ჭრიკიშვილმა ტურნირი ძლიერად დაიწყო და თავიდან ორი იპონი მიითვალა ნაცნობ მეტოქეებთან - ჯერ ბელარუსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ალექსანდრ სტიაშენკა ამ სეზონში უკვე მესამედ დასცა ბეჭებზე, მერე კი აზერბაიჯანელ მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ელხან რაჯაბლისაც იგივე დღე აყარა, ვისაც წელს, იანვარში თბილისის ტურნირის ნახევარფინალშიც აჯობა.
სამწუხაროდ, ჩვენებურმა კარგად აღებული ტემპი ვერ
სანუგეშო წრეში ქართველმა ძლიერი ფრანგი აქსელ კლერეს აშკარად აჯობა - ფიზიკურადაც დაჩაგრა და ტაქტიკურადაც. ჭრიკიშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და კარნახობდა ორთაბრძოლის მიმდინარეობას. ფრანგი ძალიან დაიღალა და ჭრიკიშვილიც უპრობლემოდ ინარჩუნებდა მართვის სადავეებს, ამ ყველაფრის შედეგად კი ლოგიკური იყო მსაჯის საქციელიც, რომელმაც კლერე ორჯერ გააფრთხილა. შეხვედრის მიწურულს ქართველმა ეფექტურად მოცელა ფრანგი და ვაზარიც მიითვალა.
ჭრიკიშვილს განსაკუთრებული საფრთხე თითქოს არც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ელოდა ლატვიელისგან - მასთან იქნებ იმხელა უპირატესობას არ ფლობდა, როგორსაც ფრანგთან, მაგრამ მაინც თვითონ დომინირებდა და წარმართავდა ორთაბრძოლას. თან ოვჩინიკოვსიც გვარიანად მოღალა და გააფრთხილებინა კიდეც, მაგრამ ზედ შეხვედრის ბოლო წამზე დამატებით დროზე ფიქრში მოდუნდა და მეტოქემ სავაზარე გდება ჩაუტარა.
მის წაგებას არ ვამართლებთ, მაგრამ დაახლოებით შეხვედრის შუაში ხელიც იტკინა და დარჩენილი დრო ლამის ცალხელამ იჭიდავა.
მთლიანობაში, ჭრიკიშვილს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და საოლიმპიადედ გარკვეული იმედები ისევ შეგვინარჩუნა. უბრალოდ, ისეთი საშულო დონის მეტოქეებთან არ უნდა აგებდეს, როგორებთანაც ახლა დამარცხდა. ის ჯერ 21 წლისაა და, ეტყობა, მაინც აკლია გამოცდილება, ილეთის გრძნობა, რაც წლებმა და ხშირმა სატურნირო პრაქტიკამ უნდა მოიტანოს.
ამავე წონაში ევროპის პრიზიორმა ლევან წიკლაურმა უნგრელ ლასლო ჩოკნიაის ვაზარით კი მოუგო, მაგრამ მეორე შეხვედრა ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოსთან ვაზარ-იპონით წააგო.
იმედად რეგიონული კვოტა
27 აპრილს ჩვენი გუნდიდან პირველი ნუგზარ ტატალაშვილი (73) გავარდა - პირველივე შეხვედრა დათმო მომავალ ფინალისტთან, უკრაინელ ევროპის ჩემპიონ ვოლოდიმირ სოროკასთან. დიდად ვერც ზებედა რეხვიაშვილმა ივაჟკაცა - უკრაინელ კონსტანტინ ანანჩენკოსთან მოგების შემდეგ ჰოლანდიელ მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონ დექს ელმონტთან დამარცხდა. ამ წაგებით ტატალაშვილი კინაღამ სალიცენზიო 22 კაციდან გავარდა, თუმცა რეგიონულ კვოტაში მაინც დარჩებოდა. თან, სავარაუდოდ, ლაშა შავდათუაშვილი (66) ჩელიაბინსკში მოპოვებული 72 ქულით თვითონ შევა 22-ში.
ტურნირის დაწყებამდე სასწაული ჩანდა ტატალაშვილის 22-იდან გამოვარდნა, მაგრამ სასწაული თუ არა, ფრიად მოულოდნელი და საეჭვო შედეგი მაინც ვიხილეთ - ბრინჯაოს მედალი ჩვენმა ებრაელმა თანამემამულე იოსებ ფალელაშვილმა მოიპოვა და ჩვენი საქმეც ამან გაართულა.
ამით მან 72 ქულა შეიმატა, 370 გაუხდა და 360-იან ტატალაშვილს გადაუსწრო. ამას ისიც დაემატა, რომ აზიის პირველობაზე ყაზახი რინატ იბრაგიმოვი მეშვიდეზე გავიდა და რეიტინგში სულ რაღაც 4 ქულას დაიმატებს, თუმცა ჩვენებურის გადასასწრებად ესეც ჰყოფნის - 361-ს აგროვებს.
ამ წუთისთვის ტატალაშვილი სალიცენზიო ზონაში 22-ე ადგილზე რჩება. მის წისქვილზე ისიც ასხამს წყალს, რომ ოკეანიის პირველობა 22-ის ახლოს მყოფმა ახალ ზელანდიელმა ვოო სუ ჩოიმ რომც მოიგოს, ქულებს ვერ შეიმატებს - ის ბოლო ორი წელიწადია, იქაურ ჩემპიონატში იმარჯვებს, მაგრამ ქულების განახევრება-განულებით იგივე მაჩვენებელი დაურჩება.
შაბათ-კვირის იმედად
დარჩენილი წონების წარმომადგენლები 28 აპრილს იასპარეზებენ და იმედია, ოქროს მედალსაც მოვიპოვებთ.
ვალერი ლიპარტელიანს (90) პირველ მეტოქედ ესპანელი ევროპის ჩემპიონი დავიდ ალარზა ერგო, რომელიც ადრე ხშირად დაუმარცხებია. ამ წყვილის მოგებული ბრიტანელ ევროპის მედალოსან ვინსტონ გორდონსა და პოლონელ კშიშტოფ ვეგლარცს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ქვეჯგუფის ფავორიტიც ეს ოთხეულია - აქედან გასული ნახევარფინალში შეგვიძლია დავიგულოთ.
ამავე წონაში ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის პირველი მეტოქე ის უკრაინული წარმოშობის სერბი დმიტრი გერასიმენკოა, ვისთანაც წლეულს თბილისში დამარცხდა.
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) მეორე წრეშია, სადაც სომეხ იაკობ არაქელიანსა და ლატვიელ იევგენიუს ბოროდავკოს შორის მოგებულს ელოდება. ამავე ჯგუფში არიან ბოსნიელი ევროპის მოქმედი ჩემპიონი ამელ მეკისი და 35 წლის ებრაელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი არიელ ზეევი, თუმცა თუ ცირეკიძე ფორმაშია და ის სამთვიანი დისკვალიფიკაცია ავბედითად არ დაეტყო მის მომზადებას, ჩვენებურს მათი დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.
ასევე მეორე წრეშია ლომერ ჟორჟოლიანიც (100) - ის პოლონელ რაფალ ფილეკსა და უნგრელ ბალინტ ფარკაშს შორის მოგებულს ელოდება.
ამ ჯგუფში ყველაზე საშიში ბელგიელი ევროპის ორგზის გამარჯვებული ელკო ფან დერ ხესტია, რომელსაც ჩვენებური მეოთხედფინალამდე არ ხვდება.
მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი ასევე მეორე წრეში იჭიდავებს რუმინელ გეორგე ვლადუტ სიმიონესკუსთან. ჩვენებურს ასცდა ძლიერი ჯგუფი - იქ ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი მსოფლიოს პრიზიორი მეთიუ ბატეა, დაუმარცხებელი კი არავინაა.
ზვიად ხანჯალიაშვილი ავსტრიელ დანიელ ალერსტოფერს ხვდება - ფალავანს, ვინაც შარშან ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალში ლევან მატიაშვილს მოუგო. რუსი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინიც ამ ჯგუფშია.
29 აპრილს გუნდური პირველობაა და იმედია, ჩვენები იქაც წარმატებით გამოვლენ.
კვარცხლბეკი.
ვაჟები
73 კგ. 1. უგო ლეგრანდი (საფრანგეთი), 2. ვოლოდიმირ სოროკა (უკრაინა), 3. დექს ელმონტი (ჰოლანდია), იოსებ ფალელაშვილი (ისრაელი).
81 კგ. 1. სირაზუდინ მაგომედოვი, 2. მურატ ხაბაჩიროვი (ორივე - რუსეთი), 3. ჟოაკიმ ბოტიო (ბელგია), კონსტანტინ ოვჩინიკოვსი (ლატვია), 5. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო).
ქალები
63 კგ. 1. გევრის ემანე (საფრანგეთი), 2. იარდენ გერბი, 3. ალისე შლეზინგერი (ორივე - ისრაელი), კლარის აგბეგნენოუ (საფრანგეთი).
70 კგ. 1. ედიტ ბოსხი (ჰოლანდია), 2. კატარინა კლიში (პოლონეთი), 3. ჟულიანა რობრა (შვეიცარია), რასა სრაკა (სლოვენია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"