ის ძირითად შეჯიბრებაში მესამე ადგილზე გავიდა, მერე კი უშუალოდ ლიცენზიისთვის გამართული დამატებითი შეხვედრაც მოუგო მეორე ბრინჯაოსმედალოსანს, უნგრელ მსოფლიოს ჩემპიონ ბალასც კისის.
ჯაბიძემ ყაზახი ზასულან სიდიკოვი და ყირგიზი აზატ ერკიმბაევი ძირითად დროში დაამარცხა - 4:0 და 3:0. მისი წინსვლა მეოთხედფინალში მომავალმა ჩემპიონმა, აზერბაიჯანელთა ქართველმა ევროპის პრიზიორმა შალვა გადაბაძემ შეაჩერა ასევე ორ პერიოდში. დამამშვიდებელში კი უზბეკ ევგენი აჩკასოვსა და ჩეხ ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავიდ ვალას ძირითადში აჯობა.
გეგეშიძემ თურქმენ ილიას ესენოვს და ბულგარელ ნიკოლაი ბაირიაკოვს ორ პერიოდში ჯამში 5:0, იაპონელ მასაიუკი ამანოს კი ასევე ძირითადში 3:0 მოუგო. ის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, ირანელ მსოფლიოს პრიზიორ ჰაბიბოლა აკლაგთან დამარცხდა დამატებითში - 3:2; 1:1; 0:3.
როგორც ხედავთ, გეგეშიძემ მეორე პერიოდი ბოლო ქულის გამო დათმო, რამაც შეხვედრა დამატებითში გადაიყვანა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ფრანგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან, ევროპის პრიზიორ მელონინ ნოუმონვისთან დამარცხდა.
მოულოდნელია ევროპის ჩემპიონ რევაზ ლაშხის (60) წარუმატებლობა - სომეხ არტურ მკრტიჩიანთან და ჩრდილოკორეელ კვანგ-ილ რისთან მოგებების შემდეგ (ორივესთან დამატებითი დრო დასჭირდა) ნორვეგიელ სტივ ანგე ბერგთან წააგო ისევ დამატებითში.
ლაშა გოგიტაძე (55) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა უზბეკ ელმურატ ტაშმურატოვთან.
ასე რომ, ნაკრებმა მესამე საგზური მოიპოვა, სხვებს კი ბოლო იმედად მომავალ უქმეებზე ჰელსინკში გასამართი დასკვნითი სალიცენზიო შეჯიბრება რჩებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"