ალბათ, ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან ჩვენებური ქრონიკული წარუმატებლობის ფონზე მაინც ინარჩუნებდა ადგილს სალიცენზიო ზონაში, თუმცა ამაში ხელს მეტოქეებიც უწყობდნენ - ზოგს ქულები გაუნულდა ან გაუნახევრდა, ზოგან კი ზუსტად ისეთი შედეგები მივიღეთ, ჩვენს წისქვილზე რომ დაასხა წყალი.
თუმცა ადრე თუ გვიან ყველა მოვლენა სრულდება, მათ შორის - გამართლებაც, იქით მეტოქეებიც თავისას ცდილობენ და...
ქარდავა უფსკრულის პირას
ქარდავას მთავარ საშიშროებას არა მდევარ ევროპელთა ანუ კონტინენტური კვოტის მოცილეთა დაწევა უქადის - ამის შანსი არც ისე რეალურია, არამედ სალიცენზიო 22-კაციანი სიიდან ებრაელ გოლან პოლაცკის გამოვარდნა - ამ შემთხვევაში საგზურებს კვოტით ის და ლატვიელი დენის კოზლოვსი მიიღებენ, როგორც ორი დაწინაურებული ევროპელი.
არადა, პოლაცკის გამოვარდნის საფრთხე ძალზე რეალურია - ახალი რეიტინგით 284 ქულით ის ზუსტად საბედისწერო 22-ე ადგილზეა, მაგრამ უკვე სამშაბათიდან მას ჩამოაკლდება ჩეხეთში ორი წლის წინ მოპოვებული 4 ქულა, ამ მცირე დანაკლისის გამოც კი ამერიკელი ბრედფორდ ბოლენიც გადაუსწრებს და 22-დან გამოაგდებს.
ებრაელი დაქვეითებას იმ შემთხვევაში გადაურჩება, თუ ახლა პრაღაში წარმატებით იჭიდავებს, ოღონდ ამასაც გააჩნია - მინიმუმ, ფინალში მაინც უნდა გავიდეს, რომ 60 ქულა მიიღოს, თორემ მესამეზე გასვლა და 40-იც კი არაფერში წაადგება, რადგან წლევანდელ 5 საუკეთესო მონაგარში ყველაზე დაბალი შედეგი ისედაც ამდენი აქვს.
არადა, მისგან ფინალში გასვლა რამდენად რეალურია, განმარტებაც არ გჭირდებათ. მას მხოლოდ ერთი ტურნირი აქვს მოგებული - შარშან ტალინის მსოფლიოს თასზე გაიმარჯვა. ამას რეგიონული პირველობებიც ემატება, რომლებიც უკლებლივ ყველა კონტინენტზე ერთდროულად - 26-29 აპრილს იმართება.
პოლაცკის ევროპაზე დიდი შანსი არ აქვს, ბოლენი კი, სავარაუდოდ, წარმატებით იჭიდავებს პან-ამერიკაზე (შარშანწინ მოიგო, შარშან კი წააგო) ცხადია, მას შარშანწინდელი 90 ქულა გაუნულდება, მაგრამ წლეულსაც თუ გაიმარჯვა, 180 ქულას მიიღებს ანუ რეიტინგში ისევ 90 დაემატება. ამერიკელს მოტივაციას ისიც უძლიერებს, რომ თავის გუნდში რეგიონულ კვოტას ვერ იღებს. აქვე შეგახსენებთ, რომ კონტინენტურ პირველობაზე მეორე ადგილი 108 ქულას იძლევა, მესამე - 72-ს, მეხუთე - 36-ს და ასე შემდეგ.
მთელ ამ ისტორიაში არაფერი გვითქვამს ქარდავას შანსებზე. ახლა მის ანგარიშზე 180 ქულაა და პოლაცკის ამ წუთისთვის 104, კოზლოვსს კი 66 ქულით ჩამორჩება. ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად მას გვარიანი გარჯა მართებს - ახლა საკუთარ თავს მხოლოდ თვითონ თუ იხსნის.
ვის გაუღიმებს ევროპა?
რადგან ჩეხეთში 60 კილოგრამში ჩვენი ლიცენზირებულები არ ჭიდაობენ, აქ ძალიან ბევრ რამეს ევროპის ჩემპიონატის შედეგი განსაზღვრავს.
შესაძლოა, რადიკალურადაც შეცვალოს ვითარება. ამირან პაპინაშვილი 806 ქულით ოლიმპიურ რეიტინგში მე-5 ადგილზეა და ჯერაც გვარიანად უსწრებს მე-9-ზე მყოფ 552-იან ბეთქილ შუკვანს.
განულება არც ერთს არ ემუქრება, ევროპის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ქულების განახევრებით კი, რაც ორივეს ხუთეულში ეთვლება, შუკვანი უფრო მეტს კარგავს - 54-ს, პაპინაშვილი - 18-ს. სამაგიეროდ, შუკვანს ის დარჩენილი 54 განახევრებულ ჩათვალში მაინც დაეწერა, პაპინაშვილი კი ულაპარაკოდ კარგავს - 18 ქულა არ ხვდება მის 5 საუკეთესო შედეგში. პრაქტიკულად, მან ჩეხეთში ან ევროპაზე წარმატებით თუ არ იჭიდავა, ერთბაშად 36 ქულას დაემშვიდობება.
ამის მიუხედავად, შუკვანმა ევროპა რომც მოიგოს, პაპინაშვილს მაინც ვერ დაეწევა, მაგრამ ფაქტია - ბოლო შეჯიბრებები ბევრად უკეთ ჩაატარა.
უბრალოდ, მას 8 საუკეთესოში მოხვედრის შანსი აღარ შერჩა, ამან კი, შესაძლოა, მწვრთნელები დააფიქროს - ოქტეტში ყოფნა ოლიმპიადაზე განთესვის უფლებას გაძლევს, რაც პაპინაშვილს ყველა ვარიანტში გარანტირებული აქვს. მოკლედ, ევროპაზე წარმატებით გამოსვლა ორივესთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
მიზანი - ოქტეტი
ჩეხეთში ვალერი ლიპარტელიანსაც (90) მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა შეუძლია - საბოლოოდ დაიბევოს ადგილი საუკეთესო რვაში. ის 906 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო ჩეხეთში მისი გადასწრება ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონ ტიაგო კამილოსა (886) და რუს კირილ დენისოვს (808) შეუძლიათ.
რეგიონული პირველობები კი სხვა თემაა, თუმცა ბოლო ტურნირებში ჩვენებური გვარიანად მოფერიანდა და დიუსელდორფის "დიდი პრიზი" მოიგო კიდეც.
სხვათა შანსები
ჩვენი გუნდის სხვა წევრები ისეთი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვიან, როგორიც მოწინავე რვაში შესვლაა, მაგრამ არც 22 კაციდან გავარდნა ემუქრებათ.
ამ მხრივ თითქოს ნუგზარ ტატალაშვილს (73) ჯერ კიდევ ელოდება საფრთხე, თუმცა - არც ისე ძლიერი. 22-დან რომც გავარდეს, ევროპულ კვოტაში ულაპარაკოდ ლიდერობს, ოღონდ ამ ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში ქარდავას ოლიმპიადაზე მოხვედრაზე არც უნდა ვიოცნებოთ. ტატალაშვილი 360 ქულით ოლიმპიურ ჩათვალში მე-18-ე ადგილზეა, ჩეხეთში კი მისი გადასწრება თეორიულად ოთხ საშუალო დონის ძიუდოისტს შეუძლია. ისიც - მხოლოდ ჩემპიონობით, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია, თორემ მეორე ადგილიც არ ჰყოფნით საამისოდ.
უბრალოდ, სასურველია, ისინი ფინალამდეც კი არ მივიდნენ და ქულები არ დააგროვონ, რეგიონულ პირველობებსაც მშვიდად რომ შევხვდეთ. ეს განსაკუთრებით ევროპელებზე - რუმინელ კოსტელ დანცულეაზე (275) და საქართველოდან ისრაელში წასულ იოსებ ფალელაშვილზე (274) ითქმის. თან მათ არც განულება-განახევრება ემუქრებათ.
81-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი 416 ქულით XVII ადგილზეა და სასწაული უნდა მოხდეს, ულიცენზიოდ დარჩეს. ეგ კი არა, ვიმედოვნებთ, პრაღასა და მერე ევროპაზე ისიც წარმატებით გამოვა და ქულებს კიდევ მოიპოვებს. მით უფრო, მას ქულების დაკლება არ ემუქრება. პრაღაში წარმატება 286-იან ლევან წიკლაურსაც აძლევს 22-ში შესვლის შანსს, თუმცა აქ ბევრი რამე სხვათა გამოსვლაზეც იქნება დამოკიდებული.
ახალ რეიტინგში მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასჯილ ირაკლი ცირეკიძეს (100) ჯერ ისევ შენარჩუნებული აქვს იაპონია-ჩინეთში მოპოვებული ქულები, თუმცა მათი ჩამოჭრა დროის საკითხია. ამ წონაში ჩვენგან ლომერ ჟორჟოლიანი ლიდერობს - 644 ქულით მე-12-ე ადგილზეა, ცირეკიძე 550-ით - მე-15-ზე.
მძიმეში ადამ ოქრუაშვილმა დიუსელდორფში მოპოვებული მეორე ადგილით და 120 ქულით გვარიანად გადაუსწრო ზვიად ხანჯალიაშვილს.
ოქრუაშვილის ანგარიშზე 456 ქულაა და მე-15-ეა, ხანჯალიაშვილი კი 336-ით - მე-17-ე. ამ ეტაპზე ოქრუაშვილი მართლაც კარგ ფორმაშია და საეჭვოა, ჩეხეთის ტურნირმა რამე შეცვალოს, ხოლო ევროპამდე რა შეიცვლება მათ მზადებაში, დრო გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"