პეტერ ზაიზენბახერმა საევროპო შემადგენლობა გააცხადა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა 23 აპრილს ძიუდოს ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 26-29 აპრილს ჩელიაბინსკში გასამართ ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს.

ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).

როგორც ვხედავთ, ზაიზენბახერი სრულად იყენებს კვოტას და ჩელიაბინსკში მაქსიმალური რაოდენობა - 14 კაცი მიჰყავს. მწვრთნელს არც ექსპერიმენტებისთვის მიუმართავს
და იმ ფალავნებს დაეყრდნო, რომლებიც ბოლო მოსამზადებელ შეკრებებზე ჰყავდა წაყვანილი გერმანიასა და მონღოლეთში. იმ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა - 100 კილოგრამში ნოდარ მეტრეველის ნაცვლად ცირეკიძე შეიყვანა, რომელსაც უკვე დაუმთავრდა სამთვიანი დისკვალიფიკაცია.

მასთან დაკავშირებით ზაიზენბახერმა განაცხადა, რომ რადგან ცირეკიძეს დისკვალიფიკაციის პერიოდში ნაკრებთან ვარჯიშის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ვერც შეკრებებზე წაიყვანა, მაგრამ ის დამოუკიდებლად ვარჯიშობდა პირად მწვრთნელთან და საევროპოდ რაღაც დონეზე მომზადებული უნდა იყოსო. თან დასძინა, ოლიმპიადამდე საკმაო დროა და ის კიდევ მოასწრებს ფორმაში შესვლასო.

საოლიმპიადო პროგნოზზე საუბრისას ზაიზენბახერმა განაცხადა:

"შედეგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული - მომზადებაზე, წილისყრაზე და სხვა... კონკრეტულ სპორტსმენზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, მოიპოვებს თუ ვერა მედალს, ხოლო რა სინჯის იქნება ის ჯილდო, ამაზე ლაპარაკი ახლა შეუძლებელია.

ოლიმპიადა გამოცდილი სპორტსმენების ტურნირია, ჩვენი რამდენიმე ფალავანი კი ძალიან ახალგაზრდაა. შარშანდელთან შედარებით, მათ საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადეს, მაგრამ 20-21 წლის ბიჭები ოლიმპიადისთვის გამოუცდელები არიან".


უშუალოდ ევროპის პირველობისთვის მზადებაზე ზაიზენბახერმა შემდეგი განგვიცხადა:

"ბიჭები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები, რასაც გრძნობენ კიდეც. ჩვენი ბოლოდროინდელი ამოცანა იყო, ჩავსულიყავით წამყვან ქვეყნებში და მათი სტილი გაგვეცნო სპორტსმენებისთვის. ეს ასეც მოხდა და თავდაჯერებულებიც არიან. ბოლო ერთი თვე ფიზიკაზე მეტად ტექნიკურ და ტაქტიკურ მომზადებაზე ვიმუშავეთ".

ევროპის ჩემპიონატის პირველი სამი დღე - 26-28 აპრილი პირად პირველობას ეთმობა, 29-ში კი გუნდური შეჯიბრებაა, თუმცა ჩვენებს სპეციალურად მისთვის დამატებით არავინ მიჰყავთ, რასაც ზოგიერთი გუნდი აკეთებს. ზაიზენბახერი და მწვრთნელთა საბჭო გუნდურში მოჭიდავე ფალავნებს უშუალოდ ადგილზე აარჩევენ ზემოდასახელებული 14-ეულიდან. გუნდურში სულ ხუთი წონაა - არაა 60 კილოგრამი, ხოლო 90-ის ზევით სამივე წონა +90-ადაა გაერთიანებული.

28 აპრილს ქალთაგან 48, 52, 57-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, ვაჟთაგან - 60-66-ის ფალავნები, ანუ ეს დღე ჩვენთვის ორმაგად გამორჩეული იქნება, რადგან სწორედ მაშინ გადაწყდება, მოვიპოვებთ თუ ვერა მეშვიდე საგზურს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებაა, ჩვენებს კი საგზური განსამტკიცებელი 66-ში აქვთ. იქ შავდათუაშვილი ევროპულ კვოტაში შედის, მაგრამ საკუთრივ ევროპის და პარალელურად გასამართ პან-ამერიკისა და ოკეანიის პირველობებზე შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, ევროპაზე წარუმატებლობის შემთხვევაში ლიცენზია დავკარგოთ.

27 აპრილს ქალთაგან 63-70, ვაჟთაგან კი 73-81-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენებს კი 28-ში ვიხილავთ ტატამზე. ჩვენი ნაკრები 24 აპრილს საღამოს, 17 საათზე გაფრინდება ჩელიაბინსკში. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობას ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძეც მოემსახურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული