიანის ნაცვლად ვალერი ლიპარტელიანი იჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ასევე მწვრთნელთა განზრახვით ამირან პაპინაშვილი (60) ვაჟა მარგველაშვილმა შეცვალა, ხოლო პაატა ღვინიაშვილი (81) - ბექა ღვინიაშვილმა.
გუშინ წილისყრაც გაიმართა, რომელმაც ჩვენებს საკმაოდ მძიმე წილი არგუნა. თუმცა ქართველი ქომაგისთვის მთავარი ინტრიგა ისაა, რომ ლიპარტელიანი და ერთწლიანი განშორების შემდეგ სპორტში მობრუნებული დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. თუმცა ერთმანეთთან შეხვედრამდე ორივეს რთული გზა ელოდება. ზვიადაურის მხარესაა უკრაინელი ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი რომან გონტიუკიც. არც სპორტში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაბრუნებულ ლაშა გუჯეჯიანს გაუმართლა - პირველივე წრეში ზემოაღნიშნულ პადარს ხვდება.
ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით იმ სამ უმჩატეს წონით კატეგორიაზე, რომლებიც დღეს იჭიდავებენ. 60-ში სოსო ნიჟარაძე ყაზახ აშხატ ტელმანკოვს ეჭიდავება, პაატა მერებაშვილს კი საკმაოდ არასასიამოვნო მეტოქე - ჩინელი ა ლამუსი ერგო. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლის ხვდება, ხოლო მას თუ მოუგო, კიდევ ერთ აზერბაიჯანელს, ოღონდ ესტონეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ ელნურ ალიევს დაეჭიდება. შუკვანს ყველაზე ძნელი ჯგუფი ერგო - ჩეხი პაველ პეტრიკოვიც მასთანაა. მარგველაშვილს პირველ წრეში სომეხი არმენ ვარდანიანი ერგო, ხოლო თუ მას მოუგებს, ჩვენი ტურნირის შარშანდელი ლატვიელი მესამე პრიზიორი ანდრეას მაჯერსი ელოდება.
66-ში ჩვენი უმთავრესი იმედი ქარდავა მეორე წრეშია გასული და ყაზახ აზამატ მუკანოვსა და ბელარუს ვადიმ შოკას შორის მოგებულის გარკვევას ელოდება. ამავე ბადეშია ებრაელი პოლაცკიც... სანდრო იაკობაშვილი უნგრელ ბენცე ზამბორს ეჭიდავება, დავით ასუმბანი - ამერიკელ ბრედფორდ ბოლენს, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი კი - აზერბაიჯანელ სამირ ხანკშიევს. ამ ჯგუფში არიან კოზლოვსი და დე იონგიც - შავდათუაშვილი მათ თუ დაამარცხებს, არა მარტო ქარდავას, საკუთარ თავსაც დიდ სამსახურს გაუწევს, რადგან ლიცენზიისკენ თავად გადადგამს გვარიან ნაბიჯს.
73-ში ჩვენი ლიდერი ნუგზარ ტატალაშვილი მეორე წრეში რუს ჩინგისხან ტერკაკიევს ეჭიდავება. ტატალაშვილიც ლიცენზიისთვის იბრძვის და თან ესეც ევროპული კვოტით, ოღონდ ქარდავასგან განსხვავებით, ეს ევროპულ სიაში პირველია. თუმცა სასურველია, 22 კაცში შევიდეს, თორემ ევროპა ორ კვოტას მაინც არ მოგვცემს, კანონით ეს აკრძალულია. ტატალაშვილს შედარებით გაუმართლა წილისყრამ. თენგიზ პაპოშვილს პირველ მეტოქედ კანადელი ნიკოლას ტრიტონი ერგო, ამბაკო ავალიანს - ისევ ის ბელარუსი ალექსეი რამანჩიკი, ვინც შარშანდელი ტურნირის ფინალში მშვენივრად დააწყვიტა ტატამს. ზებედა რეხვიაშვილი ამერიკელ მიშელ ელდრედს დაუპირისპირდება.
შეხვედრები ორივე დღეს 10 საათზე დაიწყება, ფინალები - 17-ზე. წინასწარი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია ”აფხაზეთის ხმა” შემოგთავაზებთ, ფინალურ ბლოკს - საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბილეთის ფასი 2 და 3 ლარია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"