ირაკლი ცირეკიძე გაამხნევეს

AutoSharing Option
იმერეთის ოლიმპიური მოძრაობის (თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე) ერთ-ერთი საფიქრალი და პრიორიტეტი იმერეთიდან ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებაა.

ჯერჯერობით საქართველოს ამ კუთხიდან ლონდონის საგზურს მხოლოდ ძალოსანი გიორგი ცირეკიძე ფლობს. რამდენიმე სპორტსმენს კი ოლიმპიადაზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

ყველაზე მეტად ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძისა ეიმედებოდათ, თუმცა მის ირგვლივ ბოლო პერიოდში დატრიალებულმა მოვლენებმა არა მარტო ცირეკიძის მშობლიური ქალაქი, არამედ მთელი საქართველო საგონებელში ჩააგდო.

ოლიმპიურ ჩემპიონს დოპინგტესტზე ჩავარდნის გამო სამთვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და მისი ლონდონში წასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სეოკ-ის იმერეთის
ორგანიზაცია იმედს არ კარგავს, რომ ცირეკიძე საკუთარი თავის რეაბილიტაციას მოახდენს და ტატამზე დაბრუნების შემდეგ ლიცენზიისთვის გაათმაგებული მოტივაციით იბრძოლებს. რამდენიმე დღის წინ რევაზ რობაქიძე, ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი დავით აბულაძე და საზოგადო მოღვაწე გიზო თავაძე სიტუაციაში უკეთ გასარკვევად ციკერიძეს შინ ეწვივნენ.

"ირაკლი და მთელი მისი ოჯახი ეს ერთი კვირა საზოგადოებასთან კომუნიკაციას მოკლებული იყვნენ და გვინდოდა მათთვის თანადგომა გამოგვეხატა. ვფიქრობ, რომ ჩვენი მისვლით ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახში დადებითი მუხტი შევიტანეთ. ირაკლიმ გვითხრა, რომ მომხდარის ირგვლივ შეფასებები გადაჭარბებულია.

მისი განწყობა საკმაოდ პოზიტიური და საბრძოლოა. განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ, რადგან კიდევ ერთხელ მისცეს შანსი საქართველოს ნაკრებთან ერთად დისკვალიფიკაციის მოხსნამდე იაპონიაში შეკრებაზე წავიდეს.

ამ ფაქტმა ცირეკიძეზე შესაძლოა სტიმულატორივით იმოქმედოს. ახლა მან უნდა დაამტკიცოს, რომ კვლავ შეუძლია სამშობლოს დიდი გამარჯვებები მოუტანოს. ამის შანსი კი ევროპის ჩემპიონატზე მიეცემა", - გვითხრა რევაზ რობაქიძემ. მანვე ორგანიზაციის საქმიანობაზეც ისაუბრა.

"ოლიმპიური მოძრაობა იმერეთში სეოკის საერთო ღონისძიებების პროგრამის ჩარჩოებში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის თავიდანვე მოემზადა.

სამხარეო ადმინისტრაციის და ქუთაისის თვითმმართველობის მხარდაჭერით, კულტურისა და სპორტის სამსახურთან და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი. ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, სადაც ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ ბაღში ოლიმპიურ ჩემპიონთა ვარსკვლავებია გახსნილი, რომელიც წლეულს, მაისში, კიდევ უფრო კეთილმოეწყობა. სეოკის იმერეთის ორგანიზაციამ რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტიც განახორციელა.

ბოლოს, სპორტულ სკოლებში მოეწყო კონკურსი ხატვაში "მე მომავალი ოლიმპიელი ვარ. ნამუშევართა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპის ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-ის თემას მიეძღვნა. პროექტში იმ ასაკის მოზარდები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის აქედანვე ემზადებიან.

ამჟამად ოლიმპიური მოძრაობა კიდევ ერთ კონკურსს იწყებს.

რევაზ რობაქიძე: "სპორტულ სკოლებში გაერთიანებული მოზარდებისთვის, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად, ტარდება ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსი, რისი მიზანიცაა გავიგოთ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ბავშვებს ოლიმპიური სამყარო და საკუთარი თავი ოლიმპიურ მოძრაობაში.

კონკურსის თემებია: "ოლიმპიური თამაშები ჩვენს ეზოში", "ოლიმპიური ცეცხლი მყინვარწვერზე" და "ოლიმპიური ჩემპიონი ჩემს ცხოვრებაში". ვფიქრობ, კონკურსში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

რედაქციისაგან: ხსენებული პირველი ორი თემა 2001 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ლიტერატურულ კონკურსზე იყო წარდგენილი საქართველოდან და ორივე პირველი პრემიით აღინიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცირე უნდა მოიგოოოოოო !!! ოლუმპიადა უნდა მოიგოოო !!! ;););)
Judooo
20:56 02-03-2012
0

სიახლეები პოპულარული