დიუსელდორფისთვის ქართველ ძიუდოისტთა შემადგენლობა გაცხადდა

AutoSharing Option
გაცხადდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც მომავალ უქმეებზე დიუსელდორფში "დიდ პრიზზე" იჭიდავებს: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100).

ეს შემადგენლობაც გარკვეულ კითხვებს იწვევს. უპირველესად ის გაგვიკვირდა, რომ გუნდში ვერც ამჯერად მოხვდნენ საქართველოს ჩემპიონი ირაკლი ქობლიანიძე (100), ვიცე-ჩემპიონები - ზურაბ ნოზაძე (73) და გიორგი ბაინდურაშვილი (81)... ასევე გაგვაოცა
იმან, რომ უკვე მერამდენე ტურნირზე ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დაჰყავთ, მათ შორის - წარუმატებლებიც, ახლებს კი რატომღაც არ იწვევენ.

ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა განგვიმარტა, რომ ეს სალიცენზიო ქულათა მარაგის შევსებითაა გამოწვეული და თან უკვე ექსპერიმენტების დრო აღარაა.

ამიტომ ისევ იმათ ეყრდნობიან, ვისაც შედარებით უკეთესი რეიტინგი აქვს. მაგალითად, 66-ში ამ მხრივ ჩვენი ლიდერი ქარდავაა, თუმცა მას ქულები კვლავაც სჭირდება. გერმანიაშიც იმ იმედით მიჰყავთ, რომ ეგებ ცოტა კიდევ შეჰმატოს მარაგს, თუმცა იქვე ახალგაზრდა შავდათუაშვილსაც აჭიდავებენ, რომელიც უკვე ბევრით აღარ ჩამორჩება ქარდავას.

ტატალაშვილსაც დაახლოებით ამ მიზეზით არ ასვენებენ - ის კი შედის სალიცენზიო 22-კაციან ზონაში, მაგრამ ქულები ჯერ კიდევ სჭირდება. რაც შეეხება ზემოჩამოთვლილ ფალავნებს, ვაზაგაშვილის თქმით, ყველა მათგანი ჩასმულია მომავალ უქმეებზე პრაღაში გასამართ მსოფლიოს თასზე წასაყვანთა სიაში.

კვლავაც პრობლემატურია მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის (100) საკითხი - სამწუხაროდ, მისი ტრავმა სერიოზულია და არათუ გერმანიაში, ისიც არაა გარკვეული, ჩეხეთში მაინც თუ შეძლებს გამოსვლას.

გერმანიაში წამსვლელი გუნდის დიდმა ნაწილმა გასულ უქმეებზე ავსტრიაში იჭიდავა მსოფლიოს თასზე. მათი ნაწილი იქვე დარჩა ერთობლივ ვარჯიშებზე და დიუსელდორფშიც ობერვარტიდან გადავლენ, ნაწილი კი სავიზო პრობლემის მოსაგვარებლად თბილისში დაბრუნდა და აქედან გაფრინდებიან გერმანიაში.

დიუსელდორფის ტურნირის შემდეგ ნაკრები იაპონიაში მიდის შეკრებაზე და სწორედ მისი ვიზებია გასამზადებელი, ხოლო ვინ წავა "ამომავალი მზის ქვეყანაში", ეს გერმანული შეჯიბრების შემდეგ გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერია
nini
10:20 16-02-2012
0

სიახლეები პოპულარული