ნიკოლოზ შერაზადიშვილი - ქართველი ჩემპიონი ესპანეთიდან

AutoSharing Option
23 მარტს ესპანეთის ზღვისპირა კურორტ ფუენგიროლაში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასზე საქართველოს სახელით ესპანეთში მცხოვრები ორი ქართველი მოზარდიც გამოვიდა - ნიკოლოზ შერაზადიშვილი (81) და გელა ოთარაშვილი (+90).

უკეთ შერაზადიშვილმა იჭიდავა, რომელიც ვეტერანი ძიუდოისტის - ზაზა შერაზადიშვილის შვილია. მან ყველა მეტოქე დაამარცხა და პირველობა მოიპოვა.

პირველ წრეში ესპანელ ალექსის როსეს იუკოთი მოუგო, დანარჩენ შეხვედრებში კი ვაზარით იმარჯვა - მეოთხედფინალში იტალიელ მასიმო მანსინის, ნახევარფინალში ესპანელ ხოსე ანტონიო მარტი სალგედოს, ფინალში კი ისევ მასპინძელ ანტონიო როდრიგეს გომესს მოუგო.

ოთარაშვილმა ძირითად ბადეშიც და სანუგეშოშიც
პირველივე შეხვედრები წააგო - ჯერ ესპანელ დანიელ მონტესერინთან, მერე - პორტუგალიელ ფაუსტო ფერეირასთან.

ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ვარჯიში 2010 წელს თბილისში დაიწყო ვაჟა ბალხამიშვილთან. იმის მიუხედავად, რომ ობიექტური მიზეზით საქართველოს ჩემპიონატში თუ შიდა სარეიტინგო ტურნირებში ვერ მონაწილეობს (თუმცა პერიოდულად სავარჯიშოდ კი ჩამოდის თბილისში), საევროპო ნაკრებში მოხვედრის შანსს მაინც ინარჩუნებს, თუ უცხოურ შეჯიბრებებში თავს გამოიჩენს.

მას სპეციალისტები პერსპექტიულ მოზარდად მიიჩნევენ და ორი კვირის შემდეგ პორტუგალიაშიც იჭიდავებს. აქვე გეტყვით, რომ მას მხოლოდ გვარი აკავშირებს ამავე წონაში საქართველოს წლევანდელ მესამეპრიზიორ ბექა შერაზადიშვილთან.

წინა კვირას ამ ასაკის ნაკრებმა ანთალიაში იჭიდავა ასევე ევროპის თასზე, რომელიც ესპანურზე უფრო ძლიერი ტურნირი იყო. იქ ჩვენი გუნდი ძალიან კარგად გამოვიდა - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო (ამათგან ორი გოგოების ანგარიშზეა), ანუ ჯამში 14 მედალი მოიპოვა. თუმცა 81-ში არც ისე კარგი სურათი გამოჩნდა. აქ ჩვენების ანგარიშზე ერთი ბრინჯაო და ერთიც მეხუთე ადგილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული