ქართველ ძიუდოისტთა ორი ბრინჯაო ჩელიაბინსკიდან

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა ჩელიაბინსკში 26 აპრილს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში ორი ბრინჯაო მოიპოვა - კვარცხლბეკზე ამირან პაპინაშვილი (60) და ლაშა შავდათუაშვილი (66) ავიდნენ.

რაც მთავარია, გუნდმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი ამოცანა - მეშვიდე ლიცენზია მოიპოვა, რაც შავდათუაშვილმა გააკეთა, ანუ ლონდონის ოლიმპიადაზე სრულად დაკომპლექტებული ნაკრები გვეყოლება.

საოლიმპიადედ წელგამართულები არიან
რუსეთში წასვლამდე შავდათუაშვილი ისედაც შედიოდა ევროპისთვის განკუთვნილ ორკაციან რეგიონულ კვოტაში, მაგრამ ეს მაჩვენებელი იქ უნდა დაეცვა.

მართალია, სალიცენზიო სიაში მას ერთბაშად ორი ევროპელი უსწრებდა - ებრაელი გოლან პოლაცკი და ლატვიელი დენის კოზლოვსი, მაგრამ ისრაელის
ნაკრებიდან რეგიონული კვოტით საგზურს არა პოლაცკი, არამედ იოსებ ფალელაშვილი (73) იღებდა, როგორც მეტი ქულის პატრონი. კვოტირებით კი ქვეყანას მხოლოდ ერთი საგზური ეძლევა.

ამიტომ პოლაცკი არ შედიოდა სალიცენზიო ჩათვლაში - ის ამ უფლებას მხოლოდ მაშინ მოიპოვებდა, თუ ფალელაშვილს გადაასწრებდა. არც ძნელი ამოცანა ჩანდა - საამისოდ, მინიმუმ, მესამეზე უნდა გასულიყო, თორემ სხვა მაჩვენებელი სეზონის ხუთ საუკეთესო შედეგში არ ჩაეთვლებოდა.

აქედან გამომდინარე, ჩელიაბინსკში შავდათუაშვილს არც ისე ძნელი ამოცანა უნდა გადაეჭრა - როგორმე შეენარჩუნებინა ადგილი ორკაციან კვოტაში; ხოლო თუ კოზლოვსზე ერთი წრით მეტს მაინც გაივლიდა, თავი სულაც ქუდში ექნებოდა.

საბოლოოდ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა - პოლაცკიც ადრევე დამარცხდა, კოზლოვსიც და სხვა ევროპელებიც, რომლებსაც ჩვენებურთან მეტოქეობის მინიმალური შანსი ჯერ კიდევ ჰქონდათ. შავდათუაშვილმა ამ მედლით 72 ქულაც შეიმატა - 312 გაუხდა და რეგიონულ კვოტაში სულაც პირველ ადგილზე გადავიდა - ლატვიელსაც გაუსწრო და ებრაელსაც.

მას ვერც ევროპირველობის პარალელურად მიმდინარე პან-ამერიკის, ოკეანიისა და აზიის ჩემპიონატები დააკლებს რამეს - 22 კაცში ბოლო სამ ადგილზე არაევროპელები შედიან და იქაურებმა რომც შეაღწიონ 22-ში, იქიდან ევროპელებს ვერ გამოაგდებენ. თან ერთი ევროპელი რომც დააქვეითონ, ქართველი რეგიონულ კვოტაში მეორე ნომრად მაინც დარჩება, თუმცა ესეც უფრო თეორიული შანსია, ვიდრე - პრაქტიკული.

22 კაცში თუ ერთი ქვეყნიდან ორი ან მეტი მონაწილე ხვდება, მაშინ ოლიმპიელის დასახელება მწვრთნელის პრეროგატივაა, რადგან ამ შემთხვევაში საგზურს ფედერაცია იღებს და არა - სპორტსმენი. ოღონდ ის შემცვლელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს 22-ში. აი, რეგიონულ კვოტებში კი ლიცენზია სახელობითია - მას იმ კონკრეტულ სპორტსმენს აძლევენ, ვინც ქულებს დააგროვებს, რომელსაც ვერ შეცვლი.

ამდენად, უკვე შეიძლება დავასახელოთ ძიუდოისტთა ოლიმპიური გუნდის წევრები: შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90). დასახელებულთაგან ბოლო სამს ამ ეტაპზე კონკურენცია აღარ ემუქრება, რადგან ამ წონებში 22-ში სხვა არავინ გვყავს.

ტატალაშვილი ცხრილის ბოლო ნაწილშია, მაგრამ სასწაული უნდა მოხდეს, ეს ადგილი რომ დაკარგოს. ჭრიკიშვილის საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ დღეს ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ლევან წიკლაური სიურპრიზს შემოგვთავაზებს და 22-ში შეაღწევს. 60-ში, 100-სა და მძიმე წონაში ყველაფერი ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ ციკლში გაირკვევა.

ტრაქტორის არენაზე ტრაქტორივით დაიწყეს
ჩელიაბინსკის "ტრაქტორის" არენაზე დილის შეხვედრები ჩვენთვის კარგად დაიწყო - ოთხივე ქართველი მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი მხოლოდ პაპინაშვილმა იმარჯვა და ნახევარფინალსაც უწია. დანარჩენები დამარცხდნენ და სანუგეშოში გადაერთვნენ.

60 კგ
პაპინაშვილმა ქვეჯგუფში სამი წმინდა მოგება მიითვალა - სლოვენიელ მატიას ტრბოვიჩთან, ებრაელ არტიომ არშანსკისა და ჰოლანდიელ ჟეროენ მოორენთან. ნახევარფინალში ჩვენებური იპონით მომავალ ჩემპიონთან, რუს ბესლან მუდრანოვთან დამარცხდა, ვისთანაც მანამდეც წაეგო ერთი შეხვედრა - შარშან ამსტერდამის "დიდ პრიზზე".

პაპინაშვილი რაღაც უნიათოდ, ძალზე იოლად დაჰყვა ილეთზე. აი, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი მაგრად იომა ავსტრიელ ევროპის ჩემპიონთან, მსოფლიოსა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელ ლუდვიგ პაიშერთან, რომელიც პირწმინდად დაჩაგრა - სრულიად დამსახურებულად მიითვალა ორი ვაზარი და მორიგი წმინდა მოგება. პაპინაშვილს რამდენჯერმე მოუგია "დიდი პრიზის" ტურნირები, უჭიდავია პარიზის "დიდი მუზარადის ფინალში", მაგრამ ევროპული მედალი პირველად მოიპოვა.

ამ წონაში ურიგოდ არც ბეთქილ შუკვანი გამოსულა - მეშვიდეზე დარჩა, თუმცა სალიცენზიო დავაში კიდევ უფრო ჩამორჩა პაპინაშვილს. შუკვანმა პირველ შეხვედრაში ვაზარ-იუკოთი რუსთა სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაჯაბნა, მერე კი ესტონელი ელნურ ალიევი დაამარცხა.

მეოთხედფინალი მან სომეხ ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ჰოვანეს დავთიანთან დათმო, სანუგეშო წრეში კი პირველივე შეხვედრა წააგო პაიშერთან. არადა, რომ მოეგო, დამამშვიდებლის ფინალში პაპინაშვილს დაუპირისპირდებოდა.

საოლიმპიადედ მათი კონკურენცია მოსამზადებელ ციკლში გადაწყდება, თუმცა პაპინაშვილმა კიდევ უფრო გაზარდა ისედაც სოლიდური უპირატესობა - ქულებით აქამდეც ხომ სჯობდა და ახლა შედეგითაც აჯობა. ის ოლიმპიურ რეიტინგში კვლავაც მეხუთეა. თან გასათვალისწინებელია, რომ იოლად დაჯაბნა პაიშერი, ვისთანაც შუკვანი დამარცხდა.

66 კგ
შავდათუაშვილმა ბედის მიერ დადებული პირველივე სერიოზული ბარიერი წარმატებით გადალახა - სომეხი ევროპის ჩემპიონი და კონტინენტური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი არმენ ნაზარიანი გაფრთხილებებით დაამარცხა; უკრაინელ სერჰიუ დრებოტს წმინდად აჯობა; მეოთხედფინალში კი ძლიერ რუსთან, რეიტინგსიის მეორე ნომერთან და ევროპის სამგზის მედალოსან ალიმ გადანოვთან გაფრთხილებებით დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, მაინც საყურადღებო შედეგია, რადგან რუსმა ილეთი ვერ გაუკეთა და გაფრთხილებებით მოახსნევინა. თავის მხრივ, ხელებჩამოყრილი არც ჩვენებური ყოფილა და მსაჯს სამჯერ რუსიც დაასჯევინა. შავდათუაშვილმა სანუგეშოში ესპანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სუგოი ურიარტე დააიპონა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი სული ფრანგ დავიდ ლაროსესთან შეხვედრაში, როცა ჩამორჩენის მიუხედავად, არ გატყდა, ბოლომდე იბრძოლა და მიზანსაც მიაღწია.

თავიდან ფრანგი დაწინაურდა ცოტა საეჭვო იუკოთი, რაც ქართველმა დამთავრებამდე 30 წამით ადრე გაქვითა, თუმცა მანამდეც საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ფრანგს გასაქანი არ მისცა. მეტოქე არაერთხელ იმსახურებდა გაფრთხილებას, მაგრამ მსაჯმა მხოლოდ ერთხელ დასაჯა. სამაგიეროდ, დამატებით დროში შავდათუაშვილმა ეფექტური ვაზარი გაუკეთა და კონტინენტის სადებიუტო პირველობაში მედალი მოიპოვა.

შალვა ქარდავამ რუს კამილ ხან-მაგომედოვსა და აზერბაიჯანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ტარლან კარიმოვს ვაზარებით აჯობა, მერე კი მიყოლებით წააგო ზემოხსენებულ ლაროსესა და სლოვენიელ ევროპის მედალოსან როკ დრაკშიჩთან.

27 აპრილს "ტრაქტორის" არენაზე 73-სა და 81-ის ფალავნები იჭიდავებენ. წილისყრაში ტატალაშვილს დიდად არ გაუმართლა - პირველივე მეტოქედ 2009 წელს თბილისში ევროპის პირველობაზე გაჩემპიონებული უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკა ერგო.

მას თუ მოუგებს, ესტონელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ კინტერ როტბერგსა და იაპონური წარმოშობის ესპანელ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ კიოში უემაცუს შორის მოგებულს შეხვდება - ორივე ეს ფალავანი მისი კონკურენტია სალიცენზიო ჩათვლაში.

ზებედა რეხვიაშვილი (73) პირველად შვეიცარიელ დავიდ პაპოს შეერკინება, ხოლო თუ მოუგებს, ჰოლანდიელ ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ დექს ელმონტს დაეჭიდება.

ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) პირველად ბელარუს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალექსანდრ სტიაშენკას ხვდება, ვისაც წლეულს ორჯერ მოუგო თბილისსა და ავსტრიულ ობერვარტში. თუ ჩვენებური ბელარუსს გასცდება, აზერბაიჯანელ მსოფლიოს პრიზიორ ელხან რაჯაბლისა და სერბ ალექსეი ნეფედოვს შორის გამარჯვებულთან იჭიდავებს.

ჭრიკიშვილმა წლეულს თბილისში რაჯაბლისაც ბრწყინვალედ აჯობა, ჩელიაბინსკში კი მის ქვეჯგუფში ბრიტანელი ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი ეუან ბურტონიც მოხვდა. იქნებ თამამი პროგნოზი გამოგვდის, მაგრამ მას მაინცდამაინც ძლიერი მეტოქე არც ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ელოდება.

სამაგიეროდ, ამ წონაში საკმაოდ რთულ ჯგუფშია ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაური - პირველ წრეში უნგრელ ლასლო ჩოკნიაის კი ხვდება, მაგრამ ამავე ქვეჯგუფში არიან რუსი ევროპის ექსჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი, სლოვენიელი ევროპის პრიზიორი ალიაზ სედეჯი, ფრანგი ლოის პიეტრი და თურქი აჰმეტ სარი...

კვარცხლბეკი. ვაჟები
60 კგ. 1. ბესლან მუდრანოვი (რუსეთი), 2. ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი), 3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), ჟეროენ მოორენი (ჰოლანდია).
66 კგ. 1. ალიმ გადანოვი (რუსეთი), 2. ტომაშ კოვალსკი (პოლონეთი), 3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), როკ დრაკშიჩი (სლოვენია).
ქალები
48 კგ. 1. ალინა ალეხანდრა დუმიტრუ (რუმინეთი), 2. კარლინა ვან სნიცკი (ბელგია), 3. ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი), ლაეტიტია პაიეტი (საფრანგეთი).
52 კგ. 1. ანდრეა სტეფანია ჩიტუ (რუმინეთი), 2. ნატალია კუზიუტინა (რუსეთი), 3. მარეენ კრაენი, რომი ტარანგული (ორივე - გერმანია).
57 კგ. 1. ტელმა მონტეირო (პორტუგალია), 2. ლოულიეტა ბოუკუვალა (საბერძნეთი), 3. აუტომნე რავია (საფრანგეთი), მირიამ როპერი (გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული