კონტინენტის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდა, ლომერ ჟორჟოლიანი (100) მეორეზე გავიდა, ამირან პაპინაშვილმა (60) და ლაშა შავდათუაშვილმა (66) კი ბრინჯაოს მედლები ირგუნეს. გუნდურ ტურნირში ჩვენებმა წინასწარ ეტაპზე თურქები და ფრანგები დაამარცხეს, ფინალში კი რუსებს მოუგეს.
როგორც ადრე მომხდარა ხოლმე მსგავსი ტრიუმფისას, ძიუდოისტების
პირველი კომენტარიც მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ნამგალაურმა გააკეთა: "ვულოცავ ბიჭებს ამ წარმატებას და მომავალ ოლიმპიადაზეც ჯილდოებს ვუსურვებ. ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ეს ლოგიკური შედეგი სამომავლოდ დიდი სტიმულია და შეგვიძლია, ლონდონის თამაშებზე მედლები დავგეგმოთ.
ისიც სასიხარულო იყო, რომ რუსეთში ორჯერ მოვახერხეთ საქართველოს ჰიმნის აჟღერება. თან, გუნდურში რუსებთან დრამატულ ფინალში გავიმარჯვეთ. ვულოცავ ამას ყველას და დიდი იმედი მაქვს, ლონდონიდან კიდევ უფრო კარგი შედეგებით დავბრუნდებით, ვიდრე - პეკინიდან".
დამხვდურთა შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი შოთა ხაბარელიც იყო, რომელიც კომენტარს არ დაგვზარდა:
"ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და შედეგიც მიიღეს. განსაკუთრებით, ვალერი ლიპარტელიანის გამოსვლას გამოვყოფ, რომელმაც მაღალ დონეზე იასპარეზა.
ნიშანდობლივია, რომ მან მზადების ერთი ეტაპი ბაკურიანში გაიარა, რაც ეტყობოდა კიდეც მის გამოსვლას. ევროპის ეს პირველობა ოლიმპიადისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო და იქ ასეთი წარმატებით გამოსვლა თამაშებისთვის იმედს გვაძლევს.
ცხადია, ეს ორი ტურნირი ერთმანეთს არ შეედრება და ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ლონდონშიც ასეთი შედეგი იქნება, მაგრამ არაა გამორიცხული, იმავე ლიპარტელიანმა იქაც გაიმეოროს ახლანდელი მიღწევა".
ხელდამშვენებულნი...
ამასობაში სპორტსმენებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც წინ ლიპარტელიანი და გუნდურის თასით ხელდამშვენებული საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე მოუძღოდნენ. ევროპის ახალ ჩემპიონს, რომელმაც ევროპული ფინალი მესამე ცდაზე დასძლია, მამა - გურამ ლიპარტელიანი სვანური ქუდით დახვდა.
მამა ამ ქუდს, თურმე, 2009 წლიდან ინახავდა - შვილს მაშინ უმზადებდა დასახურავად, მაგრამ, მოგეხსენებათ, ის ფინალი ვალერიმ ბელარუს ანდრეი კაზუსიონაკთან წააგო. მამას კიდევ ერთხელ მოუხდა თილისმის კარადაში შენახვა, როცა შვილი 2010 წელსაც დამარცხდა ფინალში. ახლა კი დანავსული ქუდის გამოყენების დრო დადგა.
მშობლების გარდა, ჩემპიონს აეროპორტში დიშვილი - ნიკოლოზ შარაშიძეც ელოდა, რომელიც, თურმე, ოჯახის წევრთა თქმით, ბიძის ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ამ ჩემპიონატზე მის მიერ გაკეთებული ყველა ილეთი ზეპირად იცის.
ჟურნალისტებმა კომენტარისთვის თავდაპირველად ლიპარტელიანს მივმართეთ. როგორც იქნა, მან თავი დაიხსნა მიმლოცველთაგან და დაწვრილებით ისაუბრა ჩელიაბინსკში თავის გამოსვლაზე. "ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, სტატუსიდან და ჩატარების ადგილიდან გამომდინარე.
ნაკრებისთვისაც ფსიქოლოგიურად ძნელი შეჯიბრება იყო, თუმცა მაინც წარმატებით გამოვედით გუნდურშიც და პირადშიც, რასაც მთელ საქართველოს ვულოცავ.
ცოტა სტრესულიც კი იყო ეს ფინალი, რადგან ორჯერ მქონდა წაგებული, მაგრამ ამჯერად გაორმაგებული შემართებით ვჭიდაობდი - რუსეთში რუსს ვხვდებოდი ფინალში. საბედნიეროდ, ფსიქოლოგიური მომენტი იოლად გადავლახე. ადრე თუ თავი წინასწარვე მეგონა ჩემპიონი და ისე ვფიქრობდი, თითქოს საჭიდაოც აღარ მქონდა, ამჯერად სულ სხვანაირად იყო.
ალბათ, ამიტომ ვიჭიდავე უფრო დამაჯერებლად და მოვიპოვე სანუკვარი გამარჯვება. მოსამზადებელ ეტაპზე სავარჯიშო პროცესში ბევრი რამე შევცვალე, რამაც გაამართლა და რწმენაც შემმატა. დავინახე ჩემი მინუსები ჩავლებებთან, ახალ წესებთან ადაპტაციის თვალსაზრისით.
ვფიქრობ, ბევრი რამე გამოსწორდა, თუმცა კიდევ მეტია სამუშაო და ვიმედოვნებ, ოლიმპიადამდე ყველა ხარვეზს აღმოვფხვრი და იქ უკეთ მომზადებული ვიქნები. წაგვადგა ისიც, რომ ძალიან ბევრი ერთობლივი შეკრება გავიარეთ. თანაც, უამრავ სხვადასხვა სტილის სპორტსმენთან მომიწია შეხვედრა.
სხვათა შორის, პირადი პირველობის ფინალის წინ სულ ვფიქრობდი, რომ საქართველოში წავაგე ფინალი, ხოლო რუსეთში რუსთან უნდა მეჭიდავა და მინდოდა, იქ მოგებით გამებათილებინა პირველი მარცხით განცდილი სიმწარე. მინდა, ბიჭებს დიდი მადლობა გადავუხადო გუნდურ ტურნირში გამოჩენილი შემართების, თავდადებისა და ერთსულოვნებისთვის. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას" - გვითხრა ჩემპიონმა.
საოლიმპიადოდ ბევრია სამუშაო
ლომერ ჟორჟოლიანმა ზედიზედ მეორე ევროფინალი წააგო. ამიტომ გასაგებია, თავისი გამოსვლით ბოლომდე კმაყოფილი რომ არაა, თუმცა ოლიმპიური კონკურენციის გადასაჭრელად მაინც დიდი შედეგია. "ეს გადამწყვეტი შეჯიბრება იყო ჩემსა და ირაკლი ცირეკიძეს შორის.
ამიტომ ფსიქოლოგიურად რთული ტურნირი იყო, თუმცა ჯერ კიდევაა დარჩენილი შეჯიბრებები და საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელები მიიღებენ. ფინალში ებრაელ არიელ ზეევს ვხვდებოდი, რომელიც ძლიერიცაა და ბევრჯერაც გვიჭიდავია ერთმანეთში.
თავიდანვე ვფრთხილობდი, მაგრამ ამან არ გაამართლა. ცხადია, საოლიმპიადოდ ბევრია სამუშაო, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ოლიმპიადაზე წამსვლელს მწვრთნელები დაასახელებენ. ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არაა".
ბრინჯაოსმედალოსანთაგან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი მოვიხელთეთ, რომელმაც სადებიუტო ევროპირველობაზე მოიპოვა მედალი.
"ვფიქრობ, მეტიც შემეძლო და თუ ასე არ მოხდა, ეს ჩემი ბრალიცაა. თუმცა მეოთხედფინალში რუს ალიმ გადანოვთან შეხვედრაში მსაჯთა მიკერძოებაც იყო - ტურნირი რუსეთში ტარდებოდა და იქაურს დაუდგნენ გვერდში. ალბათ, სხვანაირად არც იქნებოდა. მასთან მოსაგებად განწყობილი გავედი. არ მქონია შიში, რომ მასპინძელს ვეჭიდავებოდი.
ზოგადად, ჩემი მომზადებით კმაყოფილი ვარ, კარგი შეკრებები გავიარეთ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ახალგაზრდებიდან სულ რაღაც ოთხი თვის წინ გადმოვედი დიდებში და ასეთ შედეგზე არც ვფიქრობდი. ვინმეს რომ ეთქვა, ასე მალე მედალს მოიპოვებო, არც დავიჯერებდი. ჩელიაბინსკში უფრო ლიცენზიისთვის მივდიოდი. საბედნიეროდ, ისიც მოვიპოვე - ძირითად 22 კაცში მოვხვდი, და მედალიც" - გვითხრა შავდათუაშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"