ძიუდოს ფედერაცია ახალ სემინარებს იწყებს

AutoSharing Option
დღეიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მორიგ სიახლეს იწყებს - რეგიონულ სემინარებს ბავშვთა მწვრთნელებისათვის, რომლებსაც თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ.

საბედნიეროდ, სასწავლო ტრენინგები ქართული ძიუდოსთვის უცხო უკვე აღარაა და ევროპული ფედერაციის ინსტრუქტორებიც კი ჩამოდიან თბილისში, მაგრამ რეგიონებში ასე მასობრივად და ასე ფართოდ გაშლილი სამუშაოები სიახლეა.

დედაქალაქში ჩამოსვლა ყველას არ შეუძლია, ადგილზე გამართულ მეცადინეობებში კი მსურველთა რაოდენობა შეუზღუდავია.

სემინარს 14-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები ჩაატარებენ, ამ ასაკის გუნდების კურატორ ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით. ისინი ყოველ რეგიონში 3 დღე დარჩებიან, ოღონდ ყოველდღე ახალ რაიონულ ცენტრში გადავლენ, რათა რაც შეიძლება
მეტი მონაწილე ჩაერთოს სწავლებაში.

ამ ნაბიჯის გადადგმა ახალი წესების შემოღებამ განაპირობა - მსმენელებს სწორედ სიახლეებზე ჩაუტარებენ ჯერ თეორიულ, მერე კი პრაქტიკულ მეცადინეობებს უშუალოდ ბავშვების მონაწილეობით. თან მოზარდებთან მუშაობასაც შეასწავლიან - როგორ გაანაწილონ დატვირთვები, როგორ დაგეგმონ ვარჯიშისა თუ დასვენების პერიოდი და სხვა...

ახალი სემინარი სტარტს დღეს კახეთიდან იღებს. ხვალ ახმეტაში გაიმართება პირველი სწავლება, ზეგ - გურჯაანში, ხუთშაბათს კი საგარეჯოში დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული