სალიცენზიო დავა პიკს უახლოვდება, კონკურენცია იზრდება

AutoSharing Option
გამოქვეყნდა ძიუდოისტთა ახალი სალიცენზიო რეიტინგი, რომელსაც ჩვენი გუნდის ზოგადი მდგომარეობა არ შეუცვლია - კვლავაც შვიდივე წონაში ვიღებთ ოლიმპიადის საგზურს, აქედან ექვსში პირდაპირ შევდივართ 22-კაციან სალიცენზიო ზონაში, 66-ში კი - ევროპული კვოტით.

სამაგიეროდ, ზოგიერთ წონაში შიდა კონკურენცია კიდევ უფრო დაიძაბა.

60 კგ.
აქ ისევ ორ საგზურს ვიღებთ - 22-კაციან სიაში 810-ქულიანი ამირან პაპინაშვილი V, 482-იანი ბეთქილ შუკვანი კი XIV ადგილზე არიან.

სტაბილურობით პაპინაშვილი ისედაც გამოირჩეოდა, თუმცა ამ მხრივ უკვე შუკვანმაც გამოიჩინა თავი, რომელმაც მოიგო ბოლო ორი ტურნირი - თბილისსა და ავსტრიაში.

ეს ქულები ფრიად წაადგა, თუმცა რამდენიმე დღეში 2010 წელს გერმანიის "დიდ პრიზზე" მოპოვებული ქულები გაუნულდება, რაც სალიცენზიო ჩათვლაში 20 ქულას დააკლებს. ამის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება ამ უქმეებზე გერმანიაშივე, დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" წარმატებით ჭიდაობაა - თუნდაც მეხუთეზე გავიდეს ანუ მედლისთვის იჭიდაოს, 40 ქულას მიიღებს ანუ არათუ დააკლდება რამე, პირიქით, ცოტას მოიმატებს კიდეც.

პაპინაშვილს განულება არ ემუქრება, მაგრამ შარშან გერმანიაში მოპოვებული 40 ქულა გაუნახევრდება. თუმცა ამით ბევრი არაფერი იცვლება - ეს განახევრებული 20 ქულა ვერც 50%-იან ჩათვლაში შედის, ხოლო 100%-იანი ქულების საუკეთესო ხუთეულში მის ნაცვლად შარშან ევროპაზე მოპოვებული 36 ქულა შევა.

ქულების გარდა, გერმანული ტურნირი ჩვენებისთვის პრაქტიკულადაც მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით - შუკვანისთვის, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე ჭიდაობის გამოცდილებით პაპინაშვილს ჩამორჩება. შუკვანმა მსოფლიოს მოგებულ თასებზე ძალიან კარგად იასპარეზა, მაგრამ "დიდი პრიზი" ბევრად უფრო ძლიერი შეჯიბრება იქნება. საინტერესოა, როგორ იჭიდავებს შუკვანი უფრო ძლიერ მეტოქეებთან - დიდწილად იქ გაირკვევა, რას უნდა ველოდოთ მისგან პირველხარისხოვან ტურნირებზე და რამდენადაა მზად წონის ლიდერებთან საპაექროდ.

66 კგ.
წაგებების მიუხედავად, შალვა ქარდავა ჯერჯერობით ისევ იღებს ლიცენზიას ევროპული კვოტით. ოღონდ განულება-განახევრებამ მისი ქულათა მარაგი 200-დან 164-მდე დაიყვანა. დაქვეითდა მსოფლიოს რეიტინგშიც - ამჯერად 48-მდე ჩაინაცვლა, თუმცა სალიცენზიო ჩათვლაში ევროპულ კვოტაში კვლავაც მეორეა.

მართალია, აქ ლატვიელ დენის კოზლოვსის გარდა ჰოლანდიელი იესპერ დე იონგიც უსწრებს, თუმცა ჰოლანდია რეგიონულ კვოტას ქალებში იღებს და დე იონგი 66-ის პრეტენდენტებიდან ავტომატურად ვარდება. შეგახსენებთ, რომ ამ გზით ქვეყანას მხოლოდ ერთი საგზური გადაეცემა განურჩევლად ქალისა და კაცისა, ლიცენზია კი იმას ეძლევა, ვისაც უფრო მეტი ქულა აქვს. ჰოლანდიელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ბირგიტ ენტეს აქვს - 398 ქულა და მნიშვნელოვნად უსწრებს 224 ქულიან დე იონგს.

ამასობაში ქარდავას ლაშა შავდათუაშვილიც მიუახლოვდა, რომელსაც 124 ქულა აქვს და საერთაშორისო რეიტინგში 63-ეა. გერმანიაში ისიც მეხუთეზე რომ გავიდეს, 40 ქულას შეიმატებს და კონკურენტის ახლანდელ მონაგარს გაუტოლდება, თუმცა ქარდავას მალე შარშანწინ გერმანიაში მოპოვებული 12 ქულა გაუნულდება, მის ნაცვლად კი ჩათვლაში 4 შევა. ერთი სიტყვით, მას ქულები ისევ დააკლდება, მომავალ შაბათს დიუსელდორფში თუ არ შეივსებს მარაგს.

73 კგ.
ნუგზარ ტატალაშვილს
თბილისში გამარჯვებისთვის მოპოვებული 100 ქულა ჯერაც უნარჩუნებს ადგილს სალიცენზიო 22 კაცში - 344-ით 21-ეა. ავსტრიაში მან 16 ქულა კი მიიღო, მაგრამ ეს რიცხვი საუკეთესო ხუთ მაჩვენებელში ვერ ხვდება. ჯერჯერობით ტატალაშვილს არც არაფერი უუქმდება, მხოლოდ შარშან გერმანიაში მოპოვებული 24 ქულა უნახევრდება, მაგრამ ამით მისი მდგომარეობა არ იცვლება - სანაცვლოდ შარშანდელ ხუთ საუკეთესო შედეგში კვლავაც 24 ქულა შედის.

81 კგ.
ავთანდილ ჭრიკიშვილი
416 ქულით მე-17 ადგილზეა. მან ზედიზედ ნაჭიდავებ სამივე ტურნირში მიიღო ქულები - თბილისში გაიმარჯვა და 100 ჩაიწერა, საფრანგეთიდან 36 ქულა წამოიღო, ავსტრიიდან - მხოლოდ 8, რაც ვერ მოხვდა ხუთ საუკეთესოში. მას არც განულება ემუქრება და არც - განახევრება.

მისი მონაგარი ძირითადად შარშანდელ სეზონზე მოდის, რადგან მანამდე ახალგაზრდული ასაკის გამო სალიცენზიო შეჯიბრებებში არც უჭიდავია. ძნელი სავარაუდოა მოვლენათა ისეთი განვითარება, ჩვენებურმა ლიცენზია დაკარგოს.

ამ წონაში 22 კაცში ჩვენგან სხვა ვერავინ ხვდება, თუმცა ავსტრიაში გამარჯვებით ლევან წიკლაურმა სერიოზული ნახტომი კი გააკეთა - სალიცენზიო სიაში 24-25-ე ადგილებს იყოფს მასავით 286-ქულიან ჩინელ სი რიჯიგავასთან. მისთვის რეიტინგის 22-ე ნომერთან არსებული 20-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და სალიცენზიო ზონაში შესვლა უტოპია ნამდვილად არაა, მაგრამ ჭრიკიშვილის დაწევა კი გაუჭირდება. დიუსელდორფის ტურნირი მისთვისაც კარგი გამოცდა იქნება, რადგან ამ რანგის შეჯიბრებებში ხშირად ვერც ის გამოდიოდა.

90 კგ.
აქაც ძირითადად ერთი მონაწილის - ვალერი ლიპარტელიანის იმედად ვართ, რომლის ანგარიშზეც 746 ქულაა. რეიტინგში ის მერვეა, რაც ოლიმპიადაზე განთესვის საშუალებას მისცემს.

მისი ძირითადი ამოცანაც ახლა ამ პოზიციის შენარჩუნებაა, რადგან შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი ფეხდაფეხ მისდევს - მათ შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. თუმცა უახლოესი ორი ტურნირის - გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ ქულების განახევრება-განულება შვედს მნიშვნელოვნად დააზარალებს, ჩვენებურზე ბევრად მეტად.

კაცმა არ იცის, როგორ იჭიდავებენ ისინი უახლოეს შეჯიბრებებში, მაგრამ სადღეისო რეიტინგით ასეთი მდგომარეობაა: ლიპარტელიანს გაუნულდება ორი წლის წინ გერმანიაში მოპოვებული 12 და ჩეხეთში მოხვეჭილი 50 ქულა, თუმცა ამათგან პირველი ისედაც არ შედიოდა ჩათვლაში, ხოლო მეორის ნაცვლად 40 ქულა შევა ცხრილში. რეალურად, ლიპარტელიანის დანაკარგი 10 ქულა გამოდის.

მას არც განახევრება დააკლებს რამეს - 50%-ით შეუმცირდება გერმანიაში შარშან მოპოვებული 40 ქულა, რომელიც ასევე არ შედის ხუთ საუკეთესოში. იმის მიუხედავად, რომ ნიმანი ევროპის ჩემპიონია და 2010-ის ფინალში ლიპარტელიანი დაამარცხა, მას მაინც არ აქვს ჩვენებურის მსგავსი შედეგები - აქა-იქ თუ მოიგებს რომელიმე შეჯიბრებას.

ამიტომ არც დიდი ქულები მოეპოვება და ყოველი დანაკლისი მისთვის უფრო საგრძნობია. მას გაუნულდება გერმანიაში ორი წლის წინ მოპოვებული 20 ქულა, ხოლო შარშან მიღებული 200 გაუნახევრდება, რაც მის მარაგს 100 ქულით შეამცირებს ანუ 682-მდე დაიყვანს. კიდევ ვიმეორებთ - არ ვიცით, ის როგორ იჭიდავებს დიუსელდორფში ან ჩეხეთში, მაგრამ სადღეისო ვითარება ასეთია. ამასთან, ბოლო სალიცენზიო შეჯიბრების - ევროპის პირველობის შემდეგ მას გაუნულდება სწორედ 2010-ის კონტინენტის ჩემპიონობისთვის დარიცხული 90 ქულა და იმედია, ამის კომპენსაციას ევროპის წლევანდელ პირველობაზე ვერ გააკეთებს.

მართალია, იმავე ტურნირზე მოპოვებული 54 ქულა ჩვენებურსაც გაუუქმდება, მაგრამ სანაცვლოდ 40-ს მიიღებს. თუმცა მთავარი მაინც ისაა, ლიპარტელიანმა იასპარეზოს კარგად და ქულები შეიმატოს.

100 კგ.
ეს წონა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქომაგისთვის, რადგან აქ ეგულებათ ოლიმპიური მედლის ყველაზე რეალური კანდიდატი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. აქვეა ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული კონკურენციაც ცირეკიძესა და ლომერ ჟორჟოლიანს შორის, რომელშიც დღეისათვის ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლიდერობს. ჟორჟოლიანის ანგარიშზე 644 ქულაა, რაც რეიტინგში XIII ადგილია, ცირეკიძე კი 538-ით მომდევნო საფეხურზეა.

ჟორჟოლიანს ახლა არა და იქით უქმეებზე კი გაუნულდება ჩეხეთის ორი წლის წინანდელი 16 ქულა, თუმცა ეს მაინც არ შედიოდა ჩათვლაში და არც დააზარალებს. მას ჯერჯერობით არც არაფერი უნახევრდება. ცირეკიძეს განულება არ ემუქრება, რადგან იმ პერიოდში, რომელსაც გასაუქმებელი შედეგები ექვემდებარება ანუ 2010 წლის სეზონის დასაწყისში არ ჭიდაობდა.

განახევრებით კი შარშან გერმანიაში მოპოვებული 24 ქულა კი გაუნახევრდება, თუმცა ეს წაადგება კიდეც და მარაგს გაუზრდის. საქმე ისაა, რომ მას ხუთ საუკეთესო 100%-იან ჩათვლაში კვლავაც 24 ქულა შემოუვა, ის განახევრებული კი 50%-იანებში გადავა 12 ქულად, სადაც ცირეკიძეს მხოლოდ სამი შედეგი აქვს, და იმათ დაემატება. ამდენად, 538 ქულა 550 გაუხდება.

ევროპის პირველობის შემდეგ ჟორჟოლიანს ამავე რანგის შეჯიბრებაზე 2010-ში მიღებული 14 ქულაც გაუუქმდება, თუმცა არც ის შედიოდა ჩათვალში და არც ეს აზარალებს, შარშანდელ ევროპირველობაზე მოპოვებული ქულები კი ორივეს გაუნახევრდება. შარშან ჟორჟოლიანი კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი გახდა და 108 ქულა მიიღო, ცირეკიძე კი მესამე იყო და 72 ქულა მიითვალა.

+100 კგ.
კონკურენცია ამ წონაშიც უკიდურესად დაიძაბა - ზვიად ხანჯალიაშვილსა და ადამ ოქრუაშვილს შორის სხვაობა 8 ქულამდე შემცირდა.

ჯერ წინ ისევ ხანჯალიაშვილია, რომელიც 364 ქულით XVII ადგილზეა, 356-იანი ოქრუაშვილი კი მას ფეხდაფეხ მისდევს. ხანჯალიაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება ორი უახლოესი შეჯიბრების შემდეგ - გერმანული ბატალიების კვალდაკვალ მას ამავე ტურნირზე ორი წლის წინ მოპოვებული 40 ქულა გაუნულდება, ერთ კვირაში კი პრაღის ასევე ორი წლის წინანდელ 6 ქულასაც დაკარგავს.

არადა, მას 50%-იან სიაში ისედაც სულ 4 შედეგი აქვს. მართალია, შარშან გერმანიაში მოპოვებული 24 ქულა განახევრდება და 50-იანებში გადავა 12-ად, მაგრამ დანაკლისი მაინც სოლიდურია. მოკლედ, დიუსელდორფში წარმატებით თუ არ იჭიდავებს, დანაკლისს ვერ ასცდება.

ხანჯალიაშვილისგან განსხვავებით, განულება-განახევრება საერთოდ არ ემუქრება ოქრუაშვილს, რომლის ბოლოდროინდელი პროგრესი ქულებსაც დაეტყო. მან რამდენიმე ტურნირში აჩვენა კონკურენტზე უკეთესი შედეგი - თბილისში ფინალში პირადი შეხვედრა მოუგო, ავსტრიაში ქულებით აჯობა, არასალიცენზიოებიდან კი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ასევე პირად შეხვედრაში დაამარცხა. ხანჯალიაშვილი მხოლოდ პარიზში გამოვიდა ოქრუაშვილზე უკეთ, როცა მასზე მეტი ქულა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული