ქართველ ძიუდოისტთა საავსტრიო ნაკრები გაირკვა

AutoSharing Option
გაირკვა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 11-12 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში მსოფლიოს თასზე იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, ჩვენებმა წინა უქმეებზე პარიზში "დიდ მუზარადზე" იჭიდავეს და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს - ამირან პაპინაშვილმა 60-ში.

გუნდის ნაწილი ამ დილით დაბრუნდა თბილისში, 5 ფალავანი კი მწვრთნელებთან ერთად პარიზში დარჩა ერთობლივ ვარჯიშებზე და ისინი ავსტრიაშიც გამოვლენ. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ესენია შალვა ქარდავა (66), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ზურაბ ზვიადაური (90), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე - + 100). ამათ თბილისიდან ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი
(66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (სამივე - 73), ლევან წიკლაური (81), ბეთქილ ნავერიანი (90) და ნოდარ მეტრეველი (100) დაემატებიან.

როგორც ვხედავთ, ნაკრების თავკაცი მორიგ შანსს აძლევს ქარდავას და ზვიადაურს. ოღონდ 90-ში ლიცენზია თუ არ გვიჭირს და იქ ნავერიანი გამოცდილების მისაღებად მიჰყავთ, 66-ში, სადაც საგზურისთვის ჯერ კიდევ დიდი ბრძოლა გველოდება, შავდათუაშვილსაც აჭიდავებს.

ცხადია, გამოცდილება უფროსებში ჯერ კიდევ გამოუცდელ ახალგაზრდა შავდათუაშვილსაც სჭირდება, მაგრამ მას თბილისის ტურნირის მოგებით თან ლიცენზიის მოპოვების შანსიც მიეცა. ჯერჯერობით მის ანგარიშზე 124 ქულაა და კიდევ ანალოგიური წარმატება სალიცენზიო ზონას მნიშვნელოვნად დაახლოებს.

კვლავაც დიდი კონკურენციაა 73-ში, თუმცა მათგან სალიცენზიო რეიტინგი მხოლოდ ტატალაშვილს აქვს - XX ადგილზეა. ავსტრიაში წარმატების შემთხვევაში ის პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს. ამავე წონაში რეხვიაშვილიც მიჰყავთ, რომელსაც მწვრთნელი აქამდეც ინტერესით უყურებდა და რადგანაც ნაკრების ქართველ მწვრთნელთა მონდომებით მის ჭიდაობაში პროგრესიცაა, ზაიზენბახერიც უფრო მეტად ენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული