მორიგი სირცხვილი

AutoSharing Option
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი

ქართულ ძიუდოს ესღა აკლდა - ირაკლი ცირეკიძემ ტოკიოში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კუბელ ორეიდის დესპანიესთან შეხვედრაზე დაიგვიანა და წაგება ჩაეთვალა! ქართული სპორტი ერთხელ უკვე გაეხვია მსგავს სამარცხვინო ისტორიაში და მაშინაც ძიუდოს გამო - 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე მძიმეწონოსან ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილს აწონვაზე დააგვიანდა და უმთავრესი ფავორიტი ტურნირს დაწყებამდე გამოეთიშა. ქომაგს ჯერ ის ამბავი ვერ მოუნელებია და ნამდვილად არ გვეგონა, ასეთსავე ვითარებაში თუ აღმოვჩნდებოდით. თუმცა ახლანდელი შემთხვევა წინამორბედზე მძიმეა - მაშინ სასტუმროდან დარბაზში მისვლა დააგვიანდათ, ახლა კი ცირეკიძე
დარბაზში იყო და კუბელამდე ორი შეხვედრაც მოიგო.

უცნაური პარალელებია - მაშინაც და ახლაც უსიამოვნება ქუთაისელ ძიუდოისტებს შეემთხვათ. თანაც ორივე შემთხვევაში დაზარალებულის როლში ოლიმპიური ჩემპიონები გამოვიდნენ...
ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და ჩვენთვის პირველივე დღე ფატალური აღმოჩნდა. თითქოს უმედლოდ დარჩენა არ გვეყოფოდა და ცირეკიძის ამბავი ხომ მთლად სამარცხვინო ფაქტია - კიდევ ერთხელ გავხდით დასაცინნი მსოფლიოში. ჩრდილოელმა მეზობლებმა აკი უმალ აიტაცეს ეს თემა - რეპორტაჟშიც აღნიშნეს, ატლანტას ამბავიც გაიხსენეს და საიტებზეც მყისიერად გამოაჭენეს ცნობა.

ნაკრების თავკაცმა ამირან ტოტიკაშვილმა სატელევიზიო კომენტარში მომხდარის დეტალები ასე განმარტა - როცა ცირეკიძეს საჭიდაოდ უხმეს, კიმონოს გამოცვლა ვერ მოასწრო და მხოლოდ ერთი წუთი დაგვაგვიანდაო!!! ყველაფერს ვიფიქრებდით ასეთი პასუხის გარდა... მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ზუსტად არ იცოდნენ, როდის უწევდა ცირეკიძეს გამოსვლა და ვერც მომზადებულები შეხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოცხადების მერე კი არ დაუწყებდნენ კიმონოს ძებნას, ადრევე დაიჭერდნენ თადარიგს და სპორტსმენი მოთელვასაც მოასწრებდა.

მიმაჩნია, რომ არ უნდა ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი ეგრეთ წოდებულ მოხალისეებზე - მწვრთნელებს ოქმები უნდა სჭეროდათ ხელში და თავად გამოეთვალათ, ვის შემდეგ უწევდა ჭიდაობა ცირეკიძეს. კუბელმა ხომ ზუსტად იცოდა, როდის გადიოდა ტატამზე და რაღა ქართველებისთვის გახდა ამის დადგენა შეუძლებელი?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი უთავბოლობა ქართულ ძიუდოში და რატომ უნდა გვექცეს მსგავსი სამარცხვინო ფაქტები სინდრომად? მომხდარი ხომ ისედაც უნიკალურია, მწვრთნელის განმარტება კიდევ უფრო გასაკვირი იყო.

ისიც საკითხავია, სხვა მწვრთნელები რას აკეთებდნენ ამ დროს? ხომ წარმოუდგენელია, იმდენმა ხალხმა ვერ დაადგინა, როდის გადიოდა სპორტსმენი საჭიდაოდ! ეს ხომ მათი უშუალო მოვალეობაა, რადგან არენის ტერიტორიაზე, ანუ იქ, სადაც ტატამია დაგებული, მოსათელი დარბაზი და გასახდელია, სპორტსმენის, მწვრთნელების და გუნდის მომსახურე პერსონალის - ექიმის, მასაჟისტის, ფსიქოლოგის (ვისაც ჰყავს) და ამგვარების გარდა სხვა ვერავინ შევა. იქ მოსახვედრად სპეციალური საშვია საჭირო, რასაც დასახელებულთა გარდა სხვას არ აძლევენ. ვიმედოვნებთ, ამჯერად კონკრეტული დამნაშავე გაირკვევა და ესეც ატლანტური ინციდენტივით ბურუსით მოცული არ დარჩება.

ახლა, როცა ესოდენ სამარცხვინო ფაქტი მოხდა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მიზეზით ან რატომ დააგვიანა ცირეკიძემ, მაგრამ დამნაშავის დასახელება და დასჯა იმიტომაა საჭირო, რომ მომავალში მსგავსი რამ კიდევ არ მოხდეს, დაუშვებელია, ქართულ სპორტს პერიოდულად არყევდეს ასეთი ინციდენტები. სავარაუდოდ, ამ ამბავმა ამირან ტოტიკაშვილის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, თუმცა ეს აქამდეც გარკვეული იყო, ახლა კი ალბათ, ყველაფერს წერტილი დაესვა. იგივე შეიძლება ითქვას ფედერაციის პრეზიდენტზეც, რომელიც შვებულებიდან ფედერაციაში აღარ დაბრუნებულა.

მომხდარის შემდეგ მედლებზე ლაპარაკი იქნებ აზრსაც კარგავს, მაგრამ ახლა არც ამით შეგვიძლია თავის დამშვიდება - გუშინ ოთხივე ქართველმა წააგო და უმედლოდ დავრჩით. ატლანტისა არ იყოს, ეტყობა, გუნდი სტარტზევე ფსიქოლოგიურადაც გატყდა. ცირეკიძე როცა ტატამზე დროულად გაიყვანეს, ორი შეხვედრის გამართვა მოასწრო და ორივე ვადამდე მოიგო - უკრაინელ არტემ ბლოშენკოს სამწუთნახევარში ჯერ ვაზარი აართვა, მერე პირდაპირ იპონზე დასცა, უზბეკ რამზიდინ საიდოვთან კი ორი ვაზარის მოსახვეჭად ოთხ წუთზე ცოტა მეტი დასჭირდა. ამის შემდეგ ის ავბედითი ეპიზოდი და კუბელის ზეობა იყო...

დანარჩენი ქართველებიდან ყველაზე უკეთ მძიმეწონოსანმა ლაშა გუჯეჯიანმა იჭიდავა - სანუგეშოში მხოლოდ ის გადავიდა. ჩვენებური პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა - უზბეკი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი აბდულო ტანგრიევი. გუჯეჯიანს მისთვის ადრეც ბევრჯერ მოუგია და ახლაც იმარჯვა, მაგრამ საამისოდ დიდი გარჯა დასჭირდა - გაფრთხილებებით დაამარცხა. ტანგრიევთან შედარებით სლოვენიელი მატიას სერაი ბევრად სუსტი ბარიერი იყო და ჩვენებურმაც იოლად მიითვალა იპონი.

ამას მეოთხედფინალი და იქ რიო დე ჟანეიროს წლევანდელი "დიდი მუზარადის" იაპონელ ჩემპიონ კაზუჰიკო ტაკაჰაშისთან წაგება მოჰყვა - გუჯეჯიანი დიდხანს უძალიანდებოდა მასპინძელს, მაგრამ შეხვედრის მიწურულს წუთნახევარში ორი ვაზარი გაატარა და სანუგეშოში გადაინაცვლა ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან შესახვედრად. გუჯეჯიანი მალევე დაწინაურდა - მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა და იუკო მოიპოვა, მაგრამ სილვამ ჯერ ანგარიში გაქვითა, ბოლოს კი ვაზარიც აუღო და ჩვენებურიც გამოეთიშა ჩემპიონატს.

ამავე წონაში პირველ წრეში ადამ ოქრუაშვილიც ისვენებდა, მეორეში კი მომავალ ფინალისტთან, გერმანელ ანდრეას ტოლცერთან ორი ვაზარით წმინდად წააგო. ლომერ ჟორჟოლიანმა (100) მოლდოველ სტანისლავ კერნეგას წმინდად მოუგო, მაგრამ მომდევნო შეხვედრა უზბეკ უხტირ კურბანიოვთან ასევე იპონით დათმო და გავარდა.

100 კილოში ლამის უპრობლემოდ გაიმარჯვა მასპინძელმა ტაკამასა ანაიმ და შარშანდელი ბრინჯაო წლეულს ოქროდ გადაადნო. ის პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ლიტველი მარიუს ლაბალაუკისის გარდა, მას ყველა ტიტულოვანი მეტოქე შეხვდა - ებრაელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი არიელ ზეევი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი, მომავალი მესამე პრიზიორი, ფრანგი ტიერი ფაბრი, ჩვენთვის ბედისწერად ქცეული კუბელი მსოფლიოს პრიზიორი დესპანიე და ჰოლანდიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ჰენკ ხროლი...

ასეთ ძლიერ კამპანიში მან სამი იპონი მიითვალა - ლიტველთან, ებრაელთან და ფრანგთან, ჩეხს და კუბელს ვაზარით აჯობა, ხროლი კი ორჯერ გააფრთხილებინა... ქებას იმსახურებს ხროლიც, რომელმაც ბოლო სამი შეხვედრა წონის აღიარებულ ლიდერებთან გამართა და დიდი წარმატებითაც იჭიდავა - მესამე წრეში ბელგიაში გადასული თანამემამულე ელკო ფან დერ ხესტი იპონზე დააგდო, მერე კი მსოფლიოს შარშანდელ ფინალში წაგებისთვის ღირსეული რევანში აუღო ყაზახ მაქსიმ რაკოვს - ორი გაფრთხილებით იუკო და ზედ ვაზარიც. ნახევარფინალში ასევე ორი გაფრთხილებით მონღოლ ოლიმპიურ ჩემპიონ ნაიდინ ტუვშინბაიარს აჯობა. სამწუხაროდ, ხროლმა ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, მაგრამ ანაიმაც ღირსეულად გაიმარჯვა.

მძიმე წონაშიც ასევე სრულიად დამსახურებულად გაჩემპიონდა ფრანგი ტედი რინერი. რაც უნდა ვაკრიტიკოთ მისი ჭიდაობის სტილი, ფაქტია - ამ კაცმა მოიგო ბოლო სამი მსოფლიოს პირველობა. საყურადღებოა, რომ მან ფინალის გარდა, დანარჩენ ხუთ შეხვედრაში იპონით იმარჯვა, ფინალში კი გერმანელი ანდრეას ტოლცერი იუკოთი დაამარცხა. ამ წონაში ცოტა გასაკვირია მასპინძელთა მარცხი, თუმცა მათი ლიდერი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კეიჯი სუძუკი ადრევე გავარდა, კაზუჰიკო ტაკაჰაშიმ კი ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო ეგვიპტელ ისლამ ელ შეჰაბისთან.

იაპონელებს ცოტა დააკლდათ, ახალი წესით - წონაში ქვეყნიდან ორი მონაწილის გამოყვანით ბოლომდე ესარგებლათ. ამის შანსი ქალთა ტურნირზე მძიმე წონაში მიეცათ, სადაც ნახევარფინალში მათი ორივე მონაწილე გავიდა და სხვადასხვა მხარესაც იყვნენ, მაგრამ იქ პატარა სენსაცია მოხდა - იაპონელთა მთავარი იმედი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მაკი ცუკადა ჩინელ ქიან ქინთან დამარცხდა. არადა, მას შემდეგ, რაც ცუკადას მთავარი კონკურენტი, დოპინგის მოხმარებისთვის დისკვალიფიცირებული ჩინელი ოლიმპიური და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ვენ ტონგი ტურნირს ტოვებდა, ცუკადა თითქოს ფავორიტი ჩანდა, მაგრამ, ეტყობა, ჩინელების კომპლექსი სჭირს. იაპონელებს ნამუსი მიკა სუგიმოტომ მოსწმინდა- ფინალში ქინს აჯობა და ჩემპიონი გახდა.
78-ში მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა ამერიკელი კაილა ჰარისონი, რაც მისთვის დიდი წარმატებაა.

დღეს ტოკიოში ვაჟებში 90 და 81 კგ წონის ფალავნები იჭიდავებენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვალერი ლიპარტელიანი (90) ინდოელ საჰილ პატანიას ხვდება, ამათში მოგებულის მეტოქე კი ბრიტანელი ვინსტონ გორდონისა და ტაილანდელი ვუტიკრაი სრისოპრარის შეხვედრაში გაირკვევა. მინდია ბოდაველი ბრიტანელ მაიკლ ჰორლის ეჭიდავება, სავარაუდო მეტოქე კი ბერძენ ოლიმპიურ ჩემპიონ ილიას ილიადისისა და სერბ ნიკოლა მილოშევიჩის წყვილშია საძებნი.

ლევან წიკლაური (81) პირველ შეხვედრას ამერიკელ ტრევის სტევენსთან ჩაატარებს, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში შვეიცარიელი მიშა ეგერი ელოდება. ამავე წონაში გრიგოლ შინჯიკაშვილი აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამადლის ხვდება.

კვარცხლბეკი
ვაჟები.
100 კგ: 1. ტაკამასა ანაი (იაპონია), 2. ჰენკ ხროლი (ჰოლანდია), 3. ორეიდის დესპანიე (კუბა), ტიერი ფაბრი (საფრანგეთი).
+100 კგ: 1. ტედი რინერი (საფრანგეთი), 2. ანდრეას ტოლცერი (გერმანია), 3. ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე), მატიე ბატე (საფრანგეთი).
ქალები. 78 კგ: 1. კაილა ჰარისონი (აშშ), 2. მაირა აგუიარი (ბრაზილია), 3. ხიულ იანგი (ჩინეთი), აკარი ოგატა (იაპონია).
+78 კგ: 1. მიკა სუგიმოტო (იაპონია), 2. ქიან ქინი (ჩინეთი), 3. მაკი ცუკადა (იაპონია), იდალის ორტისი (კუბა).



მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰჰჰ, სამწუხაროდ ქართველების 99%-სთვის დაგვიანება ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მოვლენაა...
giorgi
11:25 10-09-2010
0
მე რატომღაც მგონია, რომ ჩვენი სპორტსმენი ფულზე გაიყიდა!!!
აბა ვნახოთ, როგორ განაგრძობს თავის ცხოვრებას და რა შემოსავალით?!....
lalita
16:23 10-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული