ქართველი ჭაბუკების დიდი წარმატება კიევში - 14 მედალი!

AutoSharing Option
კიევში დასრულებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე დიდი წარმატებით გამოვიდა ჩვენი ნაკრები - 14 მედალი მოიპოვა. აქედან 2 ოქროა, 3 - ვერცხლი და 9 - ბრინჯაო.

ოქროს ერთი მედალი გოგონების მონაპოვარია, დანარჩენი - ბიჭებისა. გოგონებიდან ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი (57) გახდა, რომელმაც ოთხივე შეხვედრაში დიდი უპირატესობით იმარჯვა - ორი წმინდად მოიგო, ორიც - ვაზარით.

ბიჭებიდან ანალოგიურ წარმატებას ვანო ჩურჩხელაშვილმა (73) მიაღწია, რომელიც ადრე ქვედა წონაში გამოდიოდა. კიევში მან თავიდან ოთხი იპონი მიითვალა და მხოლოდ ფინალი მოიგო მინიმალური ანგარიშით, ორი გაფრთხილებით.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები
კობა მჭედლიშვილი
(60), გიორგი გველესიანი (90) და ზაზა გოჯიაშვილი (+90) გახდნენ; ბრინჯაოსმედალოსნები - ირაკლი კუპატაძე (50), ბექა ნათათრალიშვილი, გიორგი კაციაშვილი (ორივე - 55), ბექა უდესიანი (60), თამაზ კირაკოზაშვილი (73), გიორგი ქურდიანი, ნიკა მოველიძე (ორივე - 81), დავით რამაზაშვილი (90) და გიორგი ძებისაშვილი (+90).

კიევის ტურნირი ევროპულ თასებში მოწინავეთა შორის გადის - ის სხვებზე მეტ ქულებსაც იძლევა სარეიტინგოდ და წლეულსაც ტრადიციულად ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. ჩვენებურთა კარგი გამოსვლაც ამიტომ იძენს ორმაგ დატვირთვას. მით უფრო, რომ ორი კვირის წინ მათ ანთალიის კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირშიც წარმატებით იჭიდავეს და ასევე 14 მედალი მოიპოვეს.

კიევშიც, ძირითადად, თურქული შეჯიბრების მედალოსნებმა იასპარეზეს და, სავარაუდოდ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი თენაძე უკვე შეარჩევდა 22-24 ივნისს ჩერნოგორიულ ბარში ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას. მით უფრო, იქ წონაში ორ-ორი კაცის დაყენებაა შესაძლებელი. თუმცა არ გამოვრიცხავთ, ერთი-ორგან კონკურენცია საბოლოოდ მაისში გადაწყდეს ბერლინის ტურნირზე.

კიევში ფავორიტებმა, ძირითადად, გაამართლეს მწვრთნელთა იმედები. მათ შორის - ჯანაშვილმაც, რომელიც ანთალიაში მესამე იყო, თუმცა იმ შეჯიბრების შარშანდელი გამარჯვებულია. ახლა უკვე სავსებით დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სპეციალისტთა იმედების გამართლება მის პერსპექტიულობასთან დაკავშირებით მხოლოდ დროის ამბავია, ანუ საქართველოში ქალთა ძიუდო ძველ შედეგებს დაიბრუნებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული