ქართულ ძიუდოში ახალ თაობას ახლებურად ავარჯიშებენ

AutoSharing Option
2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ძიუდოს ფედერაციაც ემზადება, რომელმაც საგანგებოდ ჩამოაყალიბა 1999-2000 წლებში დაბადებულ მოზარდთა ნაკრები, რადგან სწორედ ამ ასაკის სპორტსმენებს მოუწევთ იქ ასპარეზობა.

ამჯერად ბიჭებთან ერთად გოგოების გუნდსაც დიდი ყურადღება ექცევა - ფესტივალის პროგრამაში ქალთა ძიუდოც შედის. ანალოგიურ ღონისძიებებში საქართველოს დელეგაციის საერთო მონაგარში ლომის წილი ძიუდოისტებზე მოდის, თუმცა მხოლოდ - ბიჭებზე, რადგან გოგოების ნაკრები არც გვყავდა. ამიტომ სტრატეგიულ მიმართულებად ამ გუნდის შექმნაც დაისახა, რამაც პირველი დადებითი შედეგები უკვე მოგვცა.

ზემოაღნიშნული ასაკის ბიჭების გუნდის მთავარ მწვრთნელად ახლო
წარსულის სახელოვანი ფალავანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ნესტორ ხერგიანი დაინიშნა, რომელსაც ბიძინა მოხევიშვილი დაეხმარება.

გოგოების ნაკრები ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ისევ თამაზ კარიაულს ჩააბარეს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც ქალთა ნაკრებში მუშაობდა.

ამჯერად მას გიგა ბოჭოიძე ეხმარება. ამ ორივე გუნდის კოორდინატორად ევროპის ჩემპიონი ირაკლი უზნაძე დაინიშნა, რომელიც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ის შემოდგომაზე შეუდგა მუშაობას, როცა ამ ასაკში საქართველოს პირველობა ჩატარდა, თუმცა მხოლოდ - ბიჭებში, რომლებმაც მერე დუშეთში შეკრებაც გაიარეს. ქვეყნის ჩემპიონატი ამ უქმეებზეც ჩატარდა ძიუდოს აკადემიაში, სადაც უკვე გოგოებმაც იჭიდავეს და დამაიმედებელი სურათიც დავინახეთ. ირაკლი უზნაძესაც ამ ტურნირის შემდეგ გავესაუბრეთ.

- რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ საქართველოს ჩემპიონატმა, დამაკმაყოფილებელია აქ ნანახი სურათი?
- დავიწყოთ იმით, რომ ამ ასაკში ასეთი დონის პირველობა ნოვაციაა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ისტორიაში. ასეთი ასაკი აქამდე არც ყოფილა ცალკე გამოყოფილი და არც ნაკრები გვყოლია. ეს გუნდის შექმნის პირველი ეტაპია, რაც დადებითად უნდა შევაფასოთ. მსგავსი ტურნირები იმის გარანტიაა, რომ ნიჭიერი სპორტსმენები ადრეული ასაკიდანვე აღმოვაჩინოთ, რათა დასახულ კონკრეტულ შეჯიბრებაზე წარმატებით გამოვიდეთ.

- ამ ასაკის ბავშვებს, ძირითადად, იცნობთ, მაგრამ ახალი სახეები სხვებიც ხომ არ გამოჩნდნენ?
- კი, იყვნენ ახლებიც. ეს ისეთი ასაკია, ძალიან დინამიკური საკადრო ცვლილებები რომ ხდება. დეკემბერში ბიჭებში უკვე ჩატარდა საქართველოს პირველობა, თუმცა ახლანდელი იმით გამოირჩეოდა, რომ მასში გოგოებიც მონაწილეობდნენ. ამიტომ ვთქვი ზევით, ამ დონის ტურნირი არ ჩატარებულა-მეთქი.

- გოგოების ძიუდოში რა ხდება, ხედავთ პროგრესს?
- სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქალთა ძიუდოში ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა მათთანაც იცვლება და საგრძნობი პროგრესია. აქაც გამოჩნდნენ ახალი კადრები, ნიჭიერი ბავშვები. იმედია, ისინი სამომავლოდ კიდევ უფრო მოუმატებენ.

მოგეხსენებათ, ადრე ქალთა ძიუდო ჩვენთანაც კარგად იყო განვითარებული და საკმაოდ ძლიერი სპორტსმენებიც გვყავდა, თუმცა მერე საერთო ძნელბედობიდან გამომდინარე, ეს სახეობა ჩაკვდა. ახლანდელი ჩავარდნის მთავარი მიზეზიც ესაა, თუმცა არის მენტალიტეტის პრობლემაც - საქართველოში ქალთა ჭიდაობა არაა პოპულარული. სხვათა შორის, ეს პრობლემა თურქეთშიც დგას, თუმცა იქ ასარჩევი კონტიგენტიც დიდია - ვარჯიშის იმდენი მსურველიდან ათიც რომ დარჩეს, ესეც შედეგია, ჩვენთან კი არჩევანში ბევრად შეზღუდულები ვართ.

- მასობრიობა დამაკმაყოფილებელია?
- ყველამ ნახა, ქვეყნის ჩემპიონატში რამდენი მონაწილეც გამოდიოდა. თან გაითვალისწინეთ, რომ მანამდე რეგიონების პირველობაც ჩატარდა და წონებში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იყო - 32-ზე მეტი ვერ დავუშვით. მისასალმებელია, რომ მათში პერსპექტიულიც ბევრია. ასეთი შეჯიბრებები გამორჩეულთა გამოვლენაში გვეხმარება. შეიძლება 11-12 წლის ასაკში მოზარდი ნიჭიერი იყოს, მაგრამ 13-14 წლისა უკვე იკარგება. ასეთი ტურნირების შემდეგ ფედერაცია ჩაინიშნავს პერსპექტიულ მოზარდებს და მერე მათზე მიზანმიმართული მუშაობა მიდის.

- ამ ასაკის მოზარდებს ახლებური სტილით, შეცვლილი წესების შესაბამისად ავარჯიშებთ. თუმცა საინტერესოა, ისინი საკუთარ რაიონებშიც თუ ემზადებიან ამ სიახლეებით, რეგიონებში მომუშავე მწვრთნელები იცნობენ ახალ მოთხოვნებს?
- ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი რეგიონებში გასვლა და ამ სიახლეების გაცნობა, პრაქტიკაში დანერგვაა. უკვე დაწყებულია მუშაობა, რასაც უახლოეს მომავალში უფრო გავააქტიურებთ. რეგიონებში ახალ პროგრამას იქაურ მწვრთნელებსაც გავაცნობთ და თანდათან გადავალთ იმ მოთხოვნებზე, რაც საჭიროა ქართული ძიუდოს განვითარებისთვის. მათთან კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია, რადგან ვარსკვლავებით ძიუდოს მომარაგებაში რაიონებს დიდი როლი აკისრიათ. მათთან ამიტომაც აქტიურად ვთანამშრომლობთ მწვრთნელებიც და ფედერაციაც.

- ბავშვები რამდენად ითვისებენ ახალ სტილს? იქნებ ჯერ დიდი ხანი არც ვარჯიშობენ, მაგრამ რასაც ამ ტურნირზე ვუყურე, მაინც უფრო ძველებურად, ქართულად ჭიდაობენ და არა ჩავლებებით...
- ასეთ მცირე დროში ახალ სტილზე გადასვლა შეუძლებელია. ეს მანქანა არაა, მიმართულება უცებ შეუცვალო. ეს ეტაპობრივი პროცესია და მასზე თანდათან უნდა გადავიდეთ, თანაც ისე, რომ არც ქართული სტილი დაზარალდეს და არც ახალს ჩამოვრჩეთ. ეს ყველაფერი ერთმანეთში შერწყმული უნდა იყოს.

- ამას სტრუქტურული რეფორმაც სჭირდება, რაც ასევე დაწყებულია. როგორია მიმდინარეობის ტემპი?
- რადგან გოგოებიც და ბიჭებიც ფესტივალისთვის ემზადებიან, გეგმა უნდა იყოს ერთნაირი. მაისში 10-დღიან შეკრებას ვგეგმავთ, რასაც უცხოური ტურნირი მოჰყვება. იქიდან დავბრუნდებით და ივნისში დუშეთში უკვე საერთაშორისო საწვრთნელი კემპი და შეჯიბრება გაიმართება.

- ტურნირის შემადგენლობის წინასწარი მონაცემები თუა ცნობილი?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ძნელია, თუმცა გვინდა, რომ 10-15 ნაკრები გამოვიდეს. წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს და, იმედია, ჩანაფიქრი გამოგვივა კიდეც. მონაწილეთა შორის ევროპელებთან ერთად აუცილებლად იქნებიან აზიური გუნდები.

- დასასრულ, პირობებზეც ვთქვათ...
- ყველანაირად გვეხმარებიან, მაქსიმალურად კარგ პირობებს გვიქმნიან. უკვე გავიარეთ ერთი შეკრება დუშეთში, რომელმაც უმაღლეს დონეზე ჩაიარა. ეს ბავშვებსაც დაეტყოთ - დასაწყისიდან დასასრულამდე 100%-იანი წინსვლა იყო. კალენდარშიც ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული, რაც ამ ასაკში სჭირდებათ - გვაქვს ორი შეკრება, უცხოური შეჯიბრება და ორი შიდა სარეიტინგო ტურნირი. ერთი სიტყვით, კარგი პირობებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია რომ ყურადრების დონემ აიწია მარა რეგიონებში რო პრობლემებია იმაზე არავინ წერს, მწვრთვნელები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან და თვეში 180 დან 260 ლარამდე ხელფასს იღებენ ხელზე, ამიტომაც ბევრი პარალელურად სხვა საქმით ირჩენს თავს, რეგიონებში ბევრ მშობელს ვერ დაყავს ბავშვი რადგან გადასახადის ფული არ აქვთ.
და მთავარი პრობლემა, ასაკის გადაკეთება, რაზეც მშობლებში ყველა ტურნირის მსვლელობისას მიდის დავა
judo-fun
14:47 21-03-2012
0

სიახლეები პოპულარული