ამირან პაპინაშვილის ფრანგული ბრინჯაო და 120 ქულა

AutoSharing Option
ჩვენი ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის "დიდი მუზარადიდან" ერთი მედლით ბრუნდება - 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი მესამე ადგილზე გავიდა. ამასთან, ვალერი ლიპარტელიანი (90) მეხუთე იყო, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) კი ერთი წრით ადრე, მერვედფინალიდან გამოვარდნენ.

თბილისის მსოფლიოს თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ პარიზში ისეთივე ტრიუმფალური შედეგის იმედი რომ არ უნდა გვქონოდა, ყველამ ვიცოდით, რადგან ეს შეუდარებლად ძლიერი შეჯიბრებაა.

პარიზში მართლაც ბრწყინვალე შემადგენლობა შეიკრიბა, თუმცა ელიტას იაპონელი ლიდერები მაინც დააკლდნენ - მათ მხოლოდ მძიმესა და 100-ში ჰყავდათ წამყვანი ფალავნები, სხვა
წონებში კი მეოთხე-მეხუთე ნომრები ჩაიყვანეს. ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართული ძიუდოსთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ხარვეზები, თუმცა, საბედნიეროდ, მწირმედლიანობის მიუხედავად, ზოგიერთი ის დადებითი ტენდენციაც გაგრძელდა, რაც ჯერ კიდევ თბილისში გამოჩნდა.

კონკრეტულად, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სწორი ჩავლება ჩვენებისთვის კვლავაც მთავარ პრობლემად რჩება და ამას სასწრაფოდ თუ არ მიეხედა, აზიელებთან და ფიზიკურად კარგად მომზადებულ გუნდებთან ყოველთვის გაგვიჭირდება.

ცხადია, მისი ათვისება ერთბაშად არ მოხდება და მანამდე კოზირად ის უნდა ვაქციოთ, რაც ჩვენია და კარგად ვიცით. სწორედ ჩავლებების ხარვეზი მიგვაჩნია პაპინაშვილის, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის (90), ლიპარტელიანის წაგების მიზეზად. პაპინაშვილმა ამ მედლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სტაბილური მოჭიდავეა და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ კორეელ ვონ ჯიმ კიმს ვერაფრით აუღო ჩავლება.

შედეგად, წინა შეხვედრების საკმაოდ დამაჯერებლად მომგები აქ საპირისპირო სახით წარმოგვიდგა და იპონით წაგება ლოგიკური დასასრული იყო. არადა, ჩვენებურმა ფინელ იუჰო რეინვალს ვაზარით აჯობა, ბრიტანელი ეშლი მაკენზის - იუკოთი, აზერბაიჯანელ მსოფლიოს პრიზიორ ილგარ მუშკიევთან კი შედარებით გაუჭირდა - მეტოქემ იუკოც აუღო და ორი გაფრთხილებაც მიაღებინა, მაგრამ დამთავრებამდე 1.35-ით ადრე მშვენივრად დააიპონა.

სამწუხაროდ, უზბეკ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ რიშოდ სობიროვისა და უკრაინელ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას გარდა მას ტაქტიკოს აზიელებთანაც გაუჭირდება ჭიდაობა, თუ ამ კომპონენტს არ გამოასწორებს. კორეელმა ახლოსაც არ გაიკარა ის და შანსიც არ მისცა. არადა, ეს კიმი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.

არც ზვიადაურს მისცა მოგების საშუალება მონღოლმა ენკბატ ერდენებილეგმა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს სპორტში წარმატებით დაბრუნების დიდი შანსი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში - ამ ოლიმპიადაზე მაინც, მერე კი ვნახოთ, როგორ ივარჯიშებს. ზვიადაურს სისწრაფეც აკლია და მხოლოდ იმის იმედზეც ვერ იქნება, რომ თანდაყოლილი ნიჭის წყალობით წამებში შეუძლია ილეთის შესრულება - მონღოლმა გდებამდე არც მიუშვა და პირველივე წრიდან გამოთიშა.

ლიპარტელიანი კუბელ მსოფლიოს პრიზიორ ეშლი გონსალესთან დამარცხდა. ეს მათი მეორე შეხვედრა იყო კარიერაში - პირველში ჩვენებურმა იმარჯვა ორი წლის წინ. თუმცა მას შემდეგ კუბელმა საგრძნობლად მოუმატა და შარშან მსოფლიოზე მესამეზეც გავიდა.

ამ შეხვედრამდე ლიპარტელიანს ნაკლები დრო ჰქონდა დასასვენებლად და იქნებ ამიტომაც ფიზიკურად ცოტა გადაღლილი ჩანდა, თორემ ზემოთ რომ დადებითი ტენდენციები ვახსენეთ, ერთ-ერთი მისი კარგი ფიზმომზადება და გამძლეობა იყო (ყოველ შემთხვევაში, ადრინდელთან შედარებით).

კუბელთანაც აქტიურად დაიწყო ჭიდაობა და ორჯერ გააფრთხილებინა კიდეც, მაგრამ მეტოქემ სტატუს-ქვო იუკოთი აღადგინა. ამ ეპიზოდში მსაჯის გადაწყვეტილება იქნებ ცოტა საკამათოც იყო, თუმცა დაახლოებით სამწუთნახევრის შემდეგ ლიპარტელიანს დაღლა დაეტყო და ინიციატივა მეტოქემ გადაიბარა.

ციდან ვარსკვლავები არც იმას ჩამოუკრეფია, მაგრამ მყარი ჩავლებით ტაქტიკურად სწორად იჭიდავა, თუმცა მეტი ქულა არ გაკეთებულა და შეხვედრაც დამატებითში გადავიდა. ლიპარტელიანს იქ რომ ეაქტიურა, მეტოქის ერთი გაფრთხილებაც კი მოგებას მოგვიტანდა, მაგრამ არაფერი მსგავსი.

პირიქით - გონსალესმა აქეთ გააფრთხილებინა. მართალია, ჩვენებურმა რამდენჯერმე კი სცადა შესვლა, მაგრამ ეს ზუსტად იმ ტიპის ფანდი იყო, რასაც დღეს "ფალ-სტარტად" მიიჩნევენ და დღევანდელი წესები სასტიკად ებრძვის. დიდად აქტიური არც კუბელი ყოფილა, მაგრამ სწორი ჩავლება კი ეჭირა და ქართველის გაფრთხილების საშიშროება ყოველ წამს რჩებოდა.

დამთავრებამდე 15 წამით ადრე მთავარმა მსაჯმა დამხმარეები სათათბიროდაც მიიხმო და მეგონა, ლიპარტელიანს გაფრთხილებით დასჯიდნენ, თუმცა თათბირის შემდეგ ორთაბრძოლა გაგრძელდა, ოღონდ ქულა მაინც არ გაკეთებულა და მოგებული მსაჯთა გამოსავლენი გახდა. სამივე მათგანმა გამარჯვება გონსალესს მიანიჭა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ შეხვედრის ესპანელი მთავარი არბიტრი ქართველებისადმი არაკეთილგანწყობაში ადრეც შეუმჩნევიათ და წლეულს თბილისის ტურნირზე მოწვევა ყოველმხრივ აარიდეს, თუმცა ამ შედეგისთვის ვერ დავემდურებით. ყოველ შემთხვევაში - კუბელის იუკოს მერე მაინც.

გაუმჯობესებულ ფიზიკურ კონდიციებთან ერთად ლიპარტელიანის თბილისურ ჭიდაობაში პროგრესი სტილის გამრავალფეროვნებაც იყო - მხოლოდ ამოსმულის იმედად არ რჩებოდა, და ტაქტიკური ჭიდაობისაც, როცა ეგრევე იპონით მოგებაზე არ მიდიოდა. ეს ტენდენციები ახლაც გაგრძელდა, თუმცა დიდი შედეგისთვის კვლავაც ძალიან ბევრი მუშაობა მართებს.

თავიდან, დასვენებულზე პოლონელ კრშიშტოფ ვეგლარცს გაფრთხილებებით მოუგო, ყაზახ ალექსანდრ კოსაჩევს - ვაზარით. ვფიქრობთ, ლიპარტელიანს ნამდვილად მოუხდა ნაკრების მწვრთნელების - გიორგი ვაზაგაშვილისა და ბორის ფირცხელიანის ხელი, რომლებიც ტაქტიკაზე ბევრს ამუშავებენ.

საბედნიეროდ, ქართველი მწვრთნელების (და არა მხოლოდ ამ ორის) მუშაობა გარკვეულ კომპონენტებში მთლიანად ნაკრებსაც დაეტყო, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ლიპარტელიანმა კვლავ შეინარჩუნა მერვე ადგილი სალიცენზიო რეიტინგში. თან შვედ ევროპის ჩემპიონ მარკუს ნიმანსაც ცოტათი გაექცა, რომელიც მისი კონკურენტია საუკეთესო ოქტეტში მოსახვედრად. აი, გონსალესთანაც რომ მოეგო, მაშინ აზერბაიჯანელ ევროპის მედალოსან ელხან მამადოვსაც გადაუსწრებდა, ახლა კი მათ კვლავ თანაბარი ქულათა მარაგი აქვთ - 766.

დასანანი იყო ჭრიკიშვილის წაგება ყაზახ ისლამ ბოზბაიევთან - დამთავრებამდე 4 წამით ადრე იუკოს იგებდა, მაგრამ უფრო თავად გაიხაზირა ვაზარი! სამწუხაროა, რომ კონცენტრაცია და ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა, პირველ წრეში კი მონღოლი ტუვშინჯარგალ განი დააიპონა.

მძიმე წონაში ხანჯალიაშვილმა თბილისის შემდეგ ამჯერადაც მოუგო ესპანელ ანგელ პარას, მეორე წრეში კი სუფთად წააგო მსოფლიოს ღია პირველობაში გამარჯვებულსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ უზბეკ აბდულო ტანგრიევთან. ადამ ოქრუაშვილმა კისრულით იუკო აართვა ეგვიპტელ მოჰამედ მოტიეს, მეორე შეხვედრაში კი ისიც წმინდად დამარცხდა ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიხთან.

შალვა ქარდავასთვის (66) ეს ტურნირი ბოლო შანსი იყო, რომელიც უკრაინელ გევორქ გევორქიანთან სუფთა მოგების შემდეგ იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოსთან მარცხით გაანიავა. სავარაუდოდ, ამ წონაში უახლოეს შეჯიბრებებში შანსი თბილისის ტურნირის მომგებ ლაშა შავდათუაშვილს მიეცემა.

წარუმატებლად გამოვიდა ლომერ ჟორჟოლიანიც (100) - პირველივე შეხვედრა დათმო კუბელ ხოსე არმენტეროსთან.

ჩვენი ნაკრები პარიზში ერთობლივ ვარჯიშებზეც დარჩება, ოღონდ - 5 ფალავანით, მათ კი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი ტურნირის შედეგებიდან გამომდინარე აარჩევდა. ჩვენები მომავალ უქმეებზე ავსტრიულ ობერვარტშიც იჭიდავებენ მსოფლიოს თასზე, ოღონდ იქ მოასპარეზე გუნდს მწვრთნელი უახლოეს დღეებში დაასახელებს.

კვარცხლბეკი. ვაჟები.
60 კგ. 1. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი), 2. ვონ-ჯინ კიმი, 3. ინ-მინ იანგი (ორივე - კორეა), ამირან პაპინაშვილი (საქართველო).
66 კგ. 1. დავიდ ლაროსე (საფრანგეთი), 2. იუნ-ჰო ჩო (კორეა), 3. ცაგანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი), სერგეი ლიმი (ყაზახეთი).
73 კგ. 1. ნიამ-ოჩირ საინჯარგალი (მონღოლეთი), 2. კრისტოფერ ვოლკი (გერმანია), 3. ჟილ ბონომე (საფრანგეთი), ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი).
81 კგ. 1. ოლე ბიშოფი (გერმანია), 2. ანტონიო კიანო (იტალია), 3. კეიტა ნაგაშიმა (იაპონია), სერგეი ტომა (მოლდოვა).
B90 კგ. 1. დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი), 2. რომან გონტიუკი (უკრაინა), 3. ეშლი გონსალესი (კუბა), კირილ დენისოვი (რუსეთი). 5. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო).
100 კგ. 1. ნაიდან ტუვშინბაიარი (მონღოლეთი), 2. იევგენიუს ბოროდავკო (ლატვია), 3. ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი), რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი).
+100 კგ. 1. ტედი რინერი (საფრანგეთი), 2. რაფაელ სილვა (ბრაზილია), 3. სუნ-მინ კიმი (კორეა), აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი).

ქალები.
48 კგ. 1. ტომოკო ფუკუმი (იაპონია), 2. სარა მენეზესი (ბრაზილია), 3. ალინა დუმიტრუ (რუმინეთი), ურანცეცეგ მუნკბატი (მონღოლეთი).
52 კგ. იუკა ნიშიდა (იაპონია), 2. ბუნდმაა მუნკბაატარი (მონღოლეთი), 3. ჟანეტ ბერმოუ აკოსტა (კუბა), ანნა კარაკოსა (ესპანეთი).
57 კგ. 1. ტელმა მონტეირო (პორტუგალია), 2. აიკო სატო (იაპონია), 3. მარტი მალოუ (აშშ), აუტომნე რავია (საფრანგეთი).
63 კგ. 1. მიკი ტანაკა (იაპონია), 2. და-ვოონ იოუნი (კორეა), 3. ალისე შლეზინგერი (ისრაელი), ელისაბედ ვილებორდსი (ჰოლანდია).
70 კგ. 1. ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია), 2. ლუსი დეკოსე (საფრანგეთი), 3. იე-სულ ჰვანი (კორეა), იორიკო კუნიჰარა (იაპონია).
78 კგ. 1. მაირა აგუიარი (ბრაზილია), 2. კაილა ჰარისონი (აშშ), 3. აკარი ოგატა (იაპონია), ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი).
+78 კგ. 1. მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია), 2. ელენა ივაშენკო (რუსეთი), 3. ანე-სოფიე მონდიერე (საფრანგეთი), იდალის ორტისი (კუბა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გოგჭურს ხელი ქონდა მოტეხილი ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ალექსიძის და გუნდის ექიმის საოცარი ყურადგების გამო უკვე სრულ წესრიგშია როგორც ვიცი ვენის ტურნირზე უპირებენ წაყვანას, ამხელა ყურადგებას იმედია გაამართლებს
გიო ძიუდო
13:48 06-02-2012
0
ეს ჩავლებებზე ლაპარაკით რომ იმშვიდებთ თავს! სადაა ის კააცი ვისაც არც ჩავლება ეშლება და პიზიკური მომზადება, ტექნიკა კიდევ ნახეთ ბუქარესტის მსოფლიო თასზე. რატომ ვერ ხვდება შემადგენლობაში ზვიად გოგოჭური?!
tornike imedadze
11:21 06-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული