ჭაბუკი ძიუდოისტები დიდი გზის დასაწყისში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე დიღომში, ძიუდოს აკადემიამ საქართველოს პირად პირველობას უმასპინძლა ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის. ეს ნაკრებიც თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესის წინაშე დგას, რადგან შარშანდელი ლიდერების უმეტესობა გუნდიდან წავიდა.

თავად განსაჯეთ - ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი (81), ამავე ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (90), ევროპის ჩემპიონი ვანო მამისაშვილი (55), ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი შალვა ჩოჩელი (90), მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ბექა დონღვანი (73), ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ლევან გუგავა (73), ფესტივალის მესამე პრიზიორი გიორგი მუზიაშვილი (66)
- ეს მთელი ნაკრებია, ხოლო ამ ტიტულებს ბევრი ფედერაცია მთელ სეზონში ვერ ინატრებს.

შარშანდელი გუნდიდან მხოლოდ ევროპის ვიცე-ჩემპიონები - თამაზ კირაკოზაშვილი (60) და გიორგი ლაზუაშვილი (+90) დარჩნენ, ოღონდ კირაკოზაშვილმა წლეულს წონა შეიცვალა, თუმცა 66-შიც უჭირს წონის დაკლება. მას არც ქვეყნის პირველობაზე უჭიდავია, თუმცა ამის მიზეზი ტრავმა გახლდათ.

რჩება აგრეთვე ვანო ჩურჩხელაშვილიც (73), რომელიც შარშან ობიექტური მიზეზით ვერ მოხვდა ნაკრებში, ამჯერად კი ქვეყნის პირველობა მოიგო.

მან თუ უცხოეთშიც წარმატებით იჭიდავა, ნაკრებში მოხვედრაში ხელს ვერაფერი შეუშლის, მწვრთნელებს კი მისი გამორჩეულად ეიმედებათ.

დაახლოებით იგივე ითქმის გიორგი კაციაშვილზეც (55). შალცვა ჩოჩელის წასვლის მიუხედავად, შესაძლოა, გუნდი მაინც არ დარჩეს ჩოჩელთა ოჯახური წარმომადგენლის გარეშე და შალვა უმცროსმა ძმამ - რამზეს ჩოჩელმა (73) შეცვალოს, რომელიც ახლა მესამეზე გავიდა.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ სპორტსმენებთან ერთად შეიცვალა ხელმძღვანელობაც - მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა ეროვნულ ნაკრებში გადაინაცვლა, ჭაბუკებს კი მის ნაცვლად გია თენაძე ჩაუდგა სათავეში.

ქვეყნის ჩემპიონატს წინ ახალშემოღებული ორი სარეიტინგო ტურნირი უძღოდა. სწორედ მათი შედეგების მიხედვით მოეწყო განთესვა, რამაც ობიექტური სურათის მიღებას შეუწყო ხელი - ადრეულ ეტაპზე ძლიერების შეხვედრა გამორიცხა.

ამდენად, თაობათა ცვლის გამო ეს ჩემპიონატი მოზარდებისთვის დიდი გზის დასაწყისი გამოდგა - ბევრ მათგანს პირველად მიეცა ნაკრებში მოხვედრის შანსი, ზოგსაც შანსი გაეზარდა ლიდერთა წასვლის გამო.

ამან განაპირობა მოჭარბებული ინტერესიც - შეჯიბრებაში 300-მდე მოზარდი გამოვიდა. ყველაზე მეტი ოქროს მედალი კახეთმა მოიპოვა - 4, თბილისს 2 ერგო, აჭარას და შიდა ქართლს კი თითო. კახეთიდან ჩემპიონები ირაკლი კუპატაძე (50), კობა მჭედლიშვილი (60), ვანო ჩურჩხელაშვილი (73) და დავით რამაზაშვილი (90) გახდნენ, თბილისიდან - გიორგი ქურდიანი (81) და გიორგი ძებისაშვილი (+90). აჭარას ოქრო ბაჩანა ბოლქვაძემ (66) მოუტანა, შიდა ქართლს კი - გიორგი კაციაშვილმა (55).

ეს მედალოსნები 17-18 მარტს ანთალიაში გამოვლენ ევროპის ჭაბუკთა თასზე, თუმცა, სავარაუდოდ, იქ საკუთარი ხარჯით დამატებით კიდევ რამდენიმე ძიუდოისტიც იჭიდავებს - ისინი, ვინც ამჯერად უმედლოდ დარჩა, მაგრამ ნაკრებში მოხვედრის ამბიციას კვლავ ინარჩუნებს.

მწვრთნელები მათ სურვილს გაგებით ეკიდებიან და შანსს აძლევენ. ანთალიაში რამდენიმე გოგოც წავა, იქიდან დაბრუნებული გუნდი კი მზადების საშეკრებო ეტაპზე გადავა. 22-24 ივნისს ჩერნოგორიულ ბარში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე ნაკრები გერმანიაშიც იასპარეზებს დასკვნით შეჯიბრებაში. სწორედ იქ გადაწყდება საბოლოოდ, მწვრთნელები ვის წაიყვანენ ჩერნოგორიაში.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. ირაკლი კუპატაძე (კახეთი), 2. ზურაბ ონიანი (თბილისი), 3. გიორგი სადაღაშვილი, არჩილ ქარელიშვილი (ორივე - შიდა ქართლი).
55 კგ. 1. გიორგი კაციაშვილი (შიდა ქართლი), 2. ბექა ნათათრალაშვილი (კახეთი), 3. ერეკლე არხოზაშვილი, ზურაბ ჭონიაშვილი (ორივე - შიდა ქართლი).
60 კგ. 1. კობა მჭედლიშვილი (კახეთი), 2. ბექა სეხნიაშვილი (შიდა ქართლი), 3. დიმიტრი ცაბაძე (სამცხე-ჯავახეთი), ბექა უდესიანი (თბილისი).
66 კგ. 1. ბაჩანა ბოლქვაძე (აჭარა), 2. ზაზა მეგრელიშვილი, 3. ჯემალ ბუჩუნტელი (ორივე - თბილისი), გიგა გიგაური (ქვემო ქართლი).
73 კგ. 1. ვანო ჩურჩხელაშვილი (კახეთი), 2. იესო კვირიკაშვილი (შიდა ქართლი), 3. რამზეს ჩოჩელი (თბილისი), ზურაბ ლომიძე (იმერეთი).
81 კგ. 1. გიორგი ქურდიანი, 2. სულიკო სეთურიძე (ორივე - თბილისი), 3. ნიკა მოველიძე (კახეთი), ბექა შერაზადიშვილი (შიდა ქართლი).
90 კგ. 1. დავით რამაზაშვილი, 2. მიხეილ ახალაური, 3. ჯაბა მუმლაძე (სამივე - კახეთი), გიორგი გველესიანი (თბილისი).
+90 კგ. 1. გიორგი ძებისაშვილი, 2. ზაზა გოჯიაშვილი (ორივე - თბილისი), 3. ბაქარ კუხიანიძე, ბექა ძოწენიძე (ორივე - იმერეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული