საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ავსტრიაში მსოფლიოს თასზე გამოვა

AutoSharing Option
11 და 12 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში ვაჟ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (სამივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ზურაბ ზვიადაური, ბეთქილ ნავერიანი (90), ნოდარ მეტრეველი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე - + 100).

სალიცენზიო თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო 66 კილოგრამია, სადაც ჯერჯერობით ევროპული კვოტით ვიღებთ საგზურს. ავსტრიაში წარმატება ორივე ჩვენებურს ჰაერივით სჭირდება.

შავდათუაშვილს
პირველ წრეში მეტოქედ მონღოლი ტუმურკულეგ დავაადორჯი ერგო, რომელიც 60 კილოგრამში ჭიდაობს და იქაურ ოლიმპიურ რეიტინგში სულაც მეშვიდეა. მეტოქე ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი, თუმცა, იქნებ ამჯერად წონის ცვლამ ავნოს, რადგან ამას ადაპტაციაც სჭირდება. ამათში გამარჯვებული ავსტრიელ გეორგ რაიტერსა და კორეელ იუნ-ჰო ჩოს შორის მოგებულს შეხვდება.

მონღოლის გარდა, შავდათუაშვილს მეტ-ნაკლებად ძლიერი მეტოქე მხოლოდ მეოთხედფინალში ელოდება ეგვიპტელ აჰმედ ავადის სახით, რომელიც ასევე რეგიონული კვოტით იღებს საგზურს. ქარდავა ყირგიზ ისლამ ბაიალინოვთან შეხვედრით იწყებს ტურნირს და განსაკუთრებით ძლიერები არც მის ახლო-მახლოს არიან.

შუკვანი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი რუმინელ კლაუდიუ ამადო ლაზეასა და მაროკოელ იასინ მოუდატირის შეხვედრაში გაირკვევა. მერებაშვილი სლოვენიელ მატიას ტრბოვცს ხვდება.

ავსტრიული შეჯიბრება ფრიად ხალხმრავალია, ყველაზე მეტი მონაწილე კი 73-შია - 67 კაცი, სადაც სამი ფალავანი გვყავს, თუმცა მათ წილისყრაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ორგანიზატორებს იმდენად უპრეცედენტო შეცდომა მოუვიდათ, მსგავსს ვერც ვიხსენებთ - ამ წონაში უკვე "ჩაატარეს" შეჯიბრება და არასწორი ოქმი დადეს, ფინალური წყვილიც კი "გამოიცნეს" და გამარჯვებულიც. შეცდომა ევროპელებსაც მოსდით, მაგრამ ეს ნამეტანია.

ჭრიკიშვილი პირველად ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკას ხვდება, ვისაც წლეულს თბილისში მოუგო. ჩვენებურს ისეთი ბადე აქვს, ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. წიკლაური თავიდან ტოგოელ საშა დენანიოჰს ეჭიდავება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი - თურქ აჰმეტ სარისა და იტალიელ ფრანჩესკო ბრიუერეს შორის მოგებულს.

ზვიადაურს ავსტრიელი კრისტოფ რადლერი ერგო, ძლიერი მეტოქე არც მეორე წრეში ელოდება, აი, მესამემდე თუ გავიდა, იქ კი ძლიერი კუბელი ეშლი გონსალესი ან უკრაინელი ქუნჯაი ნჰაბალი შეიძლება შეხვდეს. ნავერიანის პირველი მეტოქე ბრიტანელი მიშელ ჰორლია, ხოლო თუ მოუგო, შესაძლოა, სერბ დმიტრი გერასიმენკოსთან მოუწიოს პაექრობამ.

ძლიერი ბადე არც შეწყალებულ და სამუდამო დისკვალიფილკაციისგან გათავისუფლებულ მეტრეველს აქვს - თავიდან ჩილელ იტალო კორდობას ხვდება, მოგებულს კი უნგრელი მიკლოშ ცირჯენიცსი ელოდება.

ოქრუაშვილს ბედმა ბრიტანელი მეთიუ კლემპნერი არგუნა და თუ მოუგებს, მერე ჩერნოგორიელი მარკო რადულოვიჩი ჰყავს მეტოქედ. ხანჯალიაშვილი პირდაპირ მეორე წრეშია და პერუელ კარლოს ერიკ ზაგარა პრესერს დაეჭიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული