წილი ნაყარია, ჯერი ბიჭებზეა

AutoSharing Option

დღეს ტოკიოში ძუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელსაც 100 და +100 წონების ფალავნები გახსნიან. ჩვენს უმთავრეს იმედს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს (100) დიდად არ გაუმართლა, თუმცა ბევრად უარესი წილისყრაც შეიძლებოდა რგებოდა. ის პირველ წრეში უკრაინელ არტემ ბლოშენკოს ხვდება, მოგებულს კი უზბეკ რამზიდინ საიდოვსა და ავსტრალიელ ჯოშუა დაჰლის შორის გამარჯვებული ელოდება. დასახელებულთაგან არც ერთი არაა დაუძლეველი ზღუდე და ძლიერი მეტოქე (უკრაინელი კიდევ აღემატება სხვებს), მაგრამ მერე ტიტულოვანებთან შეხვედრის დროც

დადგება. კუბელი მსოფლიოს პრიზიორი ორეიდის დესპიგნე, ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა და კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰე ტაე ჰვანგი მოხვდნენ მის ბადეში. რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ? ტიტულები ერთია, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ კუბელმა და ბრაზილიელმა ის მედლები 2007-ში მოიპოვეს, მას შემდეგ კი ისე ვეღარ ბრწყინავენ. კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი 90 კილოგრამში გახდა - 2003 წელს, ოსაკაში გამართულ ფინალში ზურაბ ზვიადაური დაგვიმარცხა, თუმცა წლევანდელი სეზონიც კარგად დაიწყო და რამდენჯერმე მოუგო ლომერ ჟორჟოლიანს. მაგრამ ერთია ჟორჟოლიანი და მეორე - ცირეკიძე. თუ ჩვენებური ოპტიმალურ ფორმაშია, კორეელი არაა მისთვის გადაულახავი ზღუდე. თუმცა ნამდილად გასათვალისიწნებელია, რომ ჰვანგმა წონის ლიდერს, იაპონელ მსოფლიოს პრიზიორ ტაკამასა ანაის წლეულს საინტერესო პაექრობა გაუმართა - ჯერ იყო და ტოკიოშივე, კანოს ტურნირის ფინალში ჰვანგმა დაამარცხა მასპინძელი, მაგრამ ანაიმ კორეულ მასტერსზე სრულფასოვანი რევანში აუღო, სადაც ასევე ფინალში აჯობა. საბედნიეროდ, ანაი ამჯერად სხვა ჯგუფში მოხვდა და ცირეკიძეს ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება, სხვა ანგარიშგასაწევ ფალავანთაგან კი ჩვენებურთან რუსი ზაფარ მახმადოვი და ახალგაზრდებში აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი ელმარ გასიმოვიც მოხვდნენ, ოღონდ ამას იმ წარმატების შემდეგ არაფერი მოუგია. შეგახსენებთ, რომ ევროპის იმ ახალგაზრდულ პირველობაზე გასიმოვმა ერევანში იმარჯვა - ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, რომელმაც მერე ასევე ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობა მოიგო. ახლა კრპალეკი ანაისთანაა ჯგუფში, როგორც ებრაელი ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არიელ ზეევი.

ჟორჟოლიანი მოლდოველ სტანისლავ კერნეგას ხვდება, მის ჯგუფში კი ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში, რუსი ევროპის ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი, მონღოლი ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდინ ტუვშინბაიარი და უნგრელი მსოფლიოს პრიზიორი დანიელ ჰადფი არიან.

პირველ წრეში ჩვენი ორივე მძიმეწონოსანი ისვენებს. მეორეში ლაშა გუჯეჯიანი ოლიმპიადის უზბეკ ვიცე-ჩემპიონ აბდულო ტანგრიევსა და ისლანდიელ ტორმოდურ იონსონს შორის მოგებულს შეხვდება, ადამ ოქრუაშვილი კი კორეელი სუნგ მინ კიმისა და გერმანელი ანდრეას ტოლცერის ჭიდილს მიადევნებს თვალს. ფრანგი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ტედი რინერი ორივეს ასცდა - ის გუჯეჯიანის მხარესაა, მაგრამ ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება. ჩვენებს იაპონელებშიც მეტ-ნაკლებად გაუმართლათ - კაზუჰიკო ტაკაჰაში გუჯეჯიანის ჯგუფშია კი არის, მაგრამ მასპინძელთა ლიდერი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ჩემპიონი კეიჯი სუძუკი სხვა მხარესაა - ოქრუაშვილისკენ, მაგრამ ნახევარფინალამდე არც მათი გზები იკვეთება.
რაც შეეხება სხვა წონებს, ვალერი ლიპარტელიანი (90) ინდოელ საჰილ პატანიას ეჭიდავება, მათი მომდევნო მეტოქე კი ბრიტანელ ვინსტონ გორდონისა და ტაილანდელი ვუტიკრაი სრისოპრაპის შეხვედრაში გაირკვევა. ლიპარტელიანს მეტ-ნაკლებად გაუმართლა წილისყრაში, რასაც მინდია ბოდაველზე ვერ ვიტყვით - პირველ წრეში ბრიტანელ მიშეილ ჰორლეის კი ხვდება, მაგრამ ამავე ჯგუფში არიან ბერძენთა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი და წლეულს ჩინებულად მოასპარეზე იაპონელი მსოფლიოს პრიზიორი ტაკაში ონო.

ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაური (81) ამერიკელ ტრევის სტევენსთან მოსინჯავს ძალას, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში შვეიცარიელი მიშა ეგერი ელოდება. ამათგან არც ერთი არაა წონის ლიდერი, ტიტულოვანთაგან კი აქ ბრიტანელი მსოფლიოს პრიზიორი ეუან ბურტონი მოხვდა. აქვეა მასპინძელი მასაჰირო ტაკამაცუც. ამავე წონაში გრიგოლ შინჯიკაშვილი პირდაპირ აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამადლის დაეჯახა, თუმცა მეტოქეს ოლიმპიადის შემდეგ კრიზისი აქვს.

ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი (73) ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაებმება ალჟირელ მუსტაფა ბულემიასთან შეხვედრით. მის ჯგუფში მოხვდნენ ტაჯიკი ოლიმპიადისა და მსოფლიოს პრიზიორი რასულ ბოკიევი (წარმატების შემთხვევაში, მას მესამე წრეში გაეჯიბრება) და უკრაინელი ევროპის ჩემპიონი ვოლოდიმირ სოროკა. ამ წონაში ნუგზარ ტატალაშვილიც მეორე წრიდან ჩაებმება ჩემპიონატში - იემენელ ზეიად მატერს ეჭიდავება. ამავე ჯგუფშია ორივე იაპონელი - პარიზის წლევანდელი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ჰიროიუკი აკიმოტო და იასუჰირო ავანო.

პირველ წრეში შალვა ქარდავაც (66) ისვენებს, მისი მეტოქე კი სერბ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მილოშ მიიალკოვიჩისა და კვიპროსელ ანდრეას კრასასის შეხვედრაში გაირკვევა. აქვეა მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი ხაშბაატარ ჩაგანბაატარი, სომეხი ევროპის ჩემპიონი არმენ ნაზარიანი, რუსი მუსა მოგუშკოვი, კანოს ტურნირის ჩემპიონი ჯუნპეი მორიშიტა. მიხეილ ხომიზურიც მეორე წრეში გამართავს პირველ შეხვედრას - სლოვენიელ ევროპის პრიზიორ როკ დრაკშიჩთან. ძლიერი კონკურენტები არც მას აკლია - ესპანელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი სუგოი ურიარტე, რუსი ევროპის პრიზიორი ალიმ გადანოვი... დავით ასუმბანი (60) პირველად ყაზახ ბაკიტზან ტურებეკოვს ხვდება, ამირან პაპინაშვილი (60) - ტაივანელ ჰსუან ჰაო ჩანგს. რაც შეეხება აბსოლუტურ წონით კატეგორიას, წილისყრა ჯერ არ გამართულა.

ლელო


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული