პეტერ ზაიზენბახერმა პარიზში წამსვლელი გუნდი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 4-5 თებერვალს პარიზის "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს: ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა (66), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (ორივე - 90), ლომერ ჟორჟოლიანი (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).

თავდაპირველ განაცხადში ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ირაკლი ცირეკიძეც (100) იყვნენ, მაგრამ პირველი ამ ეტაპზე დაასვენეს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს კი ჯერაც აწუხებს დეკემბერში, ძიგორო კანოს მემორიალზე ნატკენი ნეკნი.

ჯერჯერობით არაა ცნობილი 11-12 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში წასაყვანი გუნდი -
შესაძლოა, ამაში გარკვეული კორექტივები პარიზულმა შეჯიბრებამაც შეიტანოს, მაგრამ ტატალაშვილი და ამ უქმეებზე თბილისის მსოფლიოს თასის კიდევ ერთი გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (66) მწვრთნელმა უფრო იმ შეჯიბრებისთვის შემოინახა. ის პარიზთან შედარებით უფრო დაბალი რანგის ტურნირია და წარმატების შანსიც მეტია, ამათ კი სალიცენზიო ქულები სჭირდებათ.

მართალია, ტატალაშვილი თბილისში გამარჯვებით უკვე შევიდა სალიცენზიო 22-კაციან სიაში - XX ადგილზეა, მაგრამ ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა და მშვიდი ძილის უფლება ჯერაც არ აქვს, შავდათუაშვილს კი მთელი ბრძოლა წინ ელოდება. ჯერჯერობით მის ანგარიშზე 124 ქულაა, რაც მსოფლიოს რეიტინგში 61-ე ადგილია. თუ კიდევ ერთ მსოფლიოს თასზე იმარჯვებს, 224 ქულა გაუხდება და სალიცენზიო 22-კაციან ზონასაც დაუახლოვდება.

თუმცა ჯერ დაველოდოთ, რას იზამს ამ წონაში ქარდავა, რომელსაც მწვრთნელები პარიზში კიდევ ერთ შანსს აძლევენ. ამ ტურნირის დასრულების შემდეგ პარიზში ერთობლივი წვრთნები ჩატარდება, რომელშიც 5 ქართველიც მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ მათ ვინაობას ზაიზენბახერი შეჯიბრების შემდეგ დაასახელებს შედეგებიდან გამომდინარე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული