მწვრთნელთა სწავლება: სემინარი - დიდი მოტივაცია

AutoSharing Option
გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში 25 აპრილს დამთავრდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებული ერთობლივი თეორიულ-პრაქტიკული სემინარი ბავშვთა მწვრთნელებისთვის.

მის მონაწილეებს პირველი რვა დღის განმავლობაში თეორიული მეცადინეობები უტარდებოდათ, ერთი დღე პრაქტიკულ ვარჯიშებს დაეთმო, გუშინ კი ტესტირება ჩატარდა - დილით პრაქტიკაში, ნაშუადღევს - თეორიაში.

მისი შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ვინც წარმატებით გაივლის, სათანადო სერთიფიკატსაც მიიღებს. ტესტირების პრაქტიკულ ნაწილს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები დავით ნამგალაური და გია გალდავა დაესწრნენ.

სემინარს პროფესორი გურამ რატიშვილი
უძღვებოდა, რომლის თქმითაც, საქართველოში ამგვარი მეცადინეობა 1988 წლის შემდეგ არ გამართულა. ახლანდელ თეორიულ პროგრამაში 40-ამდე საკითხი შედიოდა და მწვრთნელებს ბავშვებთან მუშაობის აუცილებელ დეტალებს ასწავლიდნენ, მაგალითად, როგორ დაიგეგმოს არა მარტო სავარჯიშო, არამედ დასვენების, ძალების აღდგენის პროცესი.

სემინარის მონაწილენი რეგიონული პრინციპით შეარჩიეს - ყოველი რეგიონი საკუთარი შეხედულებით შერჩეულ ორ-ორ მწვრთნელს აგზავნიდა თბილისში, რომლებიც ამ ათი დღის განმავლობაში უფასოდ ცხოვრობდნენ დედაქალაქში საკმაოდ კომფორტულ პირობებში. დაფინანსებაზე კი სამინისტრომ იზრუნა.

კარგი იქნება, თუ ის სხვა ფედერაციებსაც დაავალებს ამგვარი მეცადინეობების ჩატარებას, რადგან ბავშვთა მწვრთნელებში, რბილად რომ ვთქვათ, მეტად არასახარბიელო ვითარებაა, განსაკუთრებით - რეგიონებში, სადაც ინფორმაციის სიმწირე დედაქალაქთან შედარებით ბევრად მეტია.

სპორტში და, განსაკუთრებით, მოზარდებთან მუშაობისას ძალზე ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რადგან საწვრთნელი პროცესი მხოლოდ ილეთების სწავლა არაა (თუმცა ხშირად ესეც საკითხავია, რამდენად სწორად ასწავლიან). ამის მაგალითად ამავე სემინარიდან თუნდაც ძალების აღდგენის, სარეაბილიტაციო პერიოდის, რამდენიმე წლის წინანდელი წარსულიდან კი ფეხბურთელ ლევან ყენიას მაგალითის გახსენებაც შეიძლება, რომელიც ესპანეთში სინჯებზე დაიწუნეს... არასწორი სირბილის გამო.

მსგავსი ნიუანსები ბევრია და ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მსგავსი სემინარების ჩასატარებლად ფედერაციებმა უფრო მეტად უნდა იაქტიურონ და სამინისტრომაც მეტი უნდა მოსთხოვოს მათ. მწვრთნელებში სწავლის მსურველი ბევრი გამოჩნდება, როგორც ამ შემთხვევაშია.

რატიშვილმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი მწვრთნელთა მაღალ მოტივაციას. "აქ, ძირითადად, რაიონებში მომუშავე მწვრთნელები არიან, რომლებსაც, საბედნიეროდ, ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ, კარგად ასრულებენ დავალებებს, ეს რვადღიანი კურსებიც კარგად გაიარეს. იმედია, ტესტებსაც ასევე კარგად ჩააბარებენ. აქ მწვრთნელთა ის ბირთვია წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს ნაკრებს შევსებას აძლევს და მათი შემართება ამიტომაცაა გასახარი" - გვითხრა რატიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული