დიუსელდორფში ქართველ ძიუდოისტთა მეტოქეები გაირკვნენ

AutoSharing Option
18 თებერვალს დიუსელდორფში "დიდი პრიზის" მორიგი სალიცენზიო ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები სრული, 14-კაციანი გუნდით იასპარეზებს.

60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ ანუ საუკეთესო შემთხვევაში, ნახევარფინალში ერთმანეთთან იჭიდავებენ.

პირველ წრეში ორივე ისვენებს, უფრო რთული არჩევანი კი, ვფიქრობთ, მაინც პაპინაშვილს ერგო - მისი მეტოქე იაპონელი ნაშისა ტაკატოსა და ჰონგკონგელ იუკ ტინგ ლეეს შერკინებაში გაირკვევა, თუმცა ლამის დაბეჯითებით შეიძლება თქმა, რომ ამ შეხვედრას ტაკატო მოიგებს. პაპინაშვილის სიახლოვეს ანგარიშგასაწევი ბრიტანელი ეშლი მაკენზიცაა.

შესაძლოა, შუკვანს პირველ მეტოქედ ისევ
ებრაელი არტიომ არშანსკი ერგოს, ვისაც თბილისის ტურნირის ფინალში დამაჯერებლად მოუგო. ყოველ შემთხვევაში, არშანსკი მანამდე იემენელ ალი ხოსროფის ეჭიდავება, რომლის დამარცხებაც არ უნდა გაუჭირდეს. თუ ამ სამეულს გასცდა, შუკვანს კანადელი ვილ ფრეზერის, ყაზახი იელდოშ სმეტოვისა და აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევის ტრიოში გამარჯვებული შეხვდება. ამათგან ყველაზე ძლიერი მსოფლიოს პრიზიორი მუშკიევი გვგონია, თუმცა ჩვენებურმა მას კარიერაში სამივე ორთაბრძოლა მოუგო, ბოლოს კი წინა შაბათს დაამარცხა ობერვარტში.

წილისყრამ შალვა ქარდავას (66) თითქოს გაუმართლა, რადგან პირველ წრეში ანდორელი დანიელ გარსია გონსალესი არგუნა. ამასთანაც თუ წააგო და აღარ ყოფილა საშველი, მაგრამ მერე იმ იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოს ხვდება, ვისთანაც პარიზის "დიდ მუზარადზე" დამარცხდა. ამ წონაში ლაშა შავდათუაშვილი თავიდან ისვენებს, მის მეტოქეს კი ეკვადორელ ისრაელ ვერდუგოსა და მოლდოველ იგორ სოროკას შეხვედრა გაარკვევს.

გაუმართლა ნუგზარ ტატალაშვილს (73) - მეორე წრეშია გასული და დომინიკელ ფაუსტო ბივიეკას ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ბელგიელი დიკ ვან ტიხელტი ელოდება. მთლად ძლიერები არც ახლო-მახლოსაა ვინმე - ახალზელანდიელ, მალელ და სუსტ გერმანელთა ფონზე ყველაზე ძლიერი კიდევ ქვეყნიდან ქვეყანაში ნათრევი ვეტერანი ტაჯიკი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი რასულ ბოკიევი ჩანს, რომელსაც ნამდვილად არ უდგას კარგი დრო. აი, ზებედა რეხვიაშვილს (73) კი ნამდვილად არ გაუმართლა - პირველივე წრეში იაპონელი იუკი ნიშიამა ერგო.

81-ში ასეთი წილი გვერგო - ლევან წიკლაური ავთანდილ ჭრიკიშვილის მიერ წლეულს უკვე ორჯერ დამარცხებულ ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკას ხვდება, თავად ჭრიკიშვილი კი ზედიზედ ორი წრე ისვენებს, ხოლო თუ ვის შეხვდება მესამეში, ეს გერმანელი ჰანეს კონრადისა და ბერძენი ალექსის ნანაციდისის ბრძოლაში გამოვლინდება.

90-ში ვალერი ლიპარტელიანიც მესამე წრეშია, მისთვის ყველაზე საინტერესო კი ჰოლანდიელი რობი ვან ლაარჰოვენისა და ჩვენთვის თბილისის ტურნირიდან ნაცნობი მოლდოველ ივან რემარენკოს შეხვედრა იქნება - იქ მისი მეტოქე გაირკვევა.

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური არგენტინელ ჰექტორ კამპოსს ეჭიდავება.

ლევან ჟორჟოლიანი (100) პირველ წრეში ისვენებს, მასთან შეხვედრის უფლების მოსაპოვებლად კი ერთმანეთს მაროკოელი ადილ ფიკრი და ტაჯიკი მაკამადმუროდ აბდურახმონოვი ეჭიდავებიან. რეაბილიტირებული ნოდარ მეტრეველი ყირგიზ ალექსეი ტასკინს ხვდება.

მძიმე წონაში თავიდან ორივე ჩვენებური ისვენებს. ზვიად ხანჯალიაშვილთან შესახვედრად ებრაელი ორ სასონი და ჰოლანდიელი გრიმ ვუიჯსტერსი იჭიდავებენ, ადამ ოქრუაშვილი კი გერმანელ მატიას შმუნკსა და ყაზახ ულან რისკულს შორის  მოგებულს შეხვდება. ცხადია, ხანჯალიაშვილს ბევრად ძნელი წილისყრა შეხვდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
XANJALEICHVILMA CHIDAOBA UNDA ISTAVLOS DA MIAGCEVS RAMES AUCILEBLAD
drinjo
00:47 18-02-2012
0
მიდით ბიჭებო მაგრები ხართ აბა თქვენ იცით ანახეთ შედეგი... წარმატებები ყველას
nini
19:10 18-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული