სამწუხაროდ, ინტერნეტით მხოლოდ პირველი დღის შედეგები გავრცელდა, გუშინდელზე კი მხოლოდ ტექნიკური შედეგები შევიტყვეთ.
7 აპრილს ქართველებმა 2 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვეს, რასაც 8 აპრილს 3ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო დაუმატეს.
ამდენად, გიორგი გუგავას შეგირდები სამშობლოში ჯამში 5 ოქროთი, 1 ვერცხლით და 6 ბრინჯაოთი დაბრუნდებიან.
ტურნირის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (60), ფრიდონ გიგანი (73), თორნიკე ოთინაშვილი (90), გურამ თუშიშვილი (100) და ლევან მატიაშვილი (+100) გახდნენ; მეორეზე
55-ში ჩვენებურთაგან შეჯიბრება ყველაზე უკეთ გიორგი ნათათრალიშვილმა დაიწყო - ნახევარფინალში გავიდა; წონის ლიდერი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე კი მერვედფინალიდან გამოვარდა.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ორივე უმედლოდ დარჩა, კვარცხლბეკზე კი ძირითადი ტურნირიდან მათზე ბევრად ადრე გამოვარდნილი ღოლიჯაშვილი გავიდა. დამამშვიდებელი წრის ბოლო ორ შეხვედრაში მან თანაგუნდელები დაამარცხა - ჯერ გიორგი საჩალელს სძლია გაფრთხილებებით, მერე კი ასეთივე ანგარიშით ნათათრალიშვილსაც მოუგო.
ჭელიძემ სანუგეშოში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ისიც და ნათათრალიშვილიც ძირითად შეჯიბრებაში ერთსა და იმავე ფალავანთან, აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტ რასიმ ალმამადოვთან დამარცხდნენ.
მარგველაშვილი ნაკრების ძველი წევრია და გამოცდილიც. მას შარშანდელი სეზონი ჩაუვარდა, იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ტურნირებზე კარგად ჭიდაობდა, მაგრამ ევროპა-მსოფლიოზე დატვირთვას ვერ გაუძლო.
მუდანიაში მან ნახევარფინალში თანაგუნდელი ლუხუმ ჩხვიმიანი დაჯაბნა. არადა, იქამდე ჩხვიმიანი უფრო დამაჯერებელი ანგარიშებით მივიდა. მარგველაშვილისთვის ფინალი უმძიმესი გამოდგა - სომეხ არსენ ტოვმასიანთან ვაზარ-იუკოს აგებდა, მაგრამ ეყო შემართება და წმინდად დააგდო. ჩხვიმიანმა კი ტრავმა მიიღო თუ იმ წაგებამ გატეხა, ვერ გეტყვით, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაც დათმო თურქ აჰმეტ შაჰინ კაბასთან, რომელმაც მანამდე გიორგი გუგულაშვილსაც მოუგო.
66-ში ტუღუშმა და ბერუაშვილმა ზუსტად ერთნაირი გზა გაიარეს მედლამდე - ნახევარფინალში ერთად გავიდნენ, იქ ერთად წააგეს და მერე სანუგეშოს ფინალში ასევე წყვილად იმარჯვეს.
ამათგან ტუღუში უფრო გამოცდილია და ნახევარფინალამდეც უფრო დამაჯერებლად ის მივიდა - სამივე შეხვედრაში წმინდად იმარჯვა, ბერუაშვილმა კი ორში მიითვალა იპონი. ოღონდ იმ მესამეში ყველაზე სერიოზული მეტოქე ჰყავდა - სერბი ილია ციგანოვიჩი, რომელიც უფროსთა შეჯიბრებებშიც ხშირად გამოდის.
ოღონდ სერბს მერე დამამშვიდებლის ფინალში ტუღუშმაც აჯობა. ნახევარფინალში ბერუაშვილი მომავალ ფინალისტთან დამარცხდა - იტალიელ მატეო პირასთან, ტუღუში - აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ ჯალილ ჯალილოვთან.
ბერუაშვილმა ბრინჯაოს მედალი ბერძენ გეორგიოს აზოიდისს წაართვა. ამავე წონაში ურიგოდ არც ბექა ვიბლიანს უასპარეზია - მეშვიდეზე გავიდა.
გიგანიც ამ წონის შარშანდელი ლიდერია - ევროპაზეც და მსოფლიოზეც მესამეზე გავიდა. მუდანიაში ამ წონაში ქართული ფინალი ქართველმა ჩაშალა - იმ დროს, როცა ბადის ერთ მხარეს გიგანი იპონ-ვაზარებით მიიწევდა ფინალისკენ, მეორე მხარეს ასევე წმინდა მოგებებით მიმავალი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოსმედალოსანი ლევან გუგავა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი რევაზიშვილის შვილმა, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე რომან მასტოუპოლოსმა დაამარცხა. გიგანმა ფინალში რევანში მის მაგივრად იუკოთი აიღო.
სამწუხაროდ, 8 აპრილის შეხვედრებზე დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"