საქართველო ექვსეულშია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში - ტოკიოშია საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებიც. დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა (66), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური (81), გრიგოლ შინჯიკაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი (+100), იოსებ მსხალაძე (აბსოლუტური) - გუნდის თავკაც ამირან ტოტიკაშვილის გადაწყვეტილებით, ეს შემადგენლობა იჭიდავებს პლანეტის პირველობაზე 9-13 სექტემბერს, ხოლო თუ ვინ იქნება მეორე მონაწილე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ამას მწვრთნელი ადგილზე გაარკვევს.

ნაკრები იაპონიაში ხუთშაბათს გამთენიისას
გაფრინდა, თუმცა მათთან დაკავშირება ფედერაციის წარმომადგენლებმა ჯერ ვერ შეძლეს. წინასწარი გეგმით, ისინი ჩემპიონატის დაწყებამდე ტოკიოში ხანმოკლე შეკრებას გაივლიან, რაც ძირითადად აკლიმატიზაციას დაეთმობა, თუმცა ბიჭებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია დასვენება, განვლილი შეკრებების შემდეგ განტვირთვა-დასვენება და ტურნირისთვის ძალების მოკრება. ცოტა უფრო რთულადაა ვალერი ლიპარტელიანის (90) საქმე - მან ბორჯომში ვარჯიშისას მხარი იტკინა და თბილისური შეკრება ლამის მთლიანად გაუცდა, მხოლოდ ბოლო დღეებში შეუერთდა გუნდს. ევროპის ზედიზედ ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ტრავმა საბოლოოდ ტოკიოში უნდა მოიშუშოს. საბედნიეროდ, სხვებს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აწუხებთ.
ჩემპიონატი 9 სექტემბერს დაიწყება ქალთა და ვაჟთა ორ-ორი ზედა მძიმეწონოსანთა ტურნირით - ამ დღეს +100-100 და +78-78 წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ. მეორე დღეს საასპარეზოდ ვაჟთაგან 90-81, ქალთაგან კი 70-ის მოჭიდავეები გავლენ. 11-ში ვაჟთაგან საქმეში მხოლოდ 73-ის ფალავნებს ვიხილავთ, ქალთაგან - 63-57-სას. 12 სექტემბერი 60-66 და 52-48 კატეგორიებს დაეთმობა, 13-ში კი აბსოლუტური პირველობაა.

ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება, ამიტომ მხოლოდ ვაჟებისაზე შევჩერდებით. მასში 98 ქვეყნის 532 სპორტსმენი გამოვა, რაც ფრიად შთამბეჭდავი ციფრია. ყველაზე მეტი მონაწილე 73 და 81 კილოგრამ წონებში გამოვა - 81-81 ფალავანი. საინტერესოა, რომ ამ 98 ქვეყანას შორის მხოლოდ ექვსია ისეთი, ვისაც სრულად დაკომპლექტებული ანუ ყოველ წონაში ორ-ორი მონაწილე ეყოლება - საქართველო, იაპონია, კორეა, მონღოლეთი, აშშ და რუსეთი.

ფრიად წარმოამდგენლობითია მონაწილეთა სახელობრივი სიები, თუმცა რამდენიმე ცნობილ ფალავანს ეს ჩემპიონატიც მოისაკლისებს. მაგალითად, წინასწარ განაცხადებში შეყვანილნი არ არიან ეგვიპტელი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ჰეშამ მეშბახი (90), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები - ბელარუსი სიარხეი შუნძიკაუ (81) ბრიტანელი პეტერ გუსინსი (100) და შვეიცარიელი სერგეი აშვანდენი (90). განაცხადებში საერთოდ არაა ტაჯიკეთი და, შესაბამისად, მათი ერთადერთი ტიტულოვანი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი რასულ ბოკიევი (73), მაგრამ უფულო ტაჯიკები სულ ასე დაგვიანებით ჩადიან ტურნირებზე და არაა გასაკვირი, ბოკიევმა მაინც რომ იჭიდაოს. უნგრელებს განაცხადში არ ჰყავთ მძიმეწონოსანი ბარნა ბორი, მაგრამ ყველაზე დიდი მოულოდნელობა კუბელთა ოთხკაციანი განაცხადია! თან მასში არც ერთი ცნობილი ფალავანი არაა. ისრაელიც მხოლოდ ოლიმპიური პრიზიორითა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ არიელ ზეევითაა წარმოდგენილი. ჰოლანდიაც მცირერიცხოვანი გუნდითაა ჩასული და ორკაციანი კვოტა სრულად არც ფრანგებს გამოუყენებიათ. რაც შეეხება მასპინძელთა და რუსთა გუნდში მომხდარ ცვლილებებს, ამაზე ადრე ვწერდით.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული