ობერვარტში ჩემპიონები ბეთქილ შუკვანი (60) და ლევან წიკლაური (81) გახდნენ, მძიმე წონაში კი ადამ ოქრუაშვილი მეორეზე, ხოლო ზვიად ხანჯალიაშვილი მესამეზე გავიდნენ. პაატა მერებაშვილი (60) და ზებედა რეხვიაშვილი (73) მეხუთეზე გავიდნენ, ნუგზარ ტატალაშვილი (73) - მეშვიდეზე.
მედალოსანთაგან ხარისხობრივად ყველამ გვაჩვენა პროგრესი, მაგრამ ხანჯალიაშვილმა თუ დაახლოებით მოლოდინისამებრ იჭიდავა (ოღონდ ამჯერად ბევრად დაკვირვებით ირჯებოდა და მისთვის მომაკვდინებელ უკუგდებასაც აღარ იყენებდა, რასაც ბოლო
შუკვანმა თბილისის შემდეგ ზედიზედ მეორე მსოფლიოს თასი მოიგო. ახლა მისი მონაგარი 482 ქულაა და სალიცენზიო რეიტინგში XIV ადგილზეა.
ობერვარტში არ ჭიდაობდნენ წონის მთავარი ლიდერები და არც გვაქვს ილუზია, რომ ჩვენებური მათთანაც ასე იოლად მოიგებს, მაგრამ მის მიერ ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხი ქებას ნამდვილად იმსახურებს.
შუკვანმა ხუთივე ორთაბრძოლაში იპონით იმარჯვა და ტურნირის მოგებას სულ რაღაც ექვსწუთნახევარი მოანდომა! ადრინდელთან შედარებით ბევრად უკეთ მომზადებულს ყველაფერი შეუდარებლად კარგად გამოსდიოდა - სისწრაფეც, ერთმანეთზე უფრო ლამაზი გდებებიც და არსენალიც უფრო მრავალფეროვანი ჰქონდა.
საინტერესოა, რომ თითქმის ყველა შეხვედრა სხვადასხვა ილეთით მოიგო, რაც მის მდიდარ ტექნიკაზე მიუთითებს. განსაკუთრებით ეფექტური ნახევარფინალში კორეელ ინ-მინ იანგთან მოგება იყო, როცა ვარდნაში ლამის დაცემულმა ჰაერში აატრიალა მეტოქე. არანაკლებ საინტერესო იყო ერთი წრით ადრე მონღოლ ბოლბაატარ ჩიმედ-იონდონთან მოგებაც, რომელიც გარესარმით იოლად "გადატეხა" ბეჭებზე. არადა, იქაურები კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან და ასეთების გადადრეკა არაა იოლი.
მათ ფონზე მაროკოელ იასინ მუდატირთან და ლატვიელ ანდრეას მაჯერსთან (ამასაც ეფექტური იპონი გაუკეთა შუაკაურით) წმინდა მოგებები გასაკვირიც არაა, ფინალში კი აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ილგარ მუშკიევი 55 წამში დააიპონა. ჩიმედ-იონდონის არ იყოს, ქართველებს ესეც დაბრიყვებული ჰყავთ - ამირან პაპინაშვილმაც სამივე შეხვედრა მოუგო და ახლა შუკვანმაც მესამედ აჯობა. თუმცა ამჯერად იყო ეპიზოდი, როცა აზერბაიჯანელს მსაჯებმა გდება არ შეუფასეს, მაგრამ, ალბათ, სამართლიანადაც. ეტყობა, ამან ისედაც მოტივირებულ შუკვანს დამატებითი სტიმული მისცა და რამდენიმე წამში ჩახვეული ფეხით ტომარასავით გადაადგო ზურგზე.
ძნელი წარმოსადგენია, დარჩენილ სამ სალიცენზიო ტურნირში შუკვანი ქულებით გაუთანაბრდეს პაპინაშვილს, თუმცა მან თუ ეს ფორმა შეინარჩუნა, მწვრთნელებს ოლიმპიადაზე წამსვლელის დასასახელებლად დიდი თავსატეხი გაუჩნდებათ.
ალბათ, ყველაზე უკეთესი ვარიანტი საკონტროლო შეხვედრა იქნება, მაგრამ გავიხსენოთ, რა თქვა ნაკრების მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა ამ თემაზე საუბრისას - დავსხდებით და შევაჯამებთ, ვის ვისთან რა შანსი აქვს და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთო. ვფიქრობთ, ევროპის პირველობაც ბევრ რამეს გაარკვევს, სადაც ორივე იჭიდავებს, თუმცა ერთს კი შევნიშნავთ - პაპინაშვილი შუკვანის მიერ გადათელილ კორეელ ინ-მინ იანგთან შარშან დიუსელდორფში დამარცხდა.
წიკლაური საქართველოს ჩემპიონიცაა, თბილისის ტურნირზეც მესამეზე გავიდა, მაგრამ ავსტრიაში ცოტა ვინმე თუ მიიჩნევდა ფავორიტად.
ჩვენებურს ტონგოელი საშა დენანიო კიდევ კარგად გაუძალიანდა - ლამის 2 წუთი გაძლო იპონამდე, თურქ აჰმეტ სარის კი ვაზარით მოუგო.
პოლონელ ლუკაშ ბლაშს 3 გაფრთხილებით მოუგო, ოღონდ აქაც მტკიცედ ეპყრა შეხვედრის სადავეები და არბიტრს სავსებით კანონზომიერად, ჭკვიანური ტაქტიკით დააჯარიმებინა - იმდენად კარგად ბორკავდა მეტოქეს, პოლონელის გაფრთხილება დროის საკითხი იყო. თუმცა როცა იუკოთი დაწინაურდა, აქ მისთვის ჩვეული ერთი ცუდი თვისება გამოავლინა, რაც სამომავლოდ უნდა მოიშალოს - დროის გაყვანაზე დაიწყო ფიქრი და აშკარად გაურბოდა ჭიდაობას.
ეს არაა ტაქტიკა და დროის გაყვანა სხვანაირად შეიძლება, ხოლო ინიციატივა ასე ადვილად არ უნდა დათმო. მით უფრო, როცა მეტოქესაც გასაღებს მოარგებ და ასე იოლად აფრთხილებინებ. კიდევ კარგი, დროზე მოეგო გონს და სასურველ შედეგს მიაღწია. მან უსწრაფესი და, ალბათ, ულამაზესი ბრძოლაც ფრანგ ლოის პიეტრისთან მიითვალა, რომელიც 20 წამში გარეფეხით მოცელა, ნახევარფინალში ლატვიელ კონსტატინ ოვჩინიკოვსს ვაზარით აჯობა, ფინალში კი მასავით მოულოდნელ ფავორიტს, კანადელ ანტოინ ვალოის-ფორტიერს მტკივნეულით მოუგო.
აქ წიკლაურს ნამდვილად წაადგა სამბოს სკოლა, სადაც ჩოქბჯენში ჭიდაობა ძიუდოზე ბევრად კარგადაა შემონახული.
შემოდგომიდან მოყოლებული ოქრუაშვილიც გარდაისახა და შედეგებსაც აღწევს. ფინალამდე ხუთი იპონი მიითვალა და საკმაოდ ძლიერებთანაც, თუმცა თავიდან ბრიტანელ მეთიუ კლემპნერთან ბეწვის ხიდზეც გაიარა, ჩერნოგორიელ მარკო რადულოვიჩთან, ფრანგ მეთიუ ბატესთან, კორეელ სუნგ-მინ კიმთან და იაპონელ კაზუჰიკო ტაკაჰაშისთან კი ასე სასწორზე არ დაუდია მოგება.
ფინალში კუბელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ ოსკარ ბრისონთან, ვფიქრობ, ცოტა რისკიანად იჭიდავა, რაღაც ავანტურისტულად ეკვროდა და კუბელმა იოლად დააიპონა. ხანჯალიაშვილი უფრო ფრთხილად ერთან ცოტა უფრო შემტევიც იყო. ისიც ბრისონთან დამარცხდა - მეოთხედფინალში (მანამ პერუელი კარლოს ერიკ პრესერ ზეგარა 20 წამში დააიპონა, მონღოლ მუნკბაატარ ხადბაატარს კი 3 გაფრთხილებით მოუგო), სანუგეშოში კი ჯერ ესტონელი ევროპის ჩემპიონი მარტინ პადარი მოახსნევინა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ორი გაფრთხილებით დაწინაურებულმა ზემოხსენებული იაპონელი ტაკაჰაში დადო ბეჭებზე.
იმედის ფალავნები
უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, ტურნირი დადებითად ჩაეთვლებათ მერებაშვილსა და
რეხვიაშვილს, რომლებიც ნელ-ნელა სძლევენ ჩავარდნას. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები ავსტრიაში დავინახეთ. მაგალითად, მერებაშვილი სასურველი ფორმისგან კვლავაც შორსაა, მაგრამ სლოვენიელ მატიას ტრბოვცთან მოგების შემდეგ მონღოლი ბოლდბაატარ განბატი უნაკლოდ გამოცელა.
მთლად სუსტი არც საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი ისაამ ნოური იქნებოდა, მაგრამ ვაზარით აჯობა, თუმცა როცა საქმე ტაქტიკურ-ტექნიკურად კარგად განსწავლულ და ფიზიკურად მშვენივრად მომზადებულ კორეელებზე მიდგა, წააგო - ჯერ ვონ-ინ კიმთან, მერე დამამშვიდებლის ფინალში - ზემოხსენებულ იანგთან. ვფიქრობ, მერებაშვილს ახლა სჭირდება ბევრი შეჯიბრება, ხელის წაშველება, რათა საკუთარი თავის ირწმუნოს; დაიჯეროს, რომ მოგება შეუძლია, თუმცა ჩავლებებზე, ახალ სტილზე მანაც ბევრი უნდა იმუშაოს.
რეხვიაშვილს წმინდა მოგებებით არ გამოუჩენია თავი, უფრო შედეგზე ჭიდაობდა, რაც ყაზახ აზამატ კიპშაკაევთან, ფრანგ იორდან ამოროსთან, ჰოლანდიელ ნეალ ვან დე კამერთან და ებრაელ იოსებ ფალელაშვილთან ეყო, მაგრამ კორეელ-იაპონელებთან - არა, მეოთხედფინალში იაპონელ იუკი ნიშიამასთან წააგო, დამამშვიდებლის ფინალში - კორეელ ვონ-იუნგ კიმთან.
ავსტრიული შუქ-ჩრდილები
ალბათ, შალვა ქარდავამ (66) ბოლო შანსიც დაკარგა - პირველივე წრეში დამარცხდა ყირგიზ ისლამ ბაიალინოვთან. თენგიზ პაპოშვილი (73), ბეთქილ ნავერიანი (90) და ლაშა შავდათუაშვილიც (66) თავიდანვე გამოვარდნენ, თუმცა ამ ახალგაზრდაზე საყვედურს მაინც ვერ ვიტყვით, რადგან ძლიერი მეტოქე ჰყავდა - მონღოლი ტუმურკულეგ დავაადორჯი. ის 60-ის მოჭიდავეა და იქაურ ოლიმპიურ რეიტინგში მეექვსეა, მაგრამ შავდათუაშვილს მასთან ურიგოდ არ უჭიდავია.
უმედლობისთვის ვერც ნუგზარ ტატალაშვილს (73) ვუსაყვედურებთ, რადგან ორგანიზატორთა უთავბოლობით, ფორს-მაჟორში მოუწია ჭიდაობა - არასწორად განაწილებული შეხვედრათა გრაფიკის გამო ბოლო სამი შეხვედრა ლამის შეუსვენებლად ჩაატარა (ასევე დამართეს ოქრუაშვილსაც - ნახევარ საათში სამჯერ გავიდა ტატამზე). ვიდრე ნორმალურ რეჟიმში უწევდა ასპარეზობა, მანამდე ტატალაშვილმა ორი შეხვედრა გაფრთხილებით, ხოლო ერთიც წმინდად მოიგო, მერე კი რეხვიაშვილის მომგებ კორეელთან და თურქ სეზერ ჰიუზუსთან წააგო.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) პარიზში ხომ 4 წამში წააგო და ახლაც უფრო თავისით დათმო შეხვედრა დამატებითში უნგრელ ლასლო ჩოკნიაისთან. თუმცა დამატებითში შესამჩნევადაც დაიღალა, მეტოქემ კი, პირიქით, უფრო მოუმატა. იმ საბედისწერო ეპიზოდში ჭრიკიშვილი მოუმზადებელი დახვდა მეტოქის შემოტევას და თავდაცვა ვეღარ მოასწრო, უნგრელს თვითონაც დიდად შეუწყო ხელი იუკოზე ვარდნაში.
სამწუხაროდ, ერთი მოგების მიუხედავად, ზურაბ ზვიადაურმა (90) ვერც ამჯერად გვაჩვენა რამე დამაიმედებელი. 100-ში ნოდარ მეტრეველმა წონა ვერ ჩააბარა და არც უჭიდავია. თურმე ის ავსტრიაში ძირითადად სამედიცინო გამოკვლევისთვის მიჰყავდათ, ხოლო თუ წონასაც დაიკლებდა, კიდეც აჭიდავებდნენ. ცოტა უჩვეულო გადაწყვეტილებაა - მან ბოლო დღეებში 10 კილოგრამზე მეტი დაიკლო და ადგილზე დარჩენილი 6-7-ის დაკლებას რომ ვერ შეძლებდა, საიდუმლო ვისთვის იყო და აჯობებდა, ის სამედიცინო შემოწმების მიზნით წაეყვანათ, ამ წონაში კი საქართველოს ჩემპიონი და თბილისის ტურნირის მედალოსანი ირაკლი ქობლიანიძე ეჭიდავებინათ, რომელიც არსად გამოუცდიათ.
კვარცხლბეკი.
60 კგ. 1. ბეთქილ შუკვანი (საქართველო), 2. ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი), 3. ჯინ-მინ ჯანგი, ვონ-ჯინ კიმი (ორივე - კორეა), 5. პაატა მერებაშვილი (საქართველო).
66 კგ. 1. პიერ დუპრატი (საფრანგეთი), 2. ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია), 3. იუნ-ჰო ჩო (კორეა), ალტანსუკჰ დოვდონი (მონღოლეთი).
73 კგ. 1. სოჰეი ონო (იაპონია), 2. ჯოო-ჯინ კიმი, 3. ვონ-ჯუნ კიმი (ოერივე - კორეა), იუკი ნიშიამა (იაპონია). 5. ზებედა რეხვიაშვილი, 7. ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - საქართველო).
81 კგ. 1. ლევან წიკლაური (საქართველო), 2. ანტოინ ვალოის-ფორტიერი (კანადა), 3. კონსტანტინ ოვჩინიკოვსი (ლატვია), ლოის პიეტრი (საფრანგეთი).
90 კგ. 1. დმიტრი გერასიმენკო (სერბეთი), 2. ვალენტინ გრეკოვი (უკრაინა), 3. კრისტოფ ლამბერტი (გერმანია), კიუ-ვონ ლეე (კორეა).
100 კგ. 1. პეტერ გუსინსი (გერმანია), 2. გრიგორი მინასკინი (ესტონეთი), 3. ტამუულენ ბატულგა (მონღოლეთი), ელკო ფან დერ ხესტი (ბელგია).
+100 კგ. 1. ოსკარ ბრისონი (კუბა), 2. ადამ ოქრუაშვილი, 3. ზვიად ხანჯალიაშვილი (ორივე - საქართველო), სუნგ-მინ კიმი (კორეა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"