28-29 იანვარს სპორტის სასახლეში ჩატარებული მსოფლიოს თასი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა. შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ, ოთხ წონაში კი ქართული ფინალი გაიმართა.
პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა 44 ქვეყნის ნაკრების წევრებმა მიიღეს. ყველაზე მრავალრიცხოვანი - 28-კაციანი შემადგენლობით წესისამებრ მასპინძლები გამოვიდნენ და მათგან 15-მა მედალი დაიმსახურა. ჯამში საქართველოს
მსოფლიოს თასის ჩემპიონებმა ოქროს მედლებთან ერთად 100-100 სარეიტინგო ქულაც გაინაღდეს, ვერცხლის პრიზიორებს 60-60 ერგოთ, ბრინჯაოსნებს - 40-40. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს განახლებულ რეიტინგს ორიოდ დღეში გამოაქვეყნებს და მასში თბილისური ტურნირის შედეგებიც იქნება გათვალისწინებული.
მომდევნო საერთაშორისო ტურნირს მომავალ უქმეებზე პარიზი უმასპინძლებს.
ლადო ვარძელაშვილი: "ნაკრებმა მზადება ახალი პროგრამით გაიარა, რამაც შედეგიც გამოიღო. გასულ წელს ძიუდოისტებს ბევრი მოსამზადებელი შეკრება, ტურნირი ჰქონდათ, თუმცა მათგან უფრო მეტს ველოდით. მართალია, თბილისის მსოფლიოს თასი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი არ იყო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები გამოდიოდნენ და იქ ნაჩვენები შედეგიც სასიხარულო და სასიამოვნოა. თუმცა, მეორე მხრივ ნაკრების ბიჭებმა ვარჯიშს კიდევ უფრო უნდა მოუმატონ და მეტად დაიხვეწნენ, რათა ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ".
პეტერ ზაიზენბახერი (ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "კარგი მსოფლიოს თასი გამოგვივიდა, ლამის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ. ეს იყო დარჩენილი სარეიტინგო ტურნირების საწყისი ეტაპი. მომდევნო შაბათ-კვირას პარიზის დიდი სლემი გველის, სადაც, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ მჯერა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპების დასრულების შემდეგ ლონდონის 7 ლიცენზია გვექნება".
გიორგი ალექსიძე (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი): "მადლობა ბიჭებს და მწვრთნელთა შტაბს კარგი მუშაობისთვის და ასეთი შედეგისთვის. ბევრი ხარვეზი, რომელიც აქამდე გვქონდა აღმოფხვრილია, იმედი მაქვს, რომ ბიჭები კიდევ უფრო მოუმატებენ და ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებები მომავალშიც გაგრძელდება".
msy.gov.ge