შეგახსენებთ, რომ ჩვენები იაპონიაში თებერვლის ბოლოს გაემგზავრნენ. ნაკრების ავსტრიელმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა იქ 14 ძიუდოისტი წაიყვანა: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (ორივე - 90), ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი, ლევან მატიაშვილი (სამივე - +100), რომლებსაც მოგვიანებით ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური (ორივე - 81)
გუნდი ტოკიოში თავდაპირველად იაპონიის ნაკრებთან ერთად ემზადებოდა, მოგვიანებით კი ერთობლივ შეკრებაზე გადაინაცვლა, სადაც წამყვანი ევროპული ქვეყნები - საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია და სხვებიც მონაწილეობდნენ, თანაც - უძლიერესი შემადგენლობებით. მაგალითისთვის, ფრანგთაგან მძიმეწონიანი ტედი რინერიც ვარჯიშობდა.
წინასწარი შეთანხმებით, ჩვენებს სეულში მასპინძელთა მთავარ ნაკრებთან ერთად ერთი კვირა უნდა ევარჯიშათ, თუმცა კორეელთა პრობლემების გამო შესაძლოა, ეს ვადა 1-2 დღით შემცირდეს. ეს საკითხი ადგილზე გადაწყდება. ამ შეკრების დამთავრების შემდეგ კი გუნდი თბილისში დაბრუნდება, აქ რამდენიმე დღე დარჩება და მერე გერმანიაში გადაფრინდება შეკრებაზე, იქიდან - მონღოლეთში, საიდანაც ისევ საქართველოში გადმოფრინდება და აქ გაივლის ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას. მისი დასრულებისთანავე კი ჩელიაბინსკში გადაფრინდება კონტინენტის პირველობაზე.
მოკლედ, ზაიზენბახერს თავი მიკლუხო-მაკლაი ან ფერნანდო მაგელანი ჰგონია, თორემ კორეიდან პირდაპირ გადასულიყვნენ მონღოლეთში და მერე წამოსულიყვნენ გინდ გერმანიაში, გინდ - საქართველოში. ახლა გუნდს ისევ ევრაზიის კონტინენტის გარშემო მოგზაურობა მოუწევს. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა ბოლო სალიცენზიო ტურნირია. ჩვენს ნაკრებს 6 საგზური უკვე განაღდებული აქვს.
ერთადერთი წონა, სადაც ლიცენზია ჯერ არ მოგვიპოვებია, 66 კილოგრამია, თუმცა იქაც დიდი შანსია, ევროპული კვოტით მივიღოთ საგზური. საამისოდ საჭიროა, შავდათუაშვილმა ლატვიელ დენის კოზლოვსზე მინიმუმ, ერთი წრით მეტი გაიაროს.
ცხადია, არის სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, ბევრის განსაზღვრა შეუძლია სხვა რეგიონების პირველობებს. დიდად ვართ დამოკიდებულნი ისრაელის ნაკრებზე და ასე განსაჯეთ, 73 კილოგრამში განვითარებულ მოვლენებზეც, მაგრამ ყველაზე რეალური გზაა, კოზლოვსს ვაჯობოთ და ჩვენი სიძლიერით დავიმსახუროთ ოლიმპიადაზე გამოსვლა.