მოგეხსენებათ, იაპონია-კორეიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი გერმანიაში გადაფრინდა და წინა კვირა ბერლინში გაატარა ასევე ერთობლივ ვარჯიშებში, რომელშიც გერმანელები, ავსტრიელები და უნგრელები მონაწილეობდნენ.
მონღოლურ შეკრებაში ჩვენებს სპარინგ-პარტნიორობას მხოლოდ მასპინძელთა გუნდი უწევს, თუმცა მათი სიძლიერე საკამათო, ვფიქრობ, არავისთვისაა. ისინი კარგი ფიზიკური მომზადებითა და ეროვნული ჭიდაობის ელემენტებით შეზავებული ძალისმიერი, ცოტა უხეში სტილით გამოირჩევიან, რაც პირველივე ვარჯიშ
ულან ბატორში მიმდინარე ამ შეკრებაში ყველა ის 14 სპორტსმენი იწრთობა, რომლებმაც გერმანიაში ივარჯიშეს: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).
ჩვენი გუნდის ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი ჯერ არ ასახელებს 26-28 აპრილს ჩელიაბინსკში გასამართ ევროპის პირველობაზე წასაყვან შემადგენლობას, თუმცა, რადგან მზადების ბოლო ეტაპებზე მონღოლეთში წაყვანილ თოთხმეტეულს დაატარებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპაზეც ეს შემადგენლობა გამოვა.
ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება 100 კილოგრამში მოხდეს, სადაც გასათვალისწინებელია მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის ფაქტორი - მას უახლოეს დღეებში გაუვა დისკვალიფიკაციის ვადა და ევროპირველობაზე გამოსვლის ნებასაც მიიღებს, მწვრთნელი შანსს თუ მისცემს. რაც მთავარია, თავად ზაიზენბახერმა შეცვალა მიდგომა და რაც უფრო ახლოვდება კონტინენტის პირველობა, სულ უფრო ამცირებს ფიზიკურ დატვირთვებს.
გუნდი მონღოლეთიდან 18 აპრილს დაბრუნდება თბილისში, სადაც ხანმოკლე შეკრებას გაივლის, 24-ში კი რუსეთში გაემგზავრება. ცირეკიძეს სასჯელი 19-ში უმთავრდება და ამ ბოლო კვირის განმავლობაში შეეძლება გუნდთან ერთად ვარჯიში. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ბოლო სალიცენზიო ტურნირია, ხოლო ჩვენების ყულაბაში ამჟამად 6 საგზურია. ლიცენზია ჯერ მხოლოდ 66 კილოგრამში არ გაგვინაღდებია, თუმცა შავდათუაშვილს მისი მოპოვების ძალზე რეალური შანსი აქვს.
ამასობაში ევროპის ძიუდოს კავშირმა გამოაქვეყნა იმ მსაჯთა სია, რომლებიც ჩელიაბინსკში ევროპის ჩემპიონატს მოემსახურებიან. სიაში ერთი ქართველი არბიტრიცაა - A კატეგორიის საერთაშორისო მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე.
აღნიშნულ ტურნირს სულ 28 არბიტრი მოემსახურება, რომელთა უმეტესობაც სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს. ორ-ორი რეფერი მხოლოდ 6 ქვეყანას ჰყავს - რუსეთს, ბელგიას, საფრანგეთს, გერმანიას, უნგრეთს და ჰოლანდიას; დანარჩენებს - თითო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"